თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის დირექტორს, მრავალშვილიან დედას ირმა ცქიფაშვილს მეათე შვილის დაბადება და დედის დღე მიულოცა.
შუაფხოს საჯარო სკოლა, რომელსაც ირმა ცქიფაშვილი ხელმძღვანელობს, ერთადერთია, რომელიც თეთრი არაგვის, ე.წ. ბუდე-ფშავის მაღალმთიანი ხეობის სოფლებს ემსახურება. ამ მცირეკონტინგენტიან სკოლაში სულ 17 მოსწავლე სწავლობს და აქედან 6 ცქიფაშვილის შვილია. სკოლას მესამე წელია სასკოლო ავტობუსი ემსახურება. მანამდე მოსწავლეებს, რომლებიც მეზობელ სოფლებში ცხოვრობენ, რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უხდებოდათ.
„ეს არის გმირი ქალის ოჯახი, რომელიც პირადად ჩემთვის მაგალითია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრისთვის გმირი გახდება… ის თანამედროვე ქალის მაგალითია, რომელსაც ჰყავს დიდი ოჯახი და ამავე დროს წარმატებული კარიერა აქვს. ის სკოლის დირექტორია მრავალი წლის მანძილზე და მინდა ვთქვა, რომ სამუშაოს წარმატებით უძღვება“, — განაცხადა სანიკიძემ უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში.
დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.