ნატაშა თბილისიდან ბედნიერი გაემგზავრა — იხსენებს ცნობილი მსახიობის თბილისელი სიძე

© РИА Новости77 წლის ასაკში, მოსკოვში მძიმე ავადმყოფობის შედეგად ცნობილი მსახიობი, ნატალია კრაჩკოვსკაია გადაიცვალა.
77 წლის ასაკში, მოსკოვში მძიმე ავადმყოფობის შედეგად ცნობილი მსახიობი, ნატალია კრაჩკოვსკაია გადაიცვალა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მოსკოვში 77 წლის ასაკში ცნობილი მსახიობი ნატალია კრაჩკოვსკაია გადაიცვალა. იგი საბჭოთა კინოს ვარსკვლავი და ჭეშმარიტად სახალხო მსახიობი იყო. მაყურებელს თავი დაამახსოვრა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა "12 სკამი“, "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას“, "მხიარული პლანეტა“ და სხვ. სულ მან 80-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა.

ჩვენ დავუკავშირდით ნატალია კრაჩკოვსკაიას დის ოჯახს თბილისში და, ვინაიდან მისი და, ქალბატონი ირინა შეუძლოდ იყო, სიძეს, მოქანდაკე თამაზ შათირიშვილს გავესაუბრეთ.

— ბატონო თამაზ, მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა… 

— გმადლობთ, ნატაშა ჩემი მეუღლის და იყო, ახლა ის შეუძლოდაა, ძალიან ინერვიულა და წევს. ეს ამბავი ტელევიზიიდან შევიტყვეთ. ბოლოს ნატაშამ თბილისში 4 დღის წინ დაგვირეკა და გვთხოვა, რომ ჩემი უფროსი ქალიშვილი, მარინა მოსკოვში ჩასულიყო და მისთვის მოევლო. მას თავად ვაჟი ჰყავს. ბოლო დროს შუძლოდ იყო და ახლობლები უვლიდნენ. ჩვენ შვილის გამგზავრებაზე უარი არ გვითქვამს და ჩემმა გოგონამ დაიწყო კიდეც საბუთების შეგროვება, მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს რა პრობლემებთანაა დაკავშირებული და ვერ მოვასწარით. ნატაშას ტრანსპორტირება კი რთული იყო.

— ბატონო თამაზ, მათ ოჯახზე რას მოგვიყვებით?

— ვინაიდან ისინი თავადები იყვნენ, თავის დროზე რუსეთიდან რევოლუციას გაექცნენ. მათი ბაბუა პარიზში გაქცეულა. ამის შემდეგ ნატაშას მამა მოსკოვში დაოჯახდა და მათ ორი გოგონა შეეძინათ: ნატაშა და ჩემი მეუღლე, ირინა. მათი დედა მსახიობი იყო და კინოსტუდიაში მუშაობდა. ჩემს მეუღლესაც სურდა მსახიობობა, მაგრამ ომის დროს გაცივდა და ხმა ჩაეხლიჩა.

— როგორი იყო ყველასთვის საყვარელი მსახიობი ცხოვრებაში?

— ნატაშა კარგი, მეგობრული და კეთილი ქალი იყო, ყველას ეხმარებოდა რითიც შეეძლო. დები ერთმანეთს დიდი ხანი ვერ ხვდებოდნენ და პირველად რუსულ ტელეგადაცემაში,,ჟდი მენია“ შეხვდნენ ერთმანეთს. იქიდან მოყოლებული მათ შორის თბილი დამოკიდებულება აღდგა.

— თბილისში სად ცხოვრობდა მათი ოჯახი?

— პლეხანოვზე, 71 ნომერში, დეკასა და გორკის კლუბს შორის არსებულ ეზოში ცხოვრობდნენ.

— თქვენი მეუღლე მათ თბილისურ ბავშვობას ალბათ ხშირად იხსენებს.

— წარმოიდგინეთ, ბავშვობაში ნატაშა ძალიან გამხდარი გოგო ყოფილა და ბებია ბავშვს თურმე ძალით აჭმევდა, მოკლედ, გაძლიერებულ კვებაზე ჰყავდა. აი, იქიდან მოყოლებული დარჩა თურმე ასეთი მძიმეწონიანი. ჩემი მეუღლე არა სიმსუქნით, მაგრამ თავის დას ჰგავს.

— ბოლოს როდის იყო ჩამოსული ქალბატონი ნატალია თბილისში?

— ნატაშა ბოლოს 2 წლის წინ იყო თბილისში ჩვენთან ჩამოსული და ძალიან კარგად მივიღეთ. მან მოინახულა ბავშვობის ადგილები და ყველაფერი, რაც აინტარესებდა და ენატრებოდა. აქედან ბედნიერი გაემგზავრა…

ყველა ახალი ამბავი
0