საპარლამენტო არჩევნებამდე დრო ჯერ კიდევ არის და ყველაფერი მოესწრება… თუმცა, სულ უფრო და უფრო იგრძნობა შემოდგომის მაჯისცემა. რამდენიმე თვეში გაირკვევა, ამჯერად ვინ იქნება მრავალჯერ „გადაგდებული“ ხალხის რჩეული და მისი მთავარი ოპონენტი. „სალაყბოს“ მიღმა დარჩენილთა ვინაობაც მაშინვე გაცხადდება და დაიწყება ახალი პოლიტიკური სეზონი… ერთი სიტყვით, მთავარ კითხვებზე ოქტომბერ-ნოემბერში გვექნება პასუხი. თუმცა, მანამდე სხვა კითხვებიც არის და თანდათან ყოველ მათგანს ეცემა პასუხი. ასე იყო ახლაც, როცა შევიტყვეთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის სათავეში, ანუ პირველ ნომრად, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მოგვევლინება… დიახ, აი ასე! მანამ, სანამ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ შიდაკოალიციური კინკლაობით ერთობა და თავად მოკინკლავენი ამ კინკლაობაში წარმატებაზე ოცნებობენ, ოპოზიციური პოლიტიკური ველის ფორმალური ლიდერი უკვე პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს… გავრცელებულ ინფორმაციას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ადასტურებენ, თუმცა არც კატეგორიულად უარყოფენ… ახლა არ გამოვრიცხავ, მავანმა მითხრას, გაგონილ ჭორებს არ აჰყვეო და, ეგება, ვისმინო კიდეც, მაგრამ ხალხური სიბრძნე მახსენდება — უცეცხლოდ კვამლი არ არსებობს და… ამიტომაც ჩვენც შესაძლო ვარიანტები განვიხილოთ და დავუშვათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალობასთან ახლოა… რატომ სანდრა რულოვსი, ვინ შეიძლება იყოს იდეის ავტორი და არის თუ არა ეს იდეა კონსენსუსის შედეგი? რა არის ამ გზავნილის შინაარსი და რას მოუტანს „ნაცებს“ ყოფილი პირველი ლედი ახალ ამპლუაში?
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე: „სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ოდესის გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ საარჩევნოდ აუცილებელია პარტიის გადახალისება და ახალი სახეების მოზიდვა. ძნელია, არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას; თუმცა, ახალი სახეების მოზიდვის პრობლემა, თანაც ისეთების, რომელთაც საზოგადოებაც იცნობს და სიმპათიებითაც სარგებლობს, ყველა პოლიტიკური ძალის წინაშე დგას. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი განსაკუთრებით პრობლემატურია, რადგან მოსახლეობის დამოკიდებულება მათდამი კვლავაც ნეგატიური და აგრესიულია. შესაბამისად, ახლა „გარედან“ ვინმეს მოზიდვა, ფაქტიურად, გამორიცხულია და „ნაციონალები“ იძულებული არიან ახალი სახეები გუნდის შიგნით ეძებონ. არის მეორე პრობლემა — ლიდერის, ანუ სიის პირველი ნომრის! ვითარების გათვალისწინებით, გამომდინარე იქედან, რომ სანდრა რულოვსს საზოგადოება იცნობს და მისადმი არც აგრესიული დამოკიდებულება გააჩნია, სრულიად რეალურია, რომ მისი კანდიდატურა სიის პირველ ნომრად განიხილებოდეს. ამ იდეის ავტორი, სავარაუდოთ, ექს-პრეზიდენტია, თუმცა არა მგონია, რომ ამ იდეისთვის მას ულტიმატუმის ფორმა მიეცა და არც ის მგონია, რომ სრული კონსენსუსი და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იყოს…“
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომრის საკითხიც ჯერჯერობით ღიაა, ბუნებრივია, უმალ იბადება კითხვა, ვის ინტერესებში იყო ამგვარი ინფორმაციის გავრცელება და რა მიზანს ემსახურება ის, რამდენად სავარაუდოა, რომ გარკვეული ჯგუფი გადაწყვეტილების მიღებამდე ცდილობს საზოგადოების კონკრეტული ნაწილის რეაქციის გარკვევას.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე: „ცხადია, ინფორმაციის „გაჟონვა“ მიზანმიმართულად მოხდა. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორც ჩანს, აინტერესებთ, როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია; არც ისაა გამორიცხული, რომ ცდილობდნენ საზოგადოება თანდათან შეაჩვიონ იმ მოსაზრებას, რომ სიის პირველი ნომერი სანდრა რულოვსი იქნება…“
ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ნახელისუფლართა ერთი ჯგუფი არ, ან ვერ ახერხებს ოდესის გუბერნატორისგან დისტანცირებას და ახლა საინტერესოა, ამ ვითარებაში როგორია „ნაცების“ საარჩევნო პერსპექტივა და რა „ემუქრება“ მათ ფორმალურ ლიდერს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე: „ოდესის გუბერნატორისაგან დისტანცირება“ „ნაციონალებს“ მაშინ უნდა დაეწყოთ, როდესაც მან პრეზიდენტობის ვადა ამოწურა და საქართველო დატოვა. ახლა დისტანცირება ან მსგავსი განცხადებების გაკეთება მათთვის მხოლოდ წამგებიანი იქნება. ასე რომ, არჩევანი არა აქვთ და ეს საარჩევნო ციკლი მასთან ერთად უნდა ჩაატარონ. ყველასთვის ცხადია, რომ ვინც არ უნდა იყოს სიის პირველი ნომერი, ლიდერად კვლავაც მიხეილ სააკაშვილი რჩება! სანდრა რულოვსის პირველი ნომრობა, ერთი მხრივ, ამ ფაქტისადმი ხაზგსმაა, ხოლო მეორე მხრივ, პარტიაში ლიდერობისთვის დაპირისპირებას არჩევნებამდე გამორიცხავს. ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება პირველი ნომერი, ან როგორი იქნება ექს-პრეზიდენტის აქტიურობა საარჩევნო პერიოდში (ტელემიმართვებით თუ კლიპებით), „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა მაინც 200 000-ის ფარგლებში იქნება…“
გავრცელებული ინფორმაციით, სასტარტო ხუთეულიც გაირკვა — "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დავით ბაქრაძე და სერგო რატიანი, ადვოკატი ოთარ კახიძე, სამართალმცოდნე ზაზა ბიბილაშვილი, ნიკა მელია. იმასაც ამბობენ, რომ სიაში ვიხილავთ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მოიაზრებს. თვალში საცემია, რომ ხუთეულს მიღმა დარჩნენ გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი და ქართული პოლიტიკის სხვა „ვარსკვლავები“…
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე: „ძალიან მაღალი ალბათობით, სასტარტო ხუთეულიც მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული პრინციპითა და არსებული რესურსის გათვალისწინებითაა შერჩეული. ბუნებრივია, ახლა „ნაციონალები“ ცდილობენ ის ძველი სახეები, რომლებიც მათივე მმართველობასთან ასოცირდება, როგორმე „გადამალონ“, მაგრამ რამდენად მოახერხებენ ამას, საკითხავია. ისე, მიღებულ ხმათა რაოდენობაზე არც სიაში მათ ადგილმდებარეობას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა!..“
ვნახოთ, ყოფილი პირველი ლედი მოირგებს თუ არა მაისურს პირველი ნომრით და როგორი იქნება ნახელისუფლართა სასტარტო ხუთეული.