თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ეკონომისტის კობა გვენეტაძის კანდიდატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დაამტკიცა.
გვენეტაძეს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 25 თებერვალს ამოეწურა.
გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მთავარი ეკონომისტის თანამდებობაზე 2002 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა. ამჟამად ის „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია Galt and Taggart-ის ეკონომიკური მრჩეველია, რომელიც საინვესტიციო–საბანკო მომსახურებითა და ინვესტიციების მართვითაა დაკავებული.
საერთაშორისო სავალუტო ფონდამდე, 1994–1996 წლებში კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნულ ბანკში მთავარ ეკონომისტად მუშაობდა, 2000–2001 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2001–2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.