იან კელის ქართულის მასწავლებელი და მისი ცხოვრების ამერიკული ბილიკები

© ოჯახის ფოტოარქივიმაკა კვერენჩხილაძე
მაკა კვერენჩხილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩიკაგოში მცხოვრები ქართველი მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი მწერალი სამშობლოსგან მოშორებით გახდა. მის პოეზიასა და წიგნს ,,ბილიკები ამერიკისკენ“ მისი სულიერი მეგობარი, მსოფლიოში ფსიქიატრიის მამად წოდებული ჯოელ ელკესიც ეზიარა.

მაკა ჩიკაგოში კულტურული კავშირების კონსულტანტია და ამერიკაში იცნობენ როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის მცოდნეს. სწორედ ამიტომ სთხოვეს, რომ საქართველოში აშშ-ის დღევანდელი ელჩისთვის, ბატონ იან კელისთვის ქართული ენა და ტრადიციები უშუალოდ მას გაეცნო. 

– ქალბატონო მაკა, როგორია ქართველი მწერლის ცხოვრებისეული ბილიკები? 

— როცა საქართველოში ჩამოვდიოდი, ყველა მეკითხებოდა, რამ გადაგაწყვეტინა იქ ცხოვრებაო, ანალოგიურად იქაც აინტერესებდათ, სამშობლოსგან ასე შორს რატომ ვცხოვრობდი. დროთა განმავლობაში გარკვეული კითხვები დამიგროვდა და სწორედ მათზე პასუხები შევიდა ჩემ წიგნში, რომელიც ფაქტობრივად ერთ კვირაში დავწერე, რადგან სათქმელმა ერთბაშად ამოხეთქა. წიგნი დამაწერინა ყველაფერმა, რაც უცხო ქვეყანაში ცხოვრების დროს პირადად გადამხდა. ლიტერატურასთან კავშირი ოჯახიდან მაქვს, მამა ცნობილი მწერალი რეზო კვერენჩხილაძეა, ჩვენთან მას კარგად იცნობენ. 

© ოჯახის ფოტოარქივიმაკა კვერენჩხილაძე
მაკა კვერენჩხილაძე - Sputnik საქართველო
მაკა კვერენჩხილაძე

– თქვენ ჩიკაგოში კულტურული კავშირების კონსულტანტი ხართ, ამერიკის დღევანდელ ელჩს, იან კელის ქართული ენა და ტრადიციები უშუალოდ გააცანით, როგორ ჩაიარა,,ქართულმა გაკვეთილებმა“?

— საკმაოდ წარმატებით. მინდა გითხრათ, რომ ბატონ იან კელის მარტო ქართული ენა კი არ ვასწავლე, არამედ ქართული ტრადიციები და კულტურაც გავაცანი. მან იმდენად კარგად შეისწავლა ქართული ხასიათი, რომ შეიძლება ითქვას, გავაგურულე კიდეც!.. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ურთიერთობა მომიწია. ბოლო გაკვეთილზე მან და მისმა მეუღლემ სიურპრიზი მომიწყვეს. თურმე მათი გოგონა ჩამოსულა, რომელიც სამკაციან ანსამბლში სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ სიმღერებს მღერის, მათ შორის ქართულსაც. წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა?! გოგონას ვკითხე, რომელ სიმღერას მღერი-მეთქი?,,გიგინიო“ – მიპასუხა და სიმღერის ნოტები აღფრთოვანებულმა გამიშალა. მივხვდი, ეს იყო სიმღერა ღიღინი. სიმღერაში ასეთი სიტყვები იყო:,,დავლევ, აბა რას ვიზამ?“ უცებ ბატონი იანი ამბობს: ეს არ ყოფილა შრომის სიმღერა, ამ კაცს დალევა სდომებიაო. მე ავუხსენი, რომ ქართველი, შესაძლოა, შრომის დროსაც კი ღვინოს სვამდეს-მეთქი. გაირკვა, რომ ელჩის ქალიშვილს სხვა ქართული სიმღერებიც სცოდნია. მე ვუთხარი, მალე ალბათ საქართველოში კონცერტით ჩამოხვალ-მეთქი. გოგო უხერხულად შეიშმუშნა, ბატონმა იანმა კი შვილს აღფრთოვანებულმა მიმართა: რატომაც არა?! წარმოიდგინე, ყველა გაიგებს, რომ ამერიკის ელჩის ქალიშვილი ჩამოდის და ქართულ ხალხურ სიმღერებს იმღერებსო. იმ წამს ვიგრძენი, რომ ეს კაცი მართლა გავაგურულე! მან შეიცვალა თავისი ამერიკული მენტალიტეტი და თვალსა და ხელს შუა,,გაქართველდა“…

© ოჯახის ფოტოარქივიმაკა კვერენჩხილაძე ვაჟებთან ერთად
მაკა კვერენჩხილაძე ვაჟებთან ერთად - Sputnik საქართველო
მაკა კვერენჩხილაძე ვაჟებთან ერთად

– ქალბატონო მაკა, ვიცი, რომ ცნობილი ფსიქოლოგის, ჯოელ ელკესის სულიერი მეგობარი იყავით. გაიხსენეთ, როგორ გაიცანით ის?

— ის ჩიკაგოს გარეუბანში, ჩემ მეზობლად ცხოვრობდა და ორივე იახტ-კლუბის წევრები ვიყავით. სწორედ იქ მოხდა ჩვენი გაცნობა. ამ ადამიანმა ხატვა 75 წლის ასაკში დაიწყო. მისი შემოქმედება მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზს წარმოადგენდა. ერთხელ მითხრა, ადამიანის სულის მდგომარეობა მინდა დავხატოო. მაშინ მას ვაჩვენე ჩემი წიგნი, რომელსაც,,სულის სივრცეში“ ჰქვია და ვუთხარი, რომ ჩემი ლექსები ადამიანის სულის სამყაროს დახატვის მცდელობაა-მეთქი. უცებ ეს კაცი მიჩვენებს საკუთარი ნახატების სერიას, რომელიც ამავე თემაზეა. მსგავსება ორივემ აღმოვაჩინეთ: ჩემი წიგნის ყდაზე არსებული ნახატი ჯოელის ნახატის მსგავსი ფერებითა და შტრიხებით იყო შესრულებული… 

– როგორია თქვენი დიდი ამერიკული ოჯახი, როგორც ვიცი, სამი ულამაზესი ქართველი პრინცი გყავთ?

— ჩემი ოჯახი დიდი და საქმიანია. მეუღლე, ტომი მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯანდაცვის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია. მყავს სამი ბიჭი: ტყუპები სანდრო და ლევანი და ნიკა. ბიჭები სწავლის პარალელურად მუშაობენ, სწავლის, ბინის ქირის, საჭმლისა და ჩაცმის ფულზე თავად ზრუნავენ. 

© ოჯახის ფოტოარქივიმაკა კვერენჩხილაძე ოჯახთან ერთად
მაკა კვერენჩხილაძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
მაკა კვერენჩხილაძე ოჯახთან ერთად

– ქალბატონო მაკა, თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც ცხოვრებას ნახევრად სავსე ბოთლის რაკურსით უყურებს…

— საბედნიეროდ, ასეა — ოპტიმისტი ვარ და ძალიან მიყვარს სიცოცხლე. მთავარია, ადამიანმა ხელები არ ჩამოუშვას და დაიჯეროს, რომ ყველაფერი მოგვარდება. დილას,,რეგთაიმის“ მუსიკის ფონზე ვიწყებ და ეს განწყობას მიმაღლებს. მიმაჩნია, რომ დროა, ქართველებმა ჩვენი გრძნობები გავანიავოთ და უარყოფითი ემოციებისგან დავიცალოთ, სამზეოზე სიკეთე და ღირსება გამოვიტანოთ და ერთმანეთს უფრო დავუახლოვდეთ. მჯერა, სიყვარული ჩვენს ქვეყანას სინამდვილეში გადაარჩენს…


ყველა ახალი ამბავი
0