ვახტანგ ძაბირაძე: ხელისუფლების გარკვეული ნაწილი ლარის კურსის მდგომარეობას როგორც გარე ფაქტორებს, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აბრალებდა. ცხადია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარე ფაქტორებს, მით უმეტეს, ისეთი ეკონომიკისთვის, როგორიც ჩვენ გვაქვს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობისგან თავისუფალია. როდესაც ლაპარაკია ლარის კურსის ვარდნაზე, ხელისუფლებას ხომ უნდა სცოდნოდა, რომ დოლარიზაცია ქვეყანაში ძალიან მაღალ ნიშნულზე იყო?! ისიც უნდა სცოდნოდა, რა პროცესები მიდის მსოფლიოში და ისიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ რამდენიმე წლის წინ იყო ძალიან დიდი კრიზისი. ხელისუფლებას დროზე უნდა მიეღო შესაბამისი ზომები. დღეს რომ დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი არ იყოს, ლარის ინფლაცია ჩვენი მოსახლეობისთვის ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა. ამაში ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, თავისი პასუხისმგებლობა ეკისრება.
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ახსენეთ, მას რა როლი მიუძღვის ამ პროცესებში?
— მგონია, რომ გარკვეულ ეტაპებზე, როდესაც ლარის კურის ვარდნა დაიწყო, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვები დაგვიანებული იყო. ეროვნულ ბანკს ცოტა ადრე რომ დაეწყო ეს პროცესი, უფრო ეფექტური იქნებოდა. როდესაც პროცესი წავა და აჟიოტაჟი ატყდება, პროცესის დარეგულირებას გაორმაგებული რესურსი სჭირდება.
— ნავთობის ფასი სულ უფრო იკლებს. ეს პროცესი რა გავლენას ახდენს ჩვენ ეკონომიკაზე?
— უნდა ვთქვა, რომ ნავთობის ფასის დაცემამ გარკვეულწილად გვიშველა. განახევრებული ფასის პირობებში იმდენი ვალუტა აღარ გაედინება, რაც გაედინებოდა ნავთობპროდუქტების შესაძენად. მეორე საკითხია ის, რომ მაინც დამოკიდებული ვართ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. ლარის მეტ-ნაკლები გამყარება ამ პროცესებზეა მიბმული.
- რა პროგნოზები გაქვთ, შეძლებს თუ არა ხელისუფლება ვითარების გამოსწორებას?
— პრემიერ-მინისტრს საინტერესო ინიციატივები აქვს ამ მიმართულებით. ავიღოთ თუნდაც ესტონური მოდელი. მაგრამ როდესაც ესტონეთიდან გადმოგვაქვს მეთოდები, ეკონომიკური პროცესის გაუმჯობესებას პოლიტიკური პროცესი სჭირდება. პოლიტიკურმა პროცესმა თუ არ შეამზადა ნიადაგი, ეს გადმოტანილი გეგმა დამახინჯდება, სხვა ველში მოხვდება და დეფორმაციას მიიღებს. ამიტომ ესტონური მოდელი იმუშავებს, თუ ჩვენი სახელმწიფო მოწყობა რაღაცნაირად მიუახლოვდება ესტონურს.
ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილმა თავისთავად შეცვალა არა მარტო რიტორიკა და საზოგადოებისადმი დამოკიდებულება, არამედ თითქოს უფრო საქმიანი გახდა ხელისუფლება. შესაძლოა, რომ გარკვეული პოზიტიური მოლოდინები გვქონდეს.