3 მარტიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერა გაიმართება:
„გაუმარჯოს კეისარს!“ (Hail, Caesar!) — ეს რეჟისორების ჯოელ და ითან კოენების კომედიური ფილმია, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ ქრება 1950-იან წლებში პირდაპირ გადასაღები მოედნიდან ფილმის „გაუმარჯოს კეისარს!“ მთავარი გმირის როლის შემსრულებელი. არც ცოლმა და არც მრავალრიცხოვანმა საყვარლებმა მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან. მალე ბოროტმოქმედები, რომლებიც თავს „მომავალს“ უწოდებენ, მსახიობის გამოსასყიდად 100 ათასი აშშ დოლარს ითხოვენ. და ედი მენიქსმა, რომელიც ჰოლივუდში ვარსკვლავების მრავალრიცხოვან პრობლემებს წყვეტს, კეისარი რეპორტიორებზე ადრე უნდა იპოვოს. კომედიაში თამაშობენ ჯოშ ბროლინი, ჯორჯ კლუნი, სკარლეტ იოჰანსონი, ჩენინგ ტეიტუმი, ტილდა სუინტონი და რალფ ფაინსი.
„სამი ცხრიანი“ (Triple 9) — რეჟისორ ჯონ ჰილკოუტის კრიმინალური დრამაა, რომელიც დამნაშავეთა ჯგუფისა და კორუმპირებული პოლიციელების შესახებ გვიამბობს. მათ სერიოზული პრობლემა უჩნდებათ: რუსული მაფია მათგან პრაქტიკულად შეუძლებელი ძარცვის განხორციელებას მოითხოვს. ისინი ორ გუნდად დაყოფას გადაწყვეტენ. იმ დროს, როდესაც ერთი ბანდა ძარცვავს, მეორეს ალიბისთვის ერთ-ერთი თავისიანის მოშორება მოუწევს… ტრილერში მთავარ როლებს კეიტ უინსლეტი, კეისი აფლეკი, ნორმან რიდუსი, აარონ პოლი და ვუდი ჰარელსონი ასრულებენ.
ანიმაციური სურათი Zootopia — ეს არის ისტორია სხვადასხვა ცხოველებით დასახლებულ თანამედროვე ქალაქზე — უზარმაზარი სპილოებით დაწყებული ნამცეცა თაგვებით დამთავრებული. ცხოველების ქალაქი რაიონებად არის დაყოფილი, რაც სრულად იმეორებს ცხოველთა ბუნებრივ გარემოს — აქ არის ელიტური რაიონიც — „საჰარის მოედანი“ და უსიამოვნო „ტუნდრათაუნიც“. ერთხელაც პოლიციის ახალ ოფიცერს, მხიარულ ჯუდი ჰოპსსა და მის ყბედ პარტნიორს, გაქნილ ნიკ უაილდს რთული საქმის გახსნა მოუწევთ, რომელზეც მთელი ქალაქის ბედია დამოკიდებული.
გასულ კვირაში ქართულ კინოგაქირავებაში გამოვიდა: ფრანგული დრამა „ჩემი მეფე“ (Mon roi), რომელშიც მთავარ როლს ვენსან კასელი ასრულებს; სათავგადასავლო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმი „ეგვიპტის ღმერთები“ (Gods of Egypt) ჟერარ ბატლერის, ჯეფრი რაშისა და ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს მონაწილეობით; მულტფილმი „ბუმბულიანი ბანდა“ (El Americano: The Movie) 3D ფორმატში და მისტიკური ფილმი „კარის მეორე მხარეს“ (The other side of the door).
უკვე თბილისის კინოთეატრებშია ასევე კინოკომედია „ზულენდერ 2“ (Zoolander 2), საშინელებათა ექშენ-ფილმი „სიამაყე და ცრურწმენა და ზომბი“ (Pride and Prejudice and Zombies) და „ლაჟვარდოვანი ნაპირი“ (By the Sea) პიტი-ჯოლის ვარსკვლავური წყვილის მონაწილეობით.
თბილისის კინოთეატრებში კვლავ გრძელდება კრისტიან დიტერის კომედიის „აქტიურ ძებნაში“ (How to Be Single), ტიმ მილერის კომედიურ-ფანტასტიკური ბოევიკის „დედპულის“ (Deadpool), მელოდრამის „რომაული პაემნების“ (All Roads Lead to Rome), პაროდიის „შავის ორმოცდაათი ელფერისა“ (Fifty Shades of Black) და საშინელებათა ფილმის „თოჯინა“ (The Boy) ჩვენება.
ამ უქმეებზე დედაქალაქის კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ „გადარჩენილი“, რომელშიც ლეონარდო დი კაპრიომ მთავარი როლი შეასრულა და ამისთვის წელს „ოსკარიც“ მიიღო; ასევე კინოაკედემიის „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში გამარჯვებული – ტრილერი „ყურადღების ცენტრში“, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ ამხილეს გაზეთ Boston Globe-ის ჟურნალისტებმა პედოფილიის შემთხვევები კათოლიკურ ეკლესიაში.
კინო ბავშვებისთვის — ანიმაციური „კუნგ-ფუ პანდა 3“ (Kung Fu Panda 3) ოსტატ პოს ახალი თავგადასავლების შესახებ და „ელვინი და თახვები“.
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!