საქართველოს მინისტრთა კაბინეტში, რომლის შემადგენლობაშიც 20 უწყების პირველი პირი შედის, ძირითადად, ძაღლის წელს დაბადებულები სჭარბობენ — ოთხი მინისტრი. მათ შემდეგ კი ცხენის და თხის წელს დაბადებულები მოდიან. Sputnik-ის საშუალებით გაიგეთ, რას ამბობენ ვარსკვლავები…
2016 წელი საქართველოსთვის რთული, ვნებათაღელვით სავსე, სერიოზული კონფლიქტებითა და სამთავრობო დონეზე ცვლილებებით სავსე იქნება, ასეთია ქართველი ასტროლოგის მიხეილ ცაგარლის პროგნოზი.
როგორც გაირკვა, მთავრობის წევრებს შორის ცეცხლოვანი მაიმუნის წელს დაბადებული არც ერთი მინისტრი არ არის, ცაგარლის განმარტებით, „ეს ცუდია, რადგან სხვა ზოდიაქოს ნიშნები მაიმუნთან მეგობრობენ“.
20 ადამიანისგან დაკომპლექტებულ მინისტრთა კაბინეტში ოთხი მინისტრი ძაღლის წელსაა დაბადებული: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
შემდეგ მოდიან ცხენისა და თხის წელს დაბადებული მინისტრები. ცხენის წელს არიან დაბადებული ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და რეგიონული განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. თხის წელს — პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
ცაგარლის პროგნოზით, მთავრობის შემადგენლობაში წლის განმავლობაში ცვლილებები მოხდება. „მიმდინარე წელი — ცეცხლის სტიქიაა, რომელიც 60 წელში ერთხელ მოდის. ეს წელი ცვლილებებით, კონფლიქტებით, უთანხმოებებითა და ბრალდებებით იქნება დატვირთული“, — აფრთხილებს ასტროლოგი პოლიტიკოსებს. „დიდი“ მოვლენები, ცაგარლის განმარტებით, მარტის თვეშია მოსალოდნელი. „ამ წელს სიმშვიდე არ გვექნება“, — განაცხადა ცაგარელმა.
გამართლდება თუ არა ასტროლოგის პროგნოზი, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი Sputnik-ი მინისტრთა კაბინეტის წევრების ჰოროსკოპს წარმოგიდგენთ. გვერწმუნეთ, ღირს გადახედოთ და გაეცნოთ ჩვენ მიერ წარმოდგენილ ჰოროსკოპს.