თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნორვეგიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.
ოსლოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბორგე ბრენდესთან, თავდაცვის სამინისტროს, ასევე პარლამენტის – სტორტინგის წარმომადგენლებთან. მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზეც. მხარეების მიერ კმაყოფილებით აღინიშნა EFTA-თან (ნორვეგია,ისლანდია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია) თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება.
„საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ EFTA-ს წარმომადგენლებთან დაასრულა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას საქართველოსა და EFTA-ს სახელმწიფოებს შორის“, — აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა, რომ საქართველო და EFTA თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას 27 ივნისს ბერნში (შვეიცარია) მოაწერენ ხელს. EFTA-ს ოთხივე სახელმწიფო — შვეიცარია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი და ისლანდია ევროკავშირის წევრები არ არიან. EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ქართული საქაონლისთვის ოთხივე სახელმწიფოს 14-მილიონიანი ბაზარი გაიხსნება.
EFTA-ს მინისტერიალზე საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 2014 წლის ნოემბერში იყო მიღებული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად მოლაპარაკებების დასრულებისთვის ოთხი წელი იყო გათვალისწინებული, მაგრამ მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად მოლაპარაკებები სამ რაუნდში დასრულდა.