თბილისი, 29 თებერვალი — Spuntik. ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სანდრა რულოვსი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიას ჩაუდგება სათავეში, არ შეესაბამება სინამდვილეს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა სერგო რატიანმა.
„ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ჯერ არ განგვიხილავს საარჩევნო სიის არც პირველი, არც მეორე და არც მესამე ათეული. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, — ციტირებს ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ მდივანს "Новости-Грузия".
დეპუტატის თქმით, ენმ–ის საარჩევნო სიის შესახებ კონსულტაციები უახლოეს მომავალში გაიმართება, სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში.
„ეს საკმაოდ შრომატევადი და საკმაოდ სერიოზული პროცედურაა. ეს ის საკითხია, რომელიც ჯერ სამდივნომ, პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა განიხილოს, უნდა გაიმართოს კონსულტაციები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მანამდე ყველა ისტერიული შეძახილი, ვინ იქნება პირველი, მეორე თუ მესამე — მხოლოდ ჭორია“, — დასძინა რატიანმა.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სანდრა რულოვსი ენმ–ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება, ორშაბათს ქართულმა ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა.