29 თებერვლის რიტუალები - რატომ უნდა დავყაროთ ქართველებმა ამ დღეს შაქარი?

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორები არიან 29 თებერვალს დაბადებულები, როგორ უნდა აღნიშნონ მათ დაბადების დღე, 29 თებერვლის ქართული ტრადიციები და კიდევ ბევრი სხვა სახლისო ისტორია, რომელიც ნაკიანი წელიწადის ერთ დღესთან არის დაკავშირებული.

როგორები არიან 29 თებერვალს დაბადებულები?

დასაწყისშივე შეგახსენებთ, რომ ოთხ წელიწადში არსებულ ამ ერთადერთ დღეს, ანუ 29 თებერვალს დაბადების შანსი სამყაროში 1461-დან მხოლოდ ერთია. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ისინი ამით უკვე გამორჩეულები არიან. კაცობრიობა დიდი ხანია, არკვევს — დაიბადო ამ დღეს- ეს გამართლებაა თუ უიღბლობა? ზოგადად კი ერთ რამეში მაინც თანხმდებიან: 29 თებერვალს დაბადებულები მაგიური თვისებებით დაჯილდოებული, პარალელური სამყაროდან მოვლენილი არსებები არიან და ჩვენს ცხოვრებაშიც შემთხვევით არ ჩნდებიან…

როგორ უნდა აღნიშნონ დაბადების დღე?

გამოდის, რომ საკუთარ დაბადების დღე მათ მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ ან საერთოდ არ უნდა აღნიშნონ?.. სინამდვილეში კი ეს დღე ყოველ წელსაა და სამყაროში ის მხოლოდ ერთი წუთით- 00. 01 წუთზე გაიელვებს ხოლმე. ასე რომ, იუბილარები ტორტზე დანთებული სანთლის ჩაქრობას ნამდვილად მოასწრებენ!- ეს ხუმრობით,თუმცა მავანნი იმასაც ამბობენ, რომ სწორედ ამ ერთ წუთს იხსნება იმ პარალელური სამყაროს ფანჯარა, საიდანაც 29 თებერვალს დაბადებულები,,შემოვიდნენ“… ამიტომ მათ უნდა მოასწრონ და სამყაროს საკუთარი გზავნილი სწორედ ამ დროს აახლონ, მაგრამ მანამდე, ანუ იმ ერთი წუთის დადგომამდე, იუბილარებმა შემდეგი რიტუალი უნდა ჩაატარონ: პირველ რიგში, მონაცვლეობით მიიღონ ცხელი და ცივი წყლის კონტრასტული შხაპი, ეს თავისებური განწმენდა იქნება. შემდეგ უნდა განმარტოვდნენ ოთახში, სადაც დიდი სარკეა, დაანთონ სანთელი, ზუსტად იმ ერთ წუთს სარკეში ჩახედვის მომენტში ჩაიფიქრონ სურვილი და საკუთარ თავს მიულოცონ დაბადების დღე. თურმე იმ ღამეს ისინი წინასწარმეტყველურ სიზმარსაც იხილავენ. სტუმრები კი შეუძლიათ პირველ მარტს, ანუ დილიდანვე დაპატიჟონ.

29 თებერვლის ტრადიციები

ამ დღის აღნიშვნის ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური ტრადიცია შოტლანდიასთანაა დაკავშირებული: ადრე იქ, ნაკიან წელს, ქალს უფლება ჰქონდა მამაკაცისთვის ოჯახის შექმნის წინადადება პირველს შეეთავაზებინა, უარის შემთხვევაში მამაკაცი ჯარიმას იხდიდა. როგორ ჩანს, შოტლანდიის გარდა, კაცების უფლებების შემლახველი ეს ტრადიცია არც ერთმა სხვა ქვეყანამ არ გაითავისა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ითვლება, რომ 29 თებერვალი საიდუმლოებით მოცული საკრალური დღეა, როცა ადამიანების თავს უცნაურობები ხდება,- ესაა და ეს…

29 თებერვლის ახალი ქართული ტრადიცია 

რაც შეეხება ამ დღისადმი დამოკიდებულებას, ამ ბოლო დროს ინტერნეტ სივრცესა და პრესაში გავრცელდა კომპოზიტორ გია ნიკოლაძის მოწოდება იმის თაობაზე, რომ ამ დღეს ქართველებმა სახლში, მიწაზე, პირსაბანში, ყველგან შაქარი უნდა დავყაროთ და ერთმანეთს ტკბილი სიტყვა ვუთხრათ. 

ჩვენ დავუკავშირდით გია ნიკოლაძეს, რათა პირადად მისგან გაგვეგო, 29 თებერვალს შაქრის დაყრის იდეა საიდან გაჩნდა?

გია ნიკოლაძე: თუ გახსოვთ ბულგარელი ვანგა, ქალი, რომელიც ბავშვობაში ქარბორბალამ აიტაცა და წინასწარმეტყველების უნარი  გაეხსნა?! გაჭირვების დროს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასთან ჩადიოდნენ. ერთხელ ვანგას რომელიღაც სოფლის მცხოვრებლებმა მიმართეს დახმარების თხოვნით, იმ სოფლის გზაზე თურმე მუდმივად ავარიები და ტრაგედია ხდებოდა. ვანგამ მათ გზებზე შაქრის დაყრა ურჩია, სოფლის მკვიდრნი ასეც მოიქცნენ და მას მერე იქ ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.. მე მჯერა ასეთი ძალების, რომ არ მჯეროდეს, ამხელა პოემას რა დამაწერინებდა? ერთ ნაწყვეტს გავაცნობ თქვენს მკითხველს: 

პლანეტა ერთი ველია! 

ორაზროვანი გაგებით!

თავისი ბიო-ველით და

თავისი ედემ-ბაღებით!

წმინდა მარიამს დიდება! 

იქ რომ ვეძებდით აქ არის!

ყველა წერტილში მისვლოდეს! 

სიტკბო სიტყვის და შაქარის!

- თქვენ ამბობთ, რომ 29 თებერვალს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფმა ქართველებმა შაქარი უნდა დავყაროთ?… 

— დიახ, ასე უნდა მოვიქცეთ. ეს შაქარი ან მიწას უნდა შეეხოს ან წყალს, ამ ორი სტიქიის ძალა კარგად იცით. ანუ შაქარი ან პირსაბანში უნდა ჩავყაროთ ან სახლის წინ მიწაზე, ან ფანჯრიდან გადავყაროთ და თან ერთმანეთს მხოლოდ ტკბილი სიტყვა ვუთხრათ.კარგი იქნება, ამ დღეს მთელ მსოფლიოში მყოფი ქართველებიცრომ ასე მოიქცნენ. მოდი, დავიჯეროთ, რომ ამ დღიდან ახალი ცხოვრების ათვლა დაიწყება. ჩემი თაობა ხომ მოწამლულია ჯოჯოხეთური გარემოებებით, ჰოდა, ასპარეზზე ახალი, გონება მოუწამლავი თაობა გამოვა, ჩვენს ქვეყანასა და ხალხსაც ბედნიერი დრო დაუდგება.

-თქვენს პირს შაქარი!

— მადლობა. აი, ხომ ხედავთ, სიმართლე რომ არ ყოფილიყო, ქართველი დალოცვის სახით ტყუილად არ იტყოდა ამ სიტყვებს და ხალხში ეს გამოთქმაც არ დამკვიდრდებოდა.


ყველა ახალი ამბავი
0