თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ცნობილ იტალიელ კომპოზიტორს ენიო მორიკონეს ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს.
საზეიმო ცერემონია ლოს-ანჯელესში მრავალრიცხოვანი ფოტოგრაფების, მეგორებისა და კოლეგების გარემოცვაში გაიმართა, მათ შორის იყვნენ კინორეჟისორი კვენტინ ტარანტინო და კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი.
„საერთაშორისო კომპოზიტორებს, რომლებიც ფილმებს აჟღერებდნენ, ასეთი სიამოვნება არასდროს ჰქონიათ, როგორიც დღეს მე მაქვს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას მივიღებდი“, — განაცხადა მორიკონემ ცერემონიაზე.
მორიკონე 87 წლისაა. მან მუსიკა 450-ე მეტი ფილმისთვის დაწერა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა სერჯო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები. მან დაწერა მუსიკა ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა „კარგი, ცუდი, ბოროტი“, „ერთხელ ამერიკაში“, „პროფესიონალი“, „კანონგარეშე“, „ხელშეუხებელნი“, „ლოლიტა“ და სხვა.
ენიო მორიკონემ კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის 2007 წელს „ოსკარი“ მიიღო, ასევე არის მრავალი სხვა პრესტიჟული კინოჯილდოს მფლობელი.
„დიდების ხეივანი“ ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის ბულვარსა და ვაინის ქუჩაზე ტროტუარის ორივე მხარესაა განთავსებული. ენიო მორიკონეს ვარსკვლავი ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ რიგით 2574-ეა.