თენგიზ ჩოჩუა
- წინასაარჩევნოდ, უნდა ველოდოთ თუ არა მთავრობაში საკადრო ცვლილებებს?
— საქართველოს მთავრობაში არაპოპულარული მინისტრები არიან. რამდენიმე მათგანი განსაკუთრებულ ანტიპატიას იწვევს საქართველოს მოსახლეობაში. მაგალითად, ნოდარ ხადური, რომელიც ძალიან ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მთავრობაში მათი დარჩენა არის ზიანის მომტანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის. მათ წარუმატებელი ადამიანების და მინისტრების იმიჯი აქვთ. წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ამგვარი მინისტრების ჩამოშორებას შეეცდება. ასევე საარჩევნო ფანდად შეგვიძლია მივიჩნიოთ ახალი სახეების, ახალგაზრდა მინისტრების მოყვანა კონკრეტულ თანამდებობებზე. „ქართული ოცნება“ ეცდება ამომრჩევლის გულის მოგებას არაპოპულარული მინისტრების გაშვებითა და შემადგენლობის განახლებას ნაკლებად ცუდი ავტორიტეტის მქონე ადამიანებით.
- რა როლს ითამაშებს წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი?
— ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ იქნება გადამწყვეტი და მთავარი ფაქტორი წინასაარჩევნო კამპანიაში. ის აქტიურად ჩაერთვება ფინანსური თუ სხვა ტიპის რესურსებით თავისი პოლიტიკური პარტიის გაძლიერებაში. სხვა შანსს მე ვერც ვხედავ. თუ ბიძინა ივანიშვილი გვერდში არ დაუდგა თავის პარტიას, „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებლად გამარჯვების ნულოვანი შანსი აქვს.
- პოლიტსაბჭოს სხდომაზე სავარაუდოდ განიხილება გოგი თოფაძის კოალიციიდან გარიცხვის საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში „რესპუბლიკელები“ კოალიციის დატოვებით იმუქრებიან. არსებობს თუ არა კოალიციის დაშლის საფრთხე?
— თოფაძის წასვლით კოალიცია უმრავლესობას არ დაკარგავს. არც თოფაძეა ის ადამიანი, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდეს. მის პარტიას მილიონობით დაფინანსება აქვს. როგორც ვხედავთ, მას ახლო კავშირები აქვს ქალბატონ ირმა ინაშვილთან. მათ საერთო იდეებიც გააჩნიათ. ასევე მათთან აქვს კავშირი ცოტა ხნის წინ წასულ სანდრო ბრეგაძეს. ასე რომ, თუ ბატონი გოგი დატოვებს კოალიციას, არის შანსი, რომ ეს პარტია სხვებთან კოალიციაში ვიხილოთ, განსაკუთრებით, ევროპის მიმართ სკეპტიკურად განწობილი პარტიების კოალიციაში.
- ანუ, შესაძლებელია პრორუსული კოალიცია ვიხილოთ წინასაარჩევნოდ?
— პრორუსულს არ ვეძახი, ამას ევროპის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ კოალიციას დავუძახებდი. ისეთი კოალიციის შექმნა, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ საწინააღმდეგო პოლუსზე იდგება, სავსებით რეალურია.
— რა შანსები ექნება აღნიშნულ კოალიციას არჩევნებზე?
— მათ სერიოზული ფრაქციის ფორმირების შანსი ექნებათ.
ამ არჩევნებზე იქნება ორი მთავარი ინტრიგა: მოახერხებს თუ არა „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას და თუ ვერ მოახერხებს ვისთან ერთად მოუწევს მას არჩევნების შემდგომ კოალიციის შექმნა?
- ვინ შეიძლება იყოს ევროპის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი კოალიციის ლიდერი?
— სავსებით შესაძლებელია აღნიშნული კოალიციის ლიდერად ირაკლი ღარიბაშვილი ვიხილოთ.