“მოსკოვს ცრემლების მაშინ სჯერა, როცა ეს ცრემლები მის წისქვილზე ასხამს წყალს...“

© გოჩაშვილის ოჯახის არქივიირინე გოჩაშვილი
ირინე გოჩაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოეტი და მთარგმნელი ირინე გოჩაშვილი შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველია, ვინც გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი დაამთავრა. მას ძველი, შემოქმედებითი მოსკოვი და მოსკოვური საღამოები ახსოვს და მათ შორის იყო, ვინც არბატზე ახალი დროის მეამბოხის, ვიქტორ ცოის სიმღერებს ისმენდა...

 ცნობილი პოეტის, მზია ხეთაგურის ქალიშვილმა დედის ჩრდილში ყოფნაზე თავიდანვე თქვა უარი და როგორც პროფესიონალმა ლიტერატორმა რუსი პოეტების ლექსები არაჩვეულებრივად თარგმნა ქართულად. დღეს მის შემოქმედებაში ე.წ. “ინდური“ პერიოდია…

- ქალბატონო ირინე, გაიხსენეთ სტუდენტური წლები, იმ დროის მოსკოვი და მოსკოვის ინტელიგენცია.. 

— ის წლები ჩემთვის ბევრის მომცემია. ჯერ ერთი, ეს იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირად იწოდებოდა და იყო (ალბათ მოჩვენებითი) სიმშვიდე, განათლების მისაღებად საუკეთესო პირობები და მომავლის იმედი…იმის თქმა მინდა, რომ ის სისტემა მუშაობდა ისე, რომ “ზუსტი მისამართით“ მიჰყავდი და  იცოდა შენგან რა სურდა….რა თქმა უნდა, მე არ ვარ იმ წყობის აპოლოგეტი- უბრალოდ ნოსტალგია მაქვს იმ ახალგაზრდულ წლებზე, როდესაც ჯერ არ ვიცოდით საბჭოთა კავშირის დაშლა და დამოუკიდებლობის მოპოვება რა ფასად დაგვიჯდებოდა…

- დამეთანხმებით, საბჭოურ იდეოლოგიას იმ დროის არბატზე გამოსვლით ხელოვანი ადამიანებიც ეწინააღმდეგებოდნენ. ამასთან დაკავშირებით რა გახსენდებათ? 

— ამასთან დაკავშირებით მახსენდება მოსკოვის ქუჩაზე, ძველ არბატზე მდგარი ერთი უცნაური გარეგნობის რიგითი მომღერალი, მომავალში ცნობილი როკ-მუსიკოსი, ვიქტორ ცოი. ხშირად ვუსმენდი მას და ვგრძნობდი, რომ მისი სიმღერის სახით ამ ქუჩიდან რაღაც სხვა, ახალი მენტალიტეტი, კულტურის სხვა სახე გვიახლოვდებოდა.. შეიძლება ითქვას, იმ წლებში მოსკოვის,უფრო სწორად მთელი რუსეთის თეატრალურ თუ საგამოფენო საკონცერტო დარბაზებს ვსტუმრობდი. მათ შორის სოხუმის დრამატული თეატრის სპექტაკლებსაც კი.. ასეთი რამ თბილისში ცხოვრების დროს შესაძლოა, არც მენახა. ლიტერატორთა ცნობილი სახლი-“Цдл“- სავსე იყო ცნობილი მწერლებითა და ხელოვანებით და მე, სტუდენტს, დედის მწერლის წიგნაკის საშუალებით ამ ადამიანებთან შეხვედრა და მათთან საუბარი შემეძლო.

- რომელი რუსი ავტორების ქართულად თარგმნა დაიწყეთ სტუდენტობის დროს? 

— სწავლოს პერიოდში დავფიქრდი, თუ რა იქნებოდა ჩემი სადიპლომო ნამუშევრის თემა დადიდი ფიქრი არც დამჭირვებია. ჩემი სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელის, ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორის, ქალბატონ ანაიდა ბესტავაშვილის რჩევით, რომელიც ცნობილი მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე გახლავთ, გადავწყვიტე, ჩემი ნაშრომი რუსი პოეტების ლექსებისთვის მიმეძღვნა, რომელთა შორის იყვნენ: ვოზნესენსკი, ახმადულინა, ევტუშენკო, ანდრეი ბიტოვი, ლიდია გრიგორიევა, ნატალია სოკოლოვსკაია, ლევ ოზეროვი-მეჯიროვი და ნაკლებად ცნობილი საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი პოლეტაევა. იმ დროის ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია და 2014 წლის ზაფხულში- მწერალთა სახლში ჩემი სადიპლომო ნამუშევრის წიგნად გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. 

© გოჩაშვილის ოჯახის არქივიირინე გოჩაშვილი
ირინე გოჩაშვილი - Sputnik საქართველო
ირინე გოჩაშვილი

-როგორი იყო ცნობილი მოსკოვური საღამოები? 

— იმ დროის მოსკოვური საღამოები, ცნობილი სიმღერის-“подмосковные вечера“-ს მსგავსად ლექსებისა და სიმღერების ფონზე მახსენდება. გორკის სახელობის ინსტიტუტში საერთაშორისო სახის კონცერტებს ე. წ. “კაპუსტნიკებს" ვატარებდით, სადაც ერთმანეთის ტრადიციებს, ხელოვნებასა და სამზარეულოსაც კი ვეცნობოდით. განვიხილავდით ერთმანეთის ნამუშევრებს, საკუთარ პოეზიასა და თარგმანებს. მოკლედ ყველა და ყველაფერი გვაინტერესებდა… დღეს სხვა დროა, როგორც საქართველოში მცხოვრებ უმრავლესობას სამსახური მეც არ მაქვს, მაგრამ შემოქმედებით საქმიანობას მაინც ვეწევი. მონაწილეობას ვიღებ "რუსსკი კლუბ"-ის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ვხვდები. მათ შორის არიან ჩემთვის კარგად ნაცნობი მწერლები და პოეტები: არაჩვეულებრივი პოეტი ქალბატონი, ლიდია გრიგორიევა და იური იურცენკო, რომელიც გალაკტიონის ერთ-ერთ კარგ მთარგმნელადაა მიჩნეული. მან კარგად იცის ქართული და ქართულად წაკითხული ლექსის შემდეგ მსმენელს მისეულ-რუსულად თარგმანსაც წარუდგენს ხოლმე- ეს უკვე ტრადიციაა…

- ქალბატონო ირინე, მკითხველს შევახსენებ, რომ თქვენ ცნობილი პოეტის, მზია ხეთაგურის ქალიშვილი ბრძანდებით. რას ნიშნავს შვილისთვის, როცა დედა პოეტია?..

— როცა დედა პოეტია, მასზე უკეთესი პოეტი უნდა იყო, ვიდრე ხარ, როცა დედა პოეტია- მისი ლექსები უნდა იკითხო, როცა დედა პოეტია, მას უნდა გაუწიო ღირსეული კონკურენცია… მაგრამ როცა დედა პოეტია და თანაც, ისეთი, როგორიც მზია ხეთაგურია, კონკურენციის გაწევა-არც ისე ადვილია… როცა დედა პოეტია, მას ყველაზე ძალიან უხარია შენში პოეტის აღმოჩენა და მთელი სიმკაცრით გეხმარება იმისთვის, რომ თუნდაც გვიან, მაგრამ დაიბადოს შენი პირველი წიგნი, რომელსაც "გაჩერებული დრო" ჰქვია. სხვათა შორის ამ წიგნის სათაურის ნათლიაც დედაა… დღეს დედა ამბობს, რომ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა საიმედო ხელშია და ეს მახარებს. 

- რამდენადაც ვიცი, დღეს თქვენს შემოქმედებაში ასე ვთქვათ, “ინდური პერიოდია“

— საქმე ისაა, რომ მოსკოვში, ლიტერატურის ინსტიტუტში ჩემთან ერთად კურსზე სხვადასხვა ეროვნების, რჯულისა და პოლიტიკური მისწრაფების ახალგაზრდა სწავლობდა, მათ შორის ნიჭიერი ინდოელი, ანილჯანვილჯაინი იყო. მოგვიანებით ჩვენმა მეგობრობამ საქმიანი სახე მიიღო. ის აპირებს ათი ქართველი ავტორის ლექსებისგან შემდგარი მცირე ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოსცეს. ავტორების შერჩევა და რუსულ ენაზე თარგმნა კი მე მომანდო, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ასე რომ, ჩვენი მეცადინეობითა და მონდომებით ქართულ კულტურას შორეულ ინდოეთშიც გაეცნობიან.

© გოჩაშვილის ოჯახის არქივიირინე გოჩაშვილი
ირინე გოჩაშვილი - Sputnik საქართველო
ირინე გოჩაშვილი

-  ქალბატონო ირინე, ვიცი, ვისოცკი თარგმნეთ ქართულად..

— თქვენს მკითხველს მინდა მისი ერთი ცნობილი ლექსის ჩემეული თარგმანი გავაცნო:

— მე არ მიყვარს, 

როცა სათქმელს სანახევროდ გაგიწყვეტენ,

ანდა სულაც არ გაცლიან!

მე არ მიყვარს,

როცა ზურგში გესვრიან და

არც ის მიყვარს,

პირისპირ რომ დაგახლიან!

მე არ მიყვარს ჩემივ თავი, როცა ვლაჩრობ,

უცოდველის დასჯას როცა აკურთხებენ!

მე არ მიყვარს, როცა სულში მიძვრებიან,

მითუმეტეს, როცა მასში გაფურთხებენ!

- დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, მოსკოვს ცრემლების მართლა არ სჯერა?

— თქვენს შეკითხვაზე ასე გიპასუხებთ: მოსკოვს ცრემლების მაშინ სჯერა, როცა ეს ცრემლები მის წისქვილზე ასხამს წყალს…

- დიდი მადლობა საუბრისთვის.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0