თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება თურქეთის ხელისუფლების პრიორიტეტია, განაცხადა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) საქართველო-თურქეთის ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ იანგინმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსუბუქი მრეწველობის 12 უმსხვილესი თურქული კომპანიის ხელმძღვანელებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ DEIK-ი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
„ჩვენ, თურქი ბიზნესმენები აღნიშნულ პოლიტიკას მხარს ვუჭერთ. პირადად მე, საქართველოში ბიზნესს ვეწეოდი და ამას მომავალშიც ვაპირებ. თურქი ბიზნესმენებისთვის საქართველოში უსაფრთხო გარემოა შექმნილი და არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ორმხრივი ბიზნესი მესამე ქვეყნებშიც განვავითაროთ“, — განაცხადა იანგინმა.
2015 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობით თურქეთი, აზერბაიჯანისა და ნიდერლანდების შემდეგ, მესამე ადგილზეა, აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.
გასული წლის სამ კვარტალში თურქულმა ინვესტიციებმა 111 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამ პერიოდში საქართველოში შემოსული ინვესტიციების საერთო მოცულობის დაახლოებით 11%-ს შეადგენს.