ცირა ოქროპირიძე
არქიტექტურა და დიზაინი მისთვის არასოდეს იყო უცხო. ბავშვობიდანვე ამ გარემოში იზრდებოდა. რაც თავი ახსოვს, სულ ხატავდა, განსაკუთრებით კი ყვავილების ხატვა მოსწონდა, ალბათ იმიტომ რომ ფერთა გამა მასში ყოველთვის საოცარ ემოციას იწვევდა…
სკოლის დამთავრების შემდეგ ნატიფი ხელოვნების სკოლაში ეზიარა დიზაინის ხელოვნებას. შემდეგ იყო ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი, ამჟამად კი ინტერიერის დიზაინერი ნინო მშველიძე ლისი დეველოპმენტის არქიტექტორია და ადამიანებს მშვენიერი და კომფორტული გარემოს შექმნაში ეხმარება.
- რა არის დღეს ტენდენციური თანამედროვე ინტერიერის დიზაინში, და როგორ აისახება თქვენს შემოქმედებაში?
— ძალიან მიყვარს მინიმალიზმი, ვინტაჟი და ვთვლი, რომ დღეს საკმაოდ მოდურია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ამ მიმართულებით ვმუშაობ, სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის სტილზე უფრო ტენდენციური მასალაა. მაგალითად დღეს აქტუალურია მარმარილოს ფაქტურა, რომელსაც ხშირად ვიყენებ სხვადასხვა სტილში. უპირატესობას ვანიჭებ ბუნებრივ მასალებს, როგორიცაა ხე, მინა, ლითონი, რადგან მათ საოცარი ეფექტის მოხდენა შეუძლიათ.
მინიმალიზმი საკმაოდ რთული სამუშაოა, თითოეული დეტალი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, მაგალითად როდესაც შედიხარ ინტერიერში, ხედავ მხოლოდ ერთ სამეულს, ან ერთ სარკეს და ის უნდა იყოს აღმატებულ ხარისხში წარმოდგენილი. აქ სილამაზე დეტალებშია.
- შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი განსაკუთრებული ელემენტი დიზაინში, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია?
— ესაა განათება. შესაძლებელია ერთი ფერის სხვადასხვა ტონების თამაშით შექმნა საოცარი სამყარო, კონტრასტის ეფექტზე რომ არაფერი ვთქვათ. განათება ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი, სწორად დაგეგმილი წერტილები მზესავით ათბობს და ალამაზებს ინტერიერს.
- როგორია დღეს ქართველი დამკვეთის გემოვნება, იცვლება თუ არა ის წლებთან ერთად?
— დიახ, საოცრად! 5 წლის წინ იყო კრემისფერის და ვენგეს (მუქი ყავისფერი) ბუმი, ახლა ეს უკვე გადავიდა მოდიდან. გამოიკვეთა ინდივიდუალური მიდგომები. ძალიან მიხარია, რომ ქართველებს კარგი გემოვნება აქვთ… დიზაინერის პროფესია დღეს საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი და პრესტიჟულია.
დიზაინი არ არის მისთვის მარტო ფერი ან ფორმა, ესაა სწორი დაგეგმარება, სივრცის სწორად განაწილება და მთავარია არ დაიკარგოს შემოქმედებითი ხაზი. სად გადის ზღვარი შემოქმედებით და ფუნციურ ელემენტებს შორის, დიზაინერის ხედვის ოქროს შუალედზე, რომელსაც შეუძლია, მოახერხოს სილამაზის და კომფორტული გარემოს ჰარმონიაში მოყვანა? ნინო თვლის რომ ეს შინაგანად უნდა იგრძნო, რადგან ყოველი ახალი გარემო ახალ მოულოდნელობებსა და ახალ გამოწვევებს სთავაზობს.
- როგორია დიზაინერსა და დამკვეთს შორის ურთიერთობა თქვენს შემთხვევაში?
— აბსოლუტურად დეტალური. ორიენტირებული უნდა იყო დამკვეთის სურვილზე. ბევრი მოდის იმ გრძნობით, რომ "ზუსტად იცის, რა უნდა"(მას ასე გონია) და მერე ჩვენ ერთად ვარკვებთ ხოლმე ნამდვილ სურვილებს. ორ წუთში გაიგებ, ადამიანს როგორი გემოვნება აქვს, რა მოსწონს, რა ანიჭებს სიამოვნებას. პირველ რიგში დამკვეთის სურვილებს ვითვალისწინებ. დიზაინერი უნდა იყოს მიწოდების სინაღლეზე. არ შეიძლება დამკვეთი ერთს ითხოვდეს და დიზაინერი პერმანენტულად სხვა რამეს სთავაზობდეს…
- გითქვამთ თუ არა უარი პროექტზე და ვინ არის თქვენთვის საუკეთესო დამკვეთი?
- უარი მითქვამს უპრობლემოდ, მაგრამ მერე მაინც საკუთარ თავში მიძებნია მიზეზი… გაგეცინებათ, ძალიან მიყვარს, როცა დამკვეთი მამაკაცია. ისინი ბოლომდე მომყვებიან და სწორედ მაშინ იქმნება განსაკუთრებული შემოქმედებითი ნამუშევარი.
შეიძლება განსაკუთრებული ვერ შექმნა, მაგრამ არ უნდა დაარღვიო! — ეს არის ის მთავარი პრინციპი რასაც განუხრელად მისდევს ყოველი ახალი პროექტის შექმნისას. პატარა რომ იყო, ფიქრობდა, რომ ადამიანში თვალის ჭრილი იყო ყველაზე ლამაზი, მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ შინაგანი სილამაზე უფრო მნიშვნელოვანია. „ზუსტად ასეა დიზაინშიც. ინტერიერი ადამიანის შინაგან სილამაზეს გავს. არ უნდა დაკარგო შემოქმედებითი მუხტი. მხოლოდ მაშინ შეგიძლია ნამდვილი სილამაზე შექმნა და ის ემოცია გადმოსცე, რომელიც ყოველ შეხებაზე თავიდან გადმოიღვრება“, — თვლის დიზაინერი.
-მაინც რა არის თქვენთვის მთავარი ინტერიერის დიზაინში?
— ფერი! ფერი კი ჩემთვის ყველაფერია, ვგიჟდები შემოდგომის ფერებზე…. ფერთა გამაზე… ალბათ ამაზე ოდესმე დავწერ… სულ თავში მიტრიალებს ფერები, ადამიანს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რა ფერი უნდა იყოს მისი გარემომცველი სამყარო. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მქონია შემთხვევა, როცა განსაკუთრებულ ადამიანებს შევხვედრივარ და ვთვლლი, რომ ეს ჩემთვის დიდი საჩუქარი იყო.
- თქვენს რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?
— ვერაზე ჭერი გავხსენი, ვიტრაჟი გავაკეთე, ინტერიერში შემოიჭრა ექსტერიერი, ზეცა, ღრუბლები და თბილისის ხედი. დღესაც, რამდენჯერაც არ უნდა ჩავუარო ამ სახლს, გული სიამაყის გრძნობით მევსება!
ნონოსთვის, როგორც დიზაინერისთვის ინსპირაციის წყაროა საერთაშორისო კონკურსები: " სალონი დე მობილე" იტალიაში, "100% ლონდონი" ეს ის გამოფენებია, სადაც ნინომ მის მიერ შექმნილი ავეჯი წარმოადგინა და საკმაოდ დიდი მოწონებაც ხვდა წილად. „ ეს გამოფენები საოცარ მუხტს მაძლევენ“, —ამბობს ნინო.
- თბილისი და თბილისის ხედები მართლაც განსაკუთრებულია, შეგიძლიათ ისაუბროთ დღევანდელ არქიტექტურაზე?
– ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მტკივნეული თემაა… ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. ვფიქრობ, უნდა არსებობდეს წესი და ამას არ უნდა ვარღვევდეთ. პროფესიონალმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რაზე აწერს ხელს!…ვისურვებდი, რომ ჩვენს ქალაქს ქონდეს სწორი გეგმარება და რაც შეიძლება მეტი გამწვანება. აქ ლისზე (პროექტის „ლისი ვერანდა“ — რედ. შენიშვნა) ერთ ბუჩქსაც ვერ დადგამენ აივანზე არქიტექტორთან შეთანხმების გარეშე. არსებობს მტკიცე „არა“ და როგორც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ეს ყველას ესმის.
ნინო თვლის რომ „ლისი ვერანდის“ პროექტი ყველაზე კარგად ასახავს ქალაქგეგმარებაში იმ ტენდენციებს, რის დანახვასაც თბილისის არქიტექტურაში ისურვებდა:
„არქიტექტურა შერწყმულია ლანდშაფტთან, განაშენიანება ხდება 80/20 პრინციპით, სადაც ტერიტორიის 80 პროცენტი მწვანეა, სიმწვანე შეჭრილია ინტერიერში და ენით აუწერელი სილამაზე და ჰარმონია სუფევს“, — ამბობს ნინო.
მისთის ბინებრივია, რომ ბუნებამ, სიმწვანემ შეაღწიოს ნებისმიერ ინტერიერში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით: „აუცილებელიცაა…არ არსებობს, ოთახში ტორშერი დავდგა და მცენარე არ მივუდგა. მწვანე ქალაქში, ლისზე, დიდი ყურადღება ექცევა ვერანდების გამწვანებას ეზოს გამწვანებასთან ერთად. ეს ყველაფერი საოცარ ანსამბლს ქმნის“, —თვლის ნინო.
-რა რჩევას მისცემდით დამწყებ დიზაინერებს?
— ნუ დაუწესებთ სილამაზეს სტანდარტებს, ვინაიდან სილამაზეს და შემოქმედებას სტანდარტები არა აქვს!