თორმეტი გამარჯვებული მამაკაცის ამბავი

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპარაოლიმპიელთა ვარჯიში
პარაოლიმპიელთა  ვარჯიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც მათ უყურებ, ხვდები, ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია. ყველაფერი ადამიანის მონდომებაზე, ფსიქოლოგიურ განწყობასა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული... თორმეტივეს სხვადასხვა ისტორია აქვს - ტრაგიკული და მძიმე.

ლიზა შელია

ზოგს კიდურის თანდაყოლილი მანკი აქვს, ზოგსაც შეძენილი სხვადასხვა მიზეზით, საომარი მოქმედების დროს ან მშვიდობიანობის პერიოდში. 

იყო  ბევრი განცდა, ტკივილი და იმედგაცრუება, თუმცა მათ იპოვეს საკუთარ თავში ძალა, რომ ყველაფერი თავიდან დაეწყოთ. ეს ძალა მათ სპორტმა მისცა — თორმეტივე ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდში  თამაშობს…

© photo: Sputnik / ალექსანდრე იმედაშვილიპარაოლიმპიელთა ვარჯიში
პარაოლიმპიელთა  ვარჯიში - Sputnik საქართველო
პარაოლიმპიელთა ვარჯიში

გიორგი ხვედელიძე 45 წლისაა. მისი ცხოვრება ტკივილით  და მოულოდნელობებით იყო აღსავსე. 20 წლის იყო, როდესაც ფეხი დაკარგდა სამხედრო სამსახურის გავლის დროს.

„მატარებლით ვმგზავრობდი, ღამე გაჩერებაზე უნდა ჩავსულიყავი. უცებ მატარებელი დაიძრა და ლიანდაგებს შორის მოვყევი.  თავი დავარტყი, ფუძის ამოვარდნა მქონდა…. ის მომენტი არ მახსოვს, როგორ გადამიარა მატარებელმა ფეხზე. რამდენი ხანი ვიყავი ასე, არც ის ვიცი. ღვთის წყალობით, შემთხვევით ვიღაც გამვლელმა დამინახა და სასწრაფოს გამოუძახა…  ეს იყო 1991 წელი“, — იხსენებს ხვედელიძე. 

სამი თვე ეკატერინბურგის საავადმყოფოში გაატარა, კიდევ ექვსი თვე სახლში — ქუთაისში გადიოდა რეაბილიტაციას. 

„სახლიდან ფაქტიურად არ გამოვდიოდი. 20 წლის ბიჭი ვიყავი და სტრესულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. 6 თვის მერე ნელ ნელა გადავლახე ეს ყველაფერი… მახსოვს ეზოში ტურნიკი იდგა და იმის ხათრით გამოვედი გარეთ, რომ მევარჯიშა. მერე გამიკეთეს პროტეზი“ — თქვა ხვედელიძემ.

© photo: Sputnik / ალექსანდრე იმედაშვილიპარაოლიმპიელთა ვარჯიში
პარაოლიმპიელთა  ვარჯიში - Sputnik საქართველო
პარაოლიმპიელთა ვარჯიში
  

მას შემდეგ ორი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, დაქორწინდა და  ორი შვილი ჰყავს. 2013 წელს კი შეკრიბა ბიჭები, რომელთაც ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემები ჰქონდათ და ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი ჩამოაყალიბა. აღსანიშნავია, რომ  იმავე წელს გუნდმა თბილისის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.  დღეს გიორგი  ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბიჭებმა, რომელთაც  კიდურების ამპუტაცია აქვთ, თავი  სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ, არ ჩაიკეტონ სახლში და ცხოვრება გაილამაზონ.

„ეს არ არის მხოლოდ გუნდი და ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთი. ჩვენ ყველა მეგობრები ვართ. აქ ადამიანებს ვეხმარებით რეაბილიტაციაში.  ბიჭებს შესაძლოა ოჯახის წევრებმა ვერ გაუგონ ისე, როგორც ჩვენ ვუგებთ ერთმანეთს. იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენგანს, გარკვეულწილად მსგავსი სულიერი და ფიზიკური ტკივილი აქვს გავლილი. ძალიან ბევრი ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანი მოგვიბრუნებია. ვიცი, რომ ბიჭები სხედან სახლში და არ უნდათ გარეთ გასვლა. მინდა ვთხოვო, რომ მოვიდნენ ჩვენამდე. ჩვენ ვეცდებით მათ დახმარებას, ერთად გავუმკლავდებით სიძნელეებს“ — ამბობს გიორგი ხვედელიძე. 

მისი თქმით არც ასაკს და არც ტრავმის სახეობას მნიშვნელობა არ აქვს. გუნდში მოსვლა ყველა მსურველს შეუძლია. თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში კი სპორტის 9 სახეობა არსებობს: ფარიკაობა, უსინათლოთა ფეხბურთი, ჩოგბურთი და ასე შემდეგ. 

„პირადად მე ფეხბურთს ვკურირებ და თუკი ვინმეს სურვილი აქვს მოსვლის, მოვიდეს! არ აქვს მნიშვნელობა, ეტლით იქნება თუ ხელჯოხით. ნუ ჩაიკეტებიან!  სპორტი ძალიან ეხმარება ასეთ ადამიანებს. მე 45 წლის ვარ, არ ვარ პატარა ასაკის, მაგრამ თითოეული ვარჯიშის შემდეგ სხვანაირი ემოცია მოდის და ყველაფერი მიხარია,“ — თქვა მან. 

© photo: Sputnik / ალექსანდრე იმედაშვილიპარაოლიმპიელთა ვარჯიში
პარაოლიმპიელთა  ვარჯიში - Sputnik საქართველო
პარაოლიმპიელთა ვარჯიში

გუნდში ოთხი ბავშვიც ჰყავთ. ისინი მხოლოდ 9 და 10 წლისანი არიან და მათ თვალწინ იზრდებიან. გიორგი ხვედელიძე დარწმუნებულია, რომ 2020 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ისინი თავის სიტყვას იტყვიან  სპორტის ამ სახეობაში. 

ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს დღეს არ აქვს საკუთარი სტადიონი, ამიტომ ვარჯიშის ადგილი თითქმის ყოველ კვირას ეცვლებათ. ფინანსების არქონის გამო პრობლემები ექმნებათ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაზეც. 

ცოტა ხნის წინ გიორგის მაგვარი პრობლემების მქონე ადამიანებისათვის ახალი იმედი გამოჩნდა — არასამთავრობო ორგანიზაციების KEDEC-ის და ICBL —ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც კონსულტანტთა ჯგუფი  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დასაქმებაში ეხმარება.

„ვიცი რამდენიმეს ქონდა შეთავაზება დასაქმებაზე, რამდენიმეს გაეწია კონსულტაცია პროფესიულ გადამზადებაზე, CV-ის და სამოტივაციო წერილის  წერაზე.  შეიძლება ყველა ვერ დასაქმდეს, იმიტომ რომ თავისი ეტაპები აქვს ამ პროგრამას, გადამზადება უნდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ამ ადამიანებისთვის, მათი რეალური სოციალური რეაბილიტაციისთვის“ — აღნიშნა ხვედელიძემ.

© photo: Sputnik / ალექსანდრე იმედაშვილიპარაოლიმპიელთა ვარჯიში
პარაოლიმპიელთა  ვარჯიში - Sputnik საქართველო
პარაოლიმპიელთა ვარჯიში

ანატოლი ორობინსკი ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის ერთ-ერთი წევრია. ამბობს, რომ სპორტი მთელი მისი ცხოვრებაა, ეს არის ის, რაც აძლევს მას ცხოვრების აზრს. 

„16 წლის ვიყავი, გადავწყვიტე ომში წავსულიყავი და დამეცვა ჩემი სამშობლო. აფხაზეთის ომი იყო, ფეხი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებისას დავკარგე. პირველ ხაზზე სულ პატარა ბიჭები ვიბრძოდით — 16, 18, 21 წლისები. თითქმის ერთი წელი დამჭირდა რეაბილიტაციისთვის“ — იხსენებს ორობინსკი.  

იარები შეხორცებულია,  ცხოვრებაც  გრძელდება.  განსაკუთრებით სახალისო და სრულფასოვანი კი ის მას შემდეგ გახდა, რაც ანატოლი სპორტით დაკავდა და ბევრი მეგობარი შეიძინა. 

დღეს ის აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. ვარჯიშთან ერთად მუშაობს კიდეც  - ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაში ელექტროეტლების ოსტატად.

„იცით, იმის შემდეგ, რაც ფეხი დავკარგე, საშინელი დეპრესია მქონდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საავადმყოფოში ვიწექი, ჩემთან პალატაში ერთი ბიჭი შემოვიდა. მას პროთეზი ეკეთა ფეხზე. ძალიან შემეცოდა. ვიფიქრე, როგორი ახალგაზრდაა და ასეთ დღეშია. როდესაც კარგად დავაკვირდი, მივხვდი, რომ ის სულაც არ კოჭლობდა და ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა. ვკითხე არ გიჭირს თქო? მან მიპასუხა, რომ არანაირ დისკომფორტს არ გრძნობდა და პროთეზს საკუთარი ფეხივით ხმარობდა. ამან მე ძალიან გამაძლიერა და სტიმული მომცა,“ — თქვა ორობინსკიმ. 

© photo: Sputnik / ალექსანდრე იმედაშვილიპარაოლიმპიელთა ვარჯიში
პარაოლიმპიელთა  ვარჯიში - Sputnik საქართველო
პარაოლიმპიელთა ვარჯიში

ფეხბურთელთა გუნდი დღეს აქტიურად ვარჯიშობს. სპორტსმენებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრში ინგლისში, რუსეთსა და უკრაინაში, საიდანაც ბევრი ჯილდო ჩამოიტანეს, მაგრამ დღეს უკვე კარგად იციან, რომ ყველა ჯილდოზე ღირებული ცხოვრებაში მაინც საკუთარ თავზე გამარჯვებაა!..  

და ისევ: 

…უყურებ როგორ თამაშობენ ეს ბიჭები და ხვდები რომ ცხოვრებაში შეუძლებელია არაფერია… თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს  ტკივილიანი წარსულით და შემდეგ ამ ტკივილზე მტკიცე გამარჯვებით…

დღეს მხოლოდ ორი ამბავი მოგიყევით. მაგრამ ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდში  თორმეტი ამბავია — თორმეტი გამარჯვებული მამაკაცის ამბავი.


ყველა ახალი ამბავი
0