თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. მშობლები საკუთარ არასრულწლოვან გოგონებს, უიმედობისა და უპერსპექტივობის გამო, ადრეულ ასაკში გათხოვების უფლებას აძლევენ, — მიაჩნია მარნეულის ახალგაზრდული გენდერული კლუბის კოორდინატორ ნონა სამხარაძეს.
„ხშირად სკოლა არ ინტერესდება მიზეზით, თუ რატომ ანებებს თავს გოგონა სწავლას. მშობლები მიდიან, განცხადებას წერენ და მორჩა. სკოლის დირექტორმა ამგვარი ფაქტების თაობაზე სოცმუშაკებს უნდა აცნობოს, მათ კი, თავის მხრივ, თვალყური უნდა მიადევნონ, გათხოვდნენ ისინი თუ სხვა სკოლაში გადაიდნენ სასწავლებლად. აი მაშინ გახდება ამ პროცესის კონტროლი შესაძლებელი. მაგრამ სოცმუშაკები არ მუშაობენ“, — უთხრა სამხარაძემ Sputnik–ს.
სპეციალისტის თქმით, ეს პრობლემა მხოლოდ ქვემო ქართლში არ შეინიშნება. ქვეყნის სხვა რეგიონებშიც ასეა — მშობლები საკუთარი გოგონებისთვის ერთადერთ პერსპექტივას მათ გათხოვებაში ხედავენ.
„ყველა ელოდება „კარგ ვარიანტს“ და როცა ეს ვარიანტი ჩნდება, არასრულწლოვან გოგონებს ათხოვებენ. იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა მასწავლებლებს თავიანთი 15–16 წლის მოსწავლე გოგონები მოჰყავდათ ცოლად. სხვათა შორის, აქ მასწავლებელი სასურველი სასიძოა“, — აღნიშნავს სამხარაძე.
მისი თქმით, საქრათველოს რეგიონებში შეინიშნება ტენდენცია, რომ გოგონამ მაქსიმუმ მეცხრე კლასამდე უნდა ისწავლოს, მერე კი გათხოვდეს და შვილები გააჩინოს.
„აი, მაგალითად, ახლა ერთ გოგონას ვეხმარები, ის ქართველი მუსლიმია, 18 წლისაა. სამი წლის წინ გათხოვდა, ანუ, როცა 15 წლისა იყო. ახლა ორი წლის ბავშვი ჰყავს, ქმარმა სახლიდან გამოაგდო, მანამდე კი მთელი ამ ხნის განმავლობაში სცემდა. ის სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, ახლა დედასთან ცხოვრობს… რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობაშია“, — ამბობს ნონა სამხარაძე.
გენდერული საკითხების სპეციალისტების აზრით, მდგომარეობიდან გამოსავალი სახელმწიფომ უნდა იპოვოს.
ამასთან, სამხარაძემ აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, ქვემო ქართლში მცხოვრები გოგონები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ სწავლას, თუმცა ასეთების რაოდენობა ჯერჯერობით მცირეა. გოგონების ბედს მაინც მშობლები წყვეტენ.
„რვაასმა გოგონამ დაამთავრა სკოლა და აქედან მხოლოდ ორმოცდაათმა განაგრძო სწავლა უნივერისტეტებში. ბედნიერები ვიყავით ასეთი შედეგით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმნიშვნელო მაჩვენებელია“, — განაცხადა სამხარაძემ.