თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გუანტანამოს სამხედრო ტყვეთა საპყრობილის დაკეტვა აშშ–ის საერთაშორისო პრესტიჟს აამაღლებს, — მიჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუანტანამოს დაკეტვის ახალი გეგმა წარმოადგინა, რასაც ის რამდენიმე წელია ესწრაფვის. ობამამ კვლავ მოუწოდა კონგრესს ციხის დაკეტვისკენ, სადაც ამჟამად 91 პატიმარი იმყოფება. აქედან 35 მსჯავრდებულს მესამე ქვეყნებში გადაიყვანენ, დანარჩენს კი აშშ–ის ტერიტორიაზე განათავსებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევა, გუანტანამოს ციხე არაერთხელ გამხდარა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის საგანი. მხედველობაში მაქვს პატიმართა წამება, რაც 1949 წლის ჟენევის კონვენციის დარღვევაა. ამიტომ აშშ–ის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მიუხედავად იმისა, რომ მან, ცოტა არ იყოს, დაიგვიანა, ვინაიდან ციხე ბევრად ადრე უნდა დაკეტილიყო“, — განუცხადა ჩიტაძემ Sputnik–ს.
პოლიტოლოგის აზრით, ამერიკის პრეზიდენტის ეს წინადადება შესაძლოა კუბაში მის სავარაუდო ვიზიტს უკავშირდებოდეს.