თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ქართველი მეზღვაური, რომელიც ერთი თვის წინ გაიტაცეს მეკობრეებმა, გათავისუფლებულია და რამდენიმე დღეში დაბრუნდება სამშობლოში, — იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ბერძნული კომპანიის კუთვნილი ტანკერი MT Leon Dias მეკობრეებმა 2016 წლის იანვრის ბოლოს დაატყვევეს. ხომალდიდან ხუთი მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქე გახლდათ.
„გატაცების მომენტიდან განთავისუფლებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი გემთფლობელ კომპანიასთან, ნიგერიისა და ბენინის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულები მეზღვაურთა გათავისუფლების პროცესებში“, — ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გატაცებული მეზღვაურები ტყვეობიდან სამშაბათს გამოიხსნეს.