მამუკა კაციტაძე: ჩემთვის ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, რომ ეს დაპირიპირება არ მომხდარიყო, ვიდრე ის, რომ მოხდა. ჩვეულებრივი ამბავია და ამ ჩვეულებრივობას განაპირობებს ორი რამ: 1. პოლიტიკურ კოალიციას უნდა ჰქონდეს იდეოლოგიური, ფასეულობითი მსოფლმხედველობითი ფუნდამენტი, რაზეც შენდება ერთობა. რა თქმა უნდა, არის კამათი, ბოლოს და ბოლოს ოჯახშია კამათი, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის კოალიცია, რომელიც საერთო ფუნდამენტს ეყრდნობა. თავად განსაჯეთ:
პარტია „ქართული ოცნება“ — სოციალისტური მიმართულების და ევროპაში ამ ბანაკის წევრი;
„რესპუბლიკური პარტია“ —ლიბერალური მიმდინარეობა;
„კონსერვატიური პარტია“ — ევროპის კონსერვატიული ოჯახი;
„მრეწველები“ და „ეროვნული ფორუმი“ — არსად!
ასე რომ, ეს არის უეკლექტურესი ერთობა, რომელიც შექმნილია ისეთი „ღირებულების“ მიერ, როგორიცაა ფული. ეს ერთობა რეალურად შექმნა დიდმა, უსერიოზულესმა ფინანსებმა და ამ ფულზე დაშენდა რაღაც შენობის მაგვარი, რომელიც ვხედავთ, რომ იშლება. დღესდღეობით ამ ფულმა მათ თავისუფლება მისცა და წაეკიდნენ ერთმანეთს. უკვე ისეთი ტიპის შეურაცხყოფებს აყენებენ ერთმანეთს, მე მრცხვენია. დაპირიპირების მეორე მიზეზი არის არჩევნები. მოახლოვდა არჩევნები ყველა თავის თავს ხედავს, ან ვერ ხედავს, ან უნდა უფრო წინ დაინახოს. 3 მინისტრი და 3 კომიტეტი რომ ჰყავთ დღეს, ხვალ უნდათ 5 მინისტრი და 5 კომიტეტი ჰქონდეთ.
-რამ შეიძლება შეაჩეროს ეს პროცესი და დაპირიპირება?
— ამ პროცესს ვერ გააჩერებს ვერაფერი, თუ არ ჩაერთო „ფულის პატრონი“ მაგიდაზე ხელის დარტყმით და არ თქვა, რომ თავს გაგივიდათ ერთმანეთში კინკლაობაო. მაგრამ არ მგონია, მის გარეშე ხდებოდეს ეს კინკლაობა. რატომ არ ასრულებს ამ კამათს ივანიშვილი, ხომ არ შედის მის ინტერესში ეს შიდა დაპირისპირება, რომელიც რეალურად შეიძლება იყოს პრელუდია კოალიციური წმენდის წინ, კოალიციის ხელახალი კონფიგურაციის შექმნის წინ?! მიმაჩნია, რომ ეს ჭკუასთან ახლო ვერსიაა.
-„ახალი მემარჯვენეები“ რას აპირებთ არჩევნებთან დაკავშირებით? ხომ არ გეგმავთ კოალიციური ძალებით არჩევნებში ჩართვას?
— უახლოესი 2 თვის განმავლობაში, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო და ძალისხმევას მივმართავთ აქეთ, ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად. მეორე, ამის პარალელურად ვმუშაობთ, თუ რა კონფიგურაციით უნდა წარვსდგეთ 2016 წლის არჩევნებზე. მოკლედ გეტყვით, მარტო არ ვაპირებთ მონაწილეობას, რადგან ეს იქნება რთული, მოცემული პოლიტიკური დისბალანსიდან გამომდინარე. მონიშვნები, ორიენტირები სავარაუდო პარტნიორების კუთხით გვაქვს, ეს ყოველივე კი ღირებულებით და ფასეულობით საყრდენზე უნდა აშენდეს. როგორ სახეს შეიძენს ეს ყოველივე, 3 თვეში გახდება ცნობილი.
-შეგიძლიათ დაგვისახელოთ თქვენი სავარაუდო პოლიტიკური პარტნიორები?
— მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ, არა იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და ვმალავ, არამედ იმიტომ, რომ ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს.
-და ბოლოს, როგორია თქვენი დამოკიდებულება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე და ასევე ხართ თუ არა მომხრე ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი?
— ერთსქესიანთა ქორწინებაზე შეკითხვას რომ მისვამენ, უხერხულია. სადამდე მივედით, რომ ეს კითხვა გაჩნდა?! მე ვარ მემარჯვენე, ხოლო „მემარჯვენეების“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ოჯახი და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. აქტიურად არის ტალღა აგორებული გენდერულ ბალანსზე, რომ ბალანსი უნდა იყოს პოლიტიკაში, პარლამენტში და რატომ არ უნდა იყოს გენდერული ბალანსი ოჯახში?! მე ეს შეკითხვა შეურაცხმყოფელადაც მიმაჩნია, ამაზე საუბარიც კი მეუხერხულება. აქვე გეტყვით, რომ ამ თემის აჟიტირება ხდება ხელოვნურად, რაც ხელს უწყობს ასეთი ქორწინების პროპაგანდას. თუ დგას საკითხი, რომ კანონთა იერარქიაში უფრო მაღალი კატეგორიის კანონმა დაარეგულიროს ქორწინების საკითხი, დაე დაარეგულიროს, უბრალოდ, ნუ გავაკეთებთ ამ თემის ხელოვნურ აჟიტირებას. გასაკეთებელია? გავაკეთოთ და დავამთავროთ! ეს იგივეა, რაც კონსტიტუციაში ჩავწეროთ: „რძე თეთრია“. რად უნდა ამას კონსტიტუცია? ჩნდება რისკები? კი ბატონო, მაგრამ ამას არ უნდა პროცესის გაწელვა!