ამ დროის მანძილზე ის იტალიელ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობს. კარგად იცის რომში არსებული თითქმის ყველა ისტორიულ-კულტურული ადგილი. საქართველოდან იტალიაში ჩასული ტურისტებისთვის საინტერესო და საჭირო წიგნები აქვს დაწერილი. მისი ორი ინტერნეტ-წიგნი „რომი“ და „რომის 55 მუზეუმი“ უკვე გაყიდვაშია. ამჟამად მომზადებული აქვს წიგნები: „ლაციო. 25 ქალაქი რომის გარშემო“ და „იტალიის ქალაქებში“.
-ბატონო ედიშერ, იტალიაში სამეცნიერო მისიით იმყოფებით. თუ შეიძლება, ამის შესახებ უფრო კონკრეტულად მოგვითხროთ?
— იტალიაში არსებული ბირთვული კვლევის ნაციონალურ ინსტიტუტს მრავალ ქალაქში აქვს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები (ფილიალები), ანუ სამეცნიერო პოტენციალი მთელ ქვეყანაშია გადანაწილებული და მეც სწორედ ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ. დუბნა-საქართველოს სამეცნიერო ჯგუფის ფარგლებში ვმუშაობდი „ატლას“ ექსპერიმენტისათვის დეტექტორების შექმნაზე, რაც სწორედ იტალიელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობაში გამოიხატა. რომიდან 20კმ-ში მდებარე ქალაქ ფრასკატის ლაბორატორია ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია. ელემენტარული ნაწილაკების ექსპერიმენტული ფიზიკის ძირითადი მიზანი ამ ნაწილაკთა დაჯახების შედეგად დაბადებული მეორადი ნაწილაკების შესწავლაა. თვალით უხილავი გამოსხივების დაკვირვებას სპეციალური ხელსაწყოები (დეტექტორები) ახდენენ. დიდი ხანი არაა, რაც ნაწილაკთა დეტექტორების შესაქმნელად ახალი ტექნოლოგიური წინადადებები გამოჩნდა. ჩემი მიმდინარე საქმიანობა სწორედ ამ ახალი ტიპის აპარატურების შემუშავებასთან არის დაკავშირებული.
-იტალიის კულტურა და ისტორია ისე კარგად შეისწავლეთ, რომ საქართველოდან იტალიაში ჩამოსული ტურისტებისთვის არა ერთი გზამკვლევი შექმენით.
— ფიზიკამ საკუთარი ცოდნის მკაცრი შეფასება მასწავლა, ამიტომ ხელოვნებაზე ვერასდროს ვიტყვი, რომ კარგად მაქვს შესწავლილი. იტალიაში ვიზუალური შთაბეჭდილებით ადამიანი მალე იტვირთება, ჩემმა მოჭარბებულმა ინტერესმა ამ მიმართულებით კი დიდი გასაქანი მიიღო. ამასთან, მხოლოდ მაყურებლის სტატუსმა არ დამაკმაყოფილა, ამიტომ ნანახისა და შემდგომ სანახავის უფრო საფუძვლიანი გაცნობა და შესწავლა დავიწყე. დაგროვილი ინფორმაციის სხვებთან გაზიარების სურვილიც მალე მოვიდა და შევეცადე ეს ყველაფერი საქართველოდან იტალიაში ჩამოსული ტურისტებისთვის მიმეწოდებინა. ამჟამად ორი ინტერნეტ-წიგნია გაყიდვაში — „რომი“ და „რომის 55 მუზეუმი“. კიდევ სამი მომზადებული მაქვს: „ლაციო. 25 ქალაქი რომის გარშემო“, „იტალიის ქალაქებში“ და ამ ბოლოს დავამთავრე მუშაობა ყველაზე გემრიელ წიგნზე- „იტალიური სამზარეულოს 150 რეცეპტი“, რომელიც შევეცდები მკითხველამდე მალე მივიტანო. წიგნების ფორმატი ფოტო-ილუსტრირებას მოითხოვს, რაც სამწუხაროდ ტრადიციული ბეჭდური გამოცემისთვის მაღალ ბარიერს აწესებს, ფინანსირების თვალსაზრისით. ამიტომაც ჯერჯერობით ინტერნეტ-გამოცემით ვიფარგლები.
-ბატონო ედიშერ, დამეთანხმებით, ამ ქვეყანაში ჩამოსული ყველა ადამიანი,,თავის“ იტალიას აღმოაჩენს ხოლმე. როგორია თქვენ მიერ,,აღმოჩენილი“ ეს ქვეყანა?
— იტალიის დიდი ხელოვნება და კლასიკოსთა სახელები მსოფლიოში და ჩვენშიც კარგადაა ცნობილი, თუმცა საკუთარ მაგალითზე აღმოვაჩინე, რომ ბევრი იტალიელის სახელი საქართველოში მხოლოდ ვიწრო წრეშია ცნობილი. ასე,,აღმოვაჩინე“ ბერნინის რომი. მეგობრები ბერნინის ფანს მეძახიან, მაგრამ სანამ იტალიაში სიარულს დავიწყებდი, ის ჩემთვის უცნობი იყო. არადა, დღევანდელი რომისა და ვატიკანის სილამაზეში მისი დიდი წვლილია ჩადებული. ამიტომაც პირველი რჩევაა, წინასწარ ლორენცო ბერნინის შემოქმედებას გავეცნოთ. მეორე ხელოვანი, რომელიც ასევე დიდი ყურადღების ღირსია და ჩვენთან რატომღაც მიჩქმალულია — კარავაჯოა. მისი ტილოები მსოფლიოში ცნობილი მუზეუმების სიამაყეა. რაც შეეხება ურბანულ არქიტექტურას, რომში მცირე ვადით ჩამოსულებისთვის სხვა, თუნდაც ახლოს მდებარე ქალაქებში გაქცევა და დათვალიერება რთული საქმეა.
-ხშირად საუბრობენ ქართველებსა და იტალიელებს შორის მსგავსებაზე — ეს მითია თუ რეალობა?
— როცა უცხო ქვეყანაში ხვდები, ბუნებრივია, ეძებ იმას, რაც შენს ხასიათსა და ბუნებასთან ახლოსაა. იტალიაში ამგვარი სიახლოვის შეგრძნება ბევრგან გიჩნდება. შეიძლება ქართველებთან იტალიელების ბევრი მსგავსება ჩამოვთვალოთ. თუნდაც: ადამიანური ურთიერთობები, ოჯახის პატრიარქალური წყობა; მეზობლური და ნათესაური ურთიერთობები და მათი აზრის გათვალისწინება; არასაქმიანი ურთიერთობები, ანუ მეგობრობის წრე და მათი გავლენა საქმიან ურთიერთობებზე; ტრადიციული კულინარიის მაღალი დონე და საკუთარი ნაციონალური კულინარიის სხვებზე წინ დაყენება; კუთხური ტრადიციების შენარჩუნება, რაც ზოგჯერ იუმორშიც გამოიხატება. ასევე არ დაგვავიწყდეს საქმისადმი უდარდელი დამოკიდებულებაც — აქაც დიდი თანხვედრაა. მსგავსებასთან ერთად ბევრი განსხვავებაც შეიძლება დავაფიქსიროთ. იტალია რელიგიური ქვეყანაა, მაგრამ ეს ფაქტორი სხვების დასანახად არ გამოიხატება, ისინი ეკლესიის დანახვაზე ავტობუსებში პირჯვარს არ იწერენ. მათი ტოლერანტობაც გამოკვეთილია, აგრესიულობას უმცირესობების მიმართ ძნელად დააფიქსირებთ. გასაკვირია, მაგრამ რომში მოძრაობის წესების დაცვა მძღოლების მხრიდან მაღალ დონეზეა, განსაკუთრებით ტურისტებთან მიმართებაში არიან მომთმენები.
-ბატონო ედიშერ, რომელ ქართულ თვისებას ან ჩვევას ვერ შეელიეთ უცხოეთში?
— მგონი, რომ სხვაგან ცხოვრებას მოვერგე, თუმცა ზოგჯერ ჩემს თავს ტრადიციებშიც “დავიჭერ“ ხოლმე. ევროპაში ჩემთვის ცხოვრების წესის შეცვლა არავის დაუძალებია, მაგრამ ვცდილობ, თეთრ ყვავად არ გამოვჩნდე. გერმანიასა და საფრანგეთში როცა უცნობ პიროვნებასთან ერთ შენობაში აღმოჩნდები, მიღებულია, რომ მიესალმო. ისევე როგორც ეს იმერეთის სოფლებში ხდება. აი, იტალიაში და შვეიცარიაში ასე არაა. აი, სუფრაზე, ღვინის დალევის წესში „ვერ ჩავჯექი“. დაგისხამენ ღვინოს და მერე შენი ნებაა, როგორ დალევ. ღვინის ყლუპ-ყლუპად წრუპვა ჩაის მსგავსად არ გამომდის. თან სულ ველოდები, ვინმე სადღეგრძელოს როდის იტყვის. ქუჩაზე გადასვლისას ზუსტად „ზებრამდე“ მიღწევა მიჭირს, ფეხი ყოველთვის ადრე გამირბის.
-როგორ ფიქრობთ, საქართველოში ჩამოსულ იტალიელებს რით გავაკვირვებთ?
— ჩვენი არაჩვეულებრივი, თითქმის პირველყოფილი ბუნებით, ეს ერთადერთია, რაც მათ აკლიათ. თუ იტალიელ სტუმარს გვინდა ასიამოვნოთ, წავიყვანოთ ის ქალაქიდან მოშორებით, სადაც ტექნოლოგიები და სერვისები ნაკლებადაა. მაგალითად, გერგეტი და მისი შემოგარენი, ან დავით-გარეჯი, სვანეთი და ხევსურეთი აჩვენეთ. რაც შეეხება იტალიას, თუმცა აქ თავს უცხოდ არ ვგრძნობ, მაგრამ ჩემი ქვეყანა და ოჯახურ სიტუაციაში ყოფნა მენატრება. ოჯახის წევრები ერთად შეკრებას იშვიათად ვახერხებთ. ყოველთვის მინდა, რომ მათთან ერთად, მეგობრების წრეში გასატარებლად უფრო მეტი დრო მქონდეს.
-რომელია ფიზიკის კანონი, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად ამართლებს?
— ენერგიის მუდმივობის კანონი, რომელსაც უბრალო სიტყვებით თუ ვიტყვით, ანდაზაში ასე შეიძლება გადმოვიტანოთ: “რასაც დათესავ, იმას მოიმკიო“…
-გისურვებთ, რომ ფიზიკის ეს კანონი თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის ამართლებდეს.