თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კლუბის ისტორიის განმავლობაში კიევის „დინამოს“ საუკეთესო ფეხბურთელების გაფართოებულ სიაში მოხვდა, იუწყება რადიო jako.fm.
უკრაინაში პოპულარულმა საიტმა football.ua-მ Renault-სთან ერთად თავის ვებგვერდზე კენჭისყრა ჩაუშვა, სადაც გულშემატკივარი „დინამოს“ საუკეთესო ფეხბურთელებს ირჩევს და რომლებიც კლუბის ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებს შექმნიან.
მოთამაშეს თითოეულ პოზიციაზე შეარჩევენ. კახა კალაძე ხუთი მარცხენა მცველის სიაში მოხვდა. მისი კონკურენტები არიან ვიქტორ მატვიენკო, ტიბერი პოპოვიჩი, ანდრეი ნესმაჩნი და ანატოლი დემიანენკო.
ამჟამად კალაძეს ხმათა 43,2% აქვს და დემიანენკოს 3,1%-თ უსწრებს.
კენჭისყრა ხუთი დღე გაგრძელდება. ხმის მიცემა ამ ბმულზე შეიძლება.
კახა კალაძე კიევის „დინამოში“ 1998 წლის იანვრიდან 2001 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მცველმა 104 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ცხრა გოლი გაიტანა.
კიეველთა გუნდის შემადგენლობაში კალაძე სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი. 1999 წელს კლუბთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.