გოგი გეგეჭკორი: რა კვალი დატოვე...

© Photo: courtesy of Gogi Gegechkoriგოგი გეგეჭკორი
გოგი გეგეჭკორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბატონ გოგი გეგეჭკორის სახელი ქართული თეატრისა და კინოს ისტორიის კუთვნილებაა. ნიჭიერი, ინტელიგენტი და დახვეწილი მსახიობის მიერ შესრულებული როლები, ოსტატობის გაკვეთილები იყო და არის. გოგი გეგეჭკორის დედ-მამას ხელოვნება აინტერესებდათ და შვილს თეატრის კარი გაუღეს.

„ასე შემიყვარდა ეს დარგი — გვითხრა ერთხელ ბატონმა გოგიმ — და ამას შევწირე მთელი სიცოცხლე“. ბატონ გოგის 2000 წლის 23 თებერვალს, მის დაბადების დღეზე შევხვდით. ინტერვიუ პირველად ქვეყნდება.
- დღეს თქვენი დაბადების დღეა, ბატონო გოგი და რაზე ფიქრობთ?
— ახლა ვფიქრობ და ჩემ თავს ვეკითხები: როგორ გაიარე ცხოვრება, რა დატოვე და რით მიდიხარ იქ, იმ ქვეყნად? ჩემ თავს რომ ვუსაყვედურო, მართალი არ ვიქნები! რუსთაველის თეატრში თუ სხვაგან, მე არ დამიზოგია არც დრო და არც თავი. მე არც შეურაცხყოფა მიმიყენებია ადამიანისთვის, არც მიჩხუბია — არასდროს! ადამიანის გადარწმუნება კი მიყვარს, მაგრამ კონფლიქტის გარეშე ვიცხოვრე და ჩემ პროფესიაში ეს იშვიათი შემთხვევაა  —  ამ მხრივ ბედნიერი კაცი ვარ.

© გ. გეგეჭკორის ოჯახის არქივიგოგი გეგეჭკორი
გოგი გეგეჭკორი - Sputnik საქართველო
გოგი გეგეჭკორი

- ბატონო გოგი, ამბობენ, რომ მსახიობობა სხვა ადამიანზე დამოკიდებული პროფესიაა და რას ურჩევდით დამწყებ მსახიობებს?
— დიახ, სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა, თუმცა ბედიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის ახალგაზრდა, ვინც გადაწყვიტეს, რომ თავისი მომავალი თეატრსა და კინოს შეწიროს, მინდა მათ გასაგონად ვთქვა: ყველამ უნდა იცოდეს, რომ მსახიობობა თავგანწირვას მოითხოვს, რომ შრომისა და მუშაობის გარეშე ვერაფერს გააკეთებ, ვერაფერს მიაღწევ. ერთი წუთითაც, რომ გაჩერდე და მოდუნდე, იმ სანუკვარ მიზანს, რასაც  სცენაზე თუ ეკრანზე როლის თამაში  ჰქვია, ვერ მიაღწევ. მოედანზე გასასვლელად გამზადებული კარგი ფეხბურთელივით ენერგიით უნდა იყო დატენილი. მას ხომ მაგარი კუნთები  აქვს და ფეხბურთელის ყველა ხერხი იცის… აი, ასეთი შემართებით უნდა თამაშობდე სცენაზე.
- ბატონო გოგი, ახლა ის დროა, როცა ყველა გაჭირვებაზე საუბრობს…
— გაჭირვებას შეჩვეული ვიყავი. მე ხანდახან, რომ მილხინს და საზრუნავი არ მაქვს, ვფიქრობ, ვაიმე, რაშია საქმე? მინდა საზრუნავი გავიჩინო! მეუბნებიან: მოისვენე, რა გინდა, არ არის ეს შენი საქმე, მაგრამ არა, მაინც!.. მე მეტიჩარა კაცი არ ვარ, მაგრამ როგორც ყველა მსახიობს ცნობისმოყვარეობა მკლავს და ყველაფერი მაინტერესებს — როგორია, რანაირია! კომპიუტერი შემოვიდა?.. ესეც მაინტერესებს!
77 წელი შემისრულდა, მაგრამ თამაში კიდევ მინდა  — გაუმაძღრი ვარ! მეუბნებიან: ყველაფერი ითამაშე და რა გინდა? არა, ჯერ კიდევ დამრჩა გასახსენებელი და ამის დასტურია სწორედ ის, რომ როცა კოტე მახარაძემ შემომთავაზა ნოდარ დუმბაძის გაუხმაურებელ მოვლენებზე სპექტაკლის თამაში, მე გამიხარდა! წარმოდგენაზე ახალგაზრდები მობრძანდნენ, თეატრი გაივსო, გასუსულები უსმენდნენ და ეს უდიდესი ბედნიერება იყო… მათ ნოდარ დუმბაძე სხვა სახით დაინახეს. ახლა, როგორ მოეწონათ, არ ვიცი, მაგრამ ტაში კი დაუკრეს, მეც მადლობა გადავუხადე და მივხვდი, რომ რაღაცაზე დაფიქრდნენ… აი, ეს არის ჩემი დანიშნულება!
- მსახიობს სულ თამაში უნდა, სულ ახალ როლებზე ოცნებობს და რატომ ბატონო გოგი, ნუთუ მარტო იმიტომ რომ, ეს მისი პროფესიაა? თეატრს, ხომ ვერ ტოვებს, ვერც რეკვიზიტორი, სცენის მემანქანე თუ ბუტაფორი?

© photo: Sputnik / გ.გეგეჭკორის ოჯახის არქივიგოგი გეგეჭკორი ქალიშვილთან ერთად
გოგი გეგეჭკორი ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გოგი გეგეჭკორი ქალიშვილთან ერთად

— სხვადქცევის პროცესია! განა მაყურებელი, როცა სპექტაკლს უყურებს სხვად არ გადაიქცევა? ის, ხომ იმ წუთში, ვთქვათ ერთ მოქმედ პირს ენდობა და მას მიჰყვება… მეორე ეზიზღება, მესამეზე გაჯავრებულია, მეოთხეზე იცინის და სულ მის გამოჩენას ელოდება, რომ კიდევ გაიცინოს. თეატრი საოცარი სამყაროა! ჰოდა, თეატრში მოსული ადამიანი ამას ეჩვევა და მერე უკვე ვეღარ ელევა. ხომ არის თეატრში შემთხვევები, როცა უნებლიედ ვიღაცა, რაღაცას დააშავებს და მას გაისტუმრებენ? აი, მერე იწყება ხვეწნა-მუდარა: შენი ჭირიმე, ოღონდ დამაბრუნეთ, აღარ ვიზამ! და რატომ ხდება ეს?.. თეატრი მაგიაა! სხვა ადამიანად გადაქცევის პროცესი ძალიან საინტერესოა. მაყურებელი უნდა ჩააფიქრო, რაღაცით მიიზიდო და ამით შენი, როგორც მსახიობის ბიოგრაფიაც საინტერესო გახადო. მაყურებელი კი არ უნდა გააკვირვო, არამედ მის თვალწინ შენი შესაძლებლობები უნდა გაშალო და ამის საშუალება  ყველა როლში აქვს მსახიობს. არ მითხრან ახლა, პატარა როლი მაქვს და არ ჩანსო — ყველა როლი თავისებურად მშვენიერია! ყოველი წარმოდგენა, ისე უნდა ითამაშო, როგორც პრემიერაზე… სხვათაშორის, ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა გუნებაზე  ვართ, მაგრამ ყველაფერი უნდა დაივიწყო, შენი ხასიათი შინ უნდა დატოვო და ენდო მას — შენ გმირს. როგორც კი ამას მიატოვებ, ეს როლი ბერდება, ის წარმოდგენაც იშლება…
- ბატონო გოგი, რა წეს-კანონით ემსგავსება ცხოვრება თეატრს?
— როცა პარლამენტის სხდომებს ვუყურებ და ვთქვათ ვიღაცა სიტყვით გამოდის, მე უკვე წინასწარ ვხვდები, რა უნდა, რა მიზანი აქვს… შეიძლება კანონის ან კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის არსი არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს ვხვდები. ჩვენ, მსახიობებს,  გამახვილებული აღქმა გვაქვს!
- და რა დასკვნა გამოიტანეთ, ბატონო გოგი?
— ზოგი იქ იმიტომ არის, რომ იმუნიტეტი აქვს და ხელშეუხებელია! ზოგი იმიტომაა, რომ თავისი ძალებით კაპიტალი დააგროვოს, ზოგი თავისი ჯგუფის ან პარტიის ხაზის გასატარებლად არის! არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, ნაწილი ამის გამოა პარლამენტში! ყველა პარლამენტარს აქვს ე. წ. გამჭოლი მოქმედება… სამი თაობის პარლამენტი გამოვიცვალეთ და მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა თეატრმა იქ გადაინაცვლა და მე ამ სხდომებს ვუყურებ, როგორც წარმოდგენას. პარლამეტარობა გახდა გატაცება და ეს ადასტურებს იმას, რომ ძალიან ბევრი არ-შემდგარი მსახიობია. სერიოზულად გეუბნებით, იმიტომ რომ ისინი ერთს ამბობენ და მეორეს გულისხმობენ. ვის რა სურვილი აქვს და რა მიზანი — ეს ძალიან კარგად ჩანს და ნუ იფიქრებენ ჩვენი პარლამენტარები, რომ ვერ ვხვდებით — ყველამ იცის, სახეზე აწერიათ, მზერაში ჩანს! ამიტომ მოგვაკლდა მაყურებელი — ყველა  პარლამენტის სხდომებს უყურებს…
აი ახლა არჩევნები მოდის და მინდა, რომ წყნარად მოვიქცეთ! ოღონდ ნუ ვიჩხუბებთ… რა მოხდა, საჩხუბარი რა არის? ეს ქვეყანა ყველას ეყოფა, ყველას. არ უნდა დავქუცმაცდეთ. აი, მე ვგიჟდები ერთმანეთს, რომ უპირისირდებიან… ვის ქონებას იყოფენ? რას იყოფენ? რა არის გასაყოფი? ყველას ეყოფა ეს საქართველო. ნუ იჩხუბებთ, არ გინდათ — დამიჯერეთ!
- ბატონო გოგი, დღეს თქვენი დაბადების დღეა და…
— დღეს ერთი წლით დავბერდი, მაგრამ გასულმა წელმა  დიდი სიხარული მომიტანა, ერთი მსახიობის თეატრში ახალი როლის თამაშის სიხარული. მალე გაზაფხული დადგება, დათბება… ჩემი ასაკის კაცს ზამთარში სცივა. ჩემი პატარა შვილიშვილი — ანასტასია გვესტუმრა, მე და ნათელა გაგვახარა! ყველა სურვილი შევუსრულეთ და როცა ანა კალანდაძის ლექსი გვითხრა, მაშინ ხომ სულ გადავირიეთ! ბედნიერი კაცი ვარ: ორი შვილი მყავს: გოგი მხატვარია, მანანა თეატრმცოდნე, ფსიქოლოგი. სიძე რეჟისორია, რძალი ფსიქოლოგი! ესე იგი, ყველა მაინც ხელოვნებას ემსახურება — ეს მახარებს, მახარებს იმიტომ რომ, ამაოდ არ მიშრომია.

© გ. გეგეჭკორის ოჯახის არქივიგოგი გეგეჭკორი მეუღლესთან - ნათელა ურუშაძესთან ერთად
გოგი გეგეჭკორი მეუღლესთან - ნათელა ურუშაძესთან ერთად - Sputnik საქართველო
გოგი გეგეჭკორი მეუღლესთან - ნათელა ურუშაძესთან ერთად

გოგი გეგეჭკორის ოჯახი იუმორით აღსავსე იყო. მის მეუღლეს, აღიარებულ თეატრმცოდნეს ნათელა ურუშაძესაც უჩვეულო იუმორი ჰქონდა.

ერთხელ ქალბატონ ნათელას ვკითხე: როგორ ამიხსნიდით თქვენი და ბატონი გოგის ჰარმონიული ურთიერთობის მიზეზს, რომელიც უკვე რამდენი წელია გრძელდება? ერთ ოჯახში მსახიობი და თეატრმცოდნე, თან ორივე მაღალი დონის… რას ნიშნავს?
ნათელა ურუშაძე: ახლა რაშია საქმე? აქ მარტო შემოქმედებითი და პროფესიული ან მაღალი კატეგორიის მოვლენები არ არის, აქ ჩვენი  ხასიათებიც მოქმედებს. ერთი პერიოდი  განქორწინებები გახშირდა, მე ფილოსოფიაშიც გადავვარდი ამ საკითხის გამო, ბევრს ვფიქრობდი და გოგის ვკითხე: გოგი, იმ ოჯახის დანგრევას ვინ წარმოიდგენდა, როგორ უყვარდათ… ხომ შეიძლება ჩვენც დავშორდეთ ერთმანეთს? მე ფილოსოფოსობას ვაგრძელებ… გოგის  ძალიან დიდი პაუზა ჰქონდა და მერე უცებ მითხრა: „რას ლაპარაკობ!.. მე კიდევ იმის ნათესავების გაცნობის თავი მაქვს?“ ესე იგი, იმ პაუზაში „დავშორდით“ ერთმანეთს, მერე დაფიქრდა: ვიღაცა ხომ უნდა შეერთო ცოლად, მერე ნათესავები გაახსენდა და გადაწყვიტა — „არა!“ ამის დრო სადა აქვს? ალბათ ამანაც შეგვინარჩუნა ოჯახი!..



ყველა ახალი ამბავი
0