თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამშაბათს სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, გერმანიის ეკონომიკური უწყებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აგრეთვე გერმანიის ბუნდესტაგში.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 26 თებერვალს დასრულდება, იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლები გერმანულ ანალიტიკურ ცენტრებში, შეხვედრები გერმანელ ექსპერტებთან და გერმანული მედიის წარმომადგენლებთან.
მინისტრი ასევე საარბრიუკენსა და ვადერნს ეწვევა, სადაც საქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, ასევე მოინახულებს საარბრიუკენის უნივერსიტეტსა და ვადერნის სკოლას.