თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართალდამცველი ორგანოების კონტროლის მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის წინადადებით გამოდიან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზოგადოება — საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ექსპერტებს შემუშავებული კანონპროექტი გააცნეს.
„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცველთა კონტროლის საშუალება იქნება და გაზრდის მათ ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ. იგი განახორციელებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამოძიებას და სისხლის სამართლებრივ დევნას, რაც ნიშნავს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება“, — აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
კანონპროექტზე ქვეყნის სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობით 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა. გარდა ამისა, დოკუმენტმა საერთაშორისო დონეზე ექსპერტიზა გაიარა, აღნიშნულია განცხადებაში.