თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. „ომის პატარძლები“ სირიიდან თურქი მამაკაცების მსხვერპლნი ხდებიან, იუწყება სააგენტო „ინოსმი“ ესპანურ გაზეთ Publico.es-ზე დაყრდნობით.
2011 წლიდან ათეულ ათასობით თურქი და ქურთი ომის დაწყებიდან მოყოლებული, სირიელ გოგონებთან და ქალებთან უკანონო ქორწინებაში იმყოფებიან. თურქეთში 1926 წლიდან აკრძალულია პოლიგინია (მამაკაცის უფლება, ჰყავდეს რამდენიმე ცოლი) და ბავშვთა ქორწინება.
თუმცა, თანამედროვე ქალი მაინც ძველი საბაზრო ვაჭრობისა და ოჯახური ძალადობის ობიექტად დარჩა. მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით 270 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
თურქული ფემინისტური ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ხუთ წელიწადში მრავალცოლიანობა ისევ „მოდაში შემოვიდა“, პირველ რიგში, სირიასთან მოსაზღვრე რაიონებში. იმ დროს, როდესაც თანამედროვე თურქეთში მრავალცოლიანობის პრაქტიკა დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა და არცერთი ქალაქელი ქალი არ მოინდომებს, მეორე ცოლი გახდეს, სოფლებში პოლიგინიამ ძალზე მოიკიდა ფეხი. აქ ძალზე ხშირად წააწყდებით მდიდარ თურქ მამაკაცს, რომელსაც თავისი სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად რამდენიმე, ხანდახან ხუთი ცოლიც კი და უამრავი ბავშვი ჰყავს. ამით ის ფეხქვეშ თელავს კანონს, რომელიც მრავალცოლიანობას კრძალავს.
მმართველი პარტიის ზოგიერთ ლიდერსაც კი ჰყავს სახლში მინიმუმ ორი სექსუალური მონა. სოფლებსა და პროვინციულ ქალაქებში სამოქალაქო ქორწინებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ქვეყნის კანონის საწინააღმდეგოდ, აქ დიდი წონა აქვს მუსლიმურ ქორწინებას, რომელსაც იმამი ასრულებს. ხომ არ დგას თურქეთი ფუნდამენტალისტების ისლამის ვერსიის მიღების წინაშე?
ომი ლტოლვილი ქალების სხეულისთვის
თუ სამოქალაქო ომის დაწყებამდე სირიელი ქალები ღმერთის ხელში იყვნენ, ამჟამად ისინი ომის დემონის ხელში არიან, რომელიც მათ არასდროს მიატოვებს და მოასვენებს. სირიელი, ომს გაქცეული ქალები ყოველთვის „სასურველი სექსუალური გასართობი“ იქნებიან მდიდარი მამაკაცებისთვის. სამშობლოდან შორს მყოფი ობოლი გოგონები, ბავშვიანი ქვრივები, მარტოხელა ქალები არა მარტო იტანჯებიან და დამცირების ობიექტი ხდებიან, არამედ სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც არიან. ლტოლვილები, სამშობლოს დატოვების შემდეგ, საკუთარ იდენტურობასა და სოციალურ მნიშვნელობას კარგავენ. ღარიბები არავის და არსად სჭირდებათ. თურქეთი, რომელსაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დიდი პასუხისმგებლობა აქვს მომხდარ ტრაგედიაში, მათ არასდროს ეტყვის „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.
ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე ორ მილიონამდე ლტოლვილი იმყოფება, აქედან დაახლოებით 220 ათასი ლტოლვილთა ბანაკებში არის განთავსებული და მინიმალურ დახმარებას იღებს. დანარჩენები იძულებულნი არიან, დაიქირაონ ქოხები, ნახევრად დანგრეული ნაგებობები, რომელთა ფასებმაც იმატა, და იქ საშინელ პირობებში იცხოვრონ. სწორედ აქ ჩნდებიან დამნაშავეები, რომლებიც ქურდობენ და ადამიანებით ვაჭრობენ. ისინი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ მშობლებს არასრულწლოვანი ქალიშვილების მიყიდვას სთავაზობენ, ან, სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ, საცხოვრებელ ფართს უფასოდ სთავაზობენ.
ის, რომ მამაკაცებმა არაბული ენა არ იციან და გაუგებარია, როგორ ექნებათ მათ ურთიერთობები გოგონებთან, არავის აღელვებს.
როგორ ირჩევენ „ცოლებს“
ბოლო დროს თურქეთის სირიის მოსაზღვრე რაიონებში მოდაში შემოვიდა თურქი მამაკაცების მომსახურება. ჩვეულებრივ, 50-60 წლის ფინანსურად უზრუნველყოფილი მამაკაცები მრავალშვილიანი ოჯახებიდან 22-23 წლის გოგონებს ეძებენ. ასეთი მომსახურება დაახლოებით ერთი ათასი ევრო ღირს. მომსახურების ასეთმა „სიიაფემ“ გამოიწვია ის, რომ ამჟამად თურქეთში ბევრი მამაკაცია, რომელსაც სამი სირიელი ცოლი ჰყავს. ჩვეულებრივ, ასეთი ქორწინება მუსლიმანური კანონებით ხდება, რომელსაც იმამი ასრულებს და ამას იურიდიული ძალა არა აქვს.
ასეულობით სირიელი გოგონა 12-13 წლის ასაკში უკვე დედა გახდა. 2011 წლის დასაწყისიდან თურქეთში 70 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა, რომელთაც სირიელი დედები ჰყავთ. პირქუში სურათია გოგონა-დედებისა და მათი ბავშვებისთვის. სხვა სირიელი გოგონები იძულებულნი არიან, თურქეთის ქუჩებში სხეულით ივაჭრონ 5 ევროდ, რომ საკუთარი შვილები და მშობლები არჩინონ. როგორ შეიძლება სიტყვით აღწერო ის ტკივილი და დამცირება, რომელსაც ისინი განიცდიან?