ნუგზარ შარია: მე ისევ 29 წლის ვარ!

© photo: courtesy of Nugzar Shariaნუგზარ შარია, არქივის ფოტო
ნუგზარ შარია, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ დროს ქართული კინოს პოპულარულ და გამორჩეულ მსახიობს, ნუგზარ შარიას ამ დღეებში 75 წელი შეუსრულდა. Sputnik-ი მას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდაში დაუკავშირდა.

„19 თებერვალს, ეს თარიღი ბროდვეის ცენტრმა აღნიშნა და რამდენიმე დღით ადრე ვაშინგტონის თეთრმა სახლმა დაბადების დღე მომილოცა“, — გვითხრა ბატონმა ნუგზარმა.  „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის წევრი, მრავალ ადამიანს შეხვედრია, ამიტომ გასახსენებელი ბევრი აქვს. დღეს მას  მხოლოდ ერთი რამ აწუხებს: როგორ გაუზიაროს ქართველ ხალხს, თავისი მრავალი წლის გამოცდილება…

- ბატონო ნუგზარ, როდის და რა მიზეზით წაბრძანდით საქართველოდან?

— 1966 წელს შუა აზიაში ფილმ „ღალატის“ გადაღებებზე უმძიმესი ტრამვა მივიღე. გამოქვაბულში ცხენი დაცურდა და ფეხებზე დამეცა. სასწაული მოხდა და გადავრჩი! ჩემი პირველი ფილმი იყო „ენგურის ნაპირებზე“, რომელსაც მოჰყვა სხვა ფილმები და 3-4 წელიწადში რეკორდი მოვხსენი.

როცა შინ ყავარჯნებით დავბრუნდი, ჩემი ბავშვობის მეგობარმა, სიკო დოლიძის ვაჟმა — თემურ დოლიძემ მირჩია კინორეჟიოსორბისთვის მომეკიდა ხელი და მოსკოვში გავემგზავრე, უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩასაბარებლად. იქ მითხრეს: „თქვენი გარეგნობის კაცი, აქ ვერ ისწავლით: რესტორნები, ქალები… სწავლისთვის არ გეცლებათ!“ მე არ დავიხიე, ვუმტკიცებდი, რომ კარგად ვისწავლიდი. მომცეს დავალება: ერთ ღამეში უნდა დამეწერა ორ გვერდიანი სცენარი — რა ვნახე მოსკოვში! დამითმეს ოთახი და მითხრეს: დილის 7 საათზე ნამუშევარი უნდა დაგვხვდესო და აი, მაშინ გეტყვით: გაქვთ თუ არა უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე განცხადების შემოტანის უფლება!

გარეთ გამოვედი, საღამოს 9 საათია, მოსკოვში თოვლი მოდის და დედაქალაქის ცენტრიდან მეტრომდე ხალხი მიედინება. ქუჩაში შევამჩნიე ნაბიჯების კვალი: დიდების, პატარების, ქალების, მოხუცების… ეს კვალი მეტრო მაიაკოვსკის შესასვლელთან მთავრდებოდა, სადაც ლოთები იდგნენ და სვამდნენ — ზოგი არაყს, ზოგი ღვინოს. ამ დროს ჩამოიარა მანქანამ, რომელიც თოვლის გასადნობად წყალს აპკურებდა და ლოთებს წყლის შადრევანი შეასხა. დავბრუნდი სასწავლებელში, შევედი კაბინეტში და ეს ამბავი დავწერე. მეორე დღეს წაიკითხეს და მითხრეს: ეს არის უმაღლესი რეჟისურა, თქვენ  სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაგრიცხავთ, ოღონდ კიდევ უნდა დაწეროთო… 

მეც დავწერე: 1956 წელს, თბილისის ზოოპარკი წყალმა წალეკა. ქუჩაში გაქცეული ცხოველების სანახავად ხალხი გამოვიდა. ყველას აინტერესებდა ცოცხალი ნიანგის ხილვა, რომელიც ცხვირით კონსერვის ქილებს მიათრევდა. მალე  რაზმელებმა ნიანგი თავის სადგომში დააბრუნეს. მეორე დღეს ნიანგი მოკვდა. ესე იგი, ნიანგმა ერთი დღე  შეისუნთქა თავისუფლება და როცა გალიაში დააბრუნეს, გული გაუსკდა. ამ ჩემ პირველ სარეჟისორო ნამუშევარს ერქვა: „თავისუფლების ერთი დღე“. 

© courtesy of Nugzar Shariaნუგზარ შარია ფილმში "ხევისბერი გოჩა", ფოტოარქივი
ნუგზარ შარია ფილმში ხევისბერი გოჩა, ფოტოარქივი - Sputnik საქართველო
ნუგზარ შარია ფილმში "ხევისბერი გოჩა", ფოტოარქივი

- ბატონო ნუგზარ, როცა მოსკოვიდან თბილისში ჩამობრძანდით როგორ შეიცვალა თქვენი კარიერა?

— აქ არც რეჟისორად მიმიღეს და არც მსახიობად… და რატომ? იმიტომ რომ მე არ ვიყავი კომუნისტური პარტიის წევრი, არ ვმსახურობდი საბჭოთა ჯარში, შტატში არსად არ ვყოფილვარ. მხოლოდ ფილმების გადაღების პერიოდში ვიღებდი ხელფასს, ფილმის გადაღება მთავრდებოდა და ხელფასიც აღარ მქონდა… ეს იყო 1968 წლის დასასრული.

გულახდილად გეტყვით: დამნაშავე იყო კინოსტუდიის იმჟამინდელი დირექტორი, რომელსაც ჩემ მიმართ პირადი მოტივი ჰქონდა. ყველა კარი დამიხურეს, ქუჩაში აღმოვჩნდი, ჩემი სცენარები დაიწუნეს. სხვა გამოსავალი არ მქონდა — ჩემი თავისთვის უნდა მეპატრონა! მერე ერთი ფილმის გადაღებაზე ვმუშაობდი, რეჟისორად, მაგრამ როცა ფილმი დასრულდა ჩემი სახელი არ ახსენეს. ეს იყო „სემირამიდას ბაღები“…

სხვათაშორის ჩუმად არ წავსულვარ, კინოსტუდიაში დავტოვე ოფიციალური განცხადება: „მე, ნუგზარ შარია, ვანთავისუფლებ ჩემ სამსახურს კინოფილმში „სემირამიდას ბაღები“, ვინაიდან ვტოვებ საქართველოს და სამუდამოდ მივდივარ უცხოეთში.“

- ბატონო ნუგზარ, ამდენი ხანია უცხოეთში ცხოვრობთ… როგორი ასპარეზი აქვს ადამიანს საზღვარგარეთ და რით განსხვავდება საქართველოსგან?

— მე რასაც გიპასუხებთ, მინდა წაიკითხოს ყველა ქართველმა! საქართველო ყველა ქვეყანაზე მაღლა დგას. მე თუ დასავლეთში რამეს მივაღწიე  და ეს ცოტა არ არის, მივაღწიე ჩემი ქართველობით, პატიოსნებით, ჩემი სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით და ჩემი არაადამიანური ცხოვრებისეული გა-მოც-დი-ლე-ბით! ამერიკელებს აქვთ ასეთი ანდაზა: „Experience is everything“ – გამოცდილება ყველაფერია. უცხოეთში მიღებული გამოცდილება ქართველ ერს თუ არ მოხმარდა, ჩემ ცხოვრებას აზრი არ აქვს!.. მე არც სახლი მაკლია, არც პური, არც მამული, არც ბინები — არაფერი! მაკლია ჩემი სამშობლო! საქართველო მაკლია! რატომ? იმიტომ კი არა, რომ ნოსტალგია მაქვს! არა! საქართველო არის შენი სამ-შობ-ლო! შენი დედამიწა! 

რა მინდა ვთქვა: არც ერთი ქართველი უცხოეთისთვის არ მე-მე-ტე-ბა! საქართველო ეს არის ბურთი, რომელიც ჩაჩრილია წყალში, მაგრამ რაც უფრო აწვებიან — უფრო მაღლა ვარდება!.. მაშ მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი: რამდენი საუკუნის წინ დასახლდნენ ებრაელები საქართველოში? საქართველო, ხომ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მეჩეთის გვერდზე დგას სიონის ტაძარი და იქვეა სინაგოგა! ისწავლოს მთელმა მსოფლიომ საქართველოსგან! აი, სად არის საქართველოს სიღრმე!

საქართველოს ინტელიგენციის ყველა წარმომადგენელს ვურჩევდი, დადგეს სარკის წინ და ჩაიხედოს საკუთარ თვალებში და საკუთარ თავს მოთხოვოს — რა გააკეთა მან სამშობლოსთვის!

- წავიკითხე თქვენი ბიოგრაფია, რამდენი ადამიანია თქვენ ცხოვრებაში. ამ გადასახედიდან ვის გაიხსენებდით, ბატონო ნუგზარ?

— მე ვიმუშავე მსოფლიოს 37 რეჟისორთან, მათ შორისაა უოლტ დისნეი… დამამახსოვრდა მიხეილ ჭიაურელის სიტყვები, როცა მან ფილმის „ენგურის ნაპირებზე“ ნახვის შემდეგ მითხრა: „შვილო, მე ეს ფილმი არ მომეწონა, მაგრამ კინოხელოვნებაში ღვთის ნაჩუქარი ტალანტი ხარ! ეს როლი დაივიწყე და თუ მეორე როლი მიიღე, იმაზე იფიქრე! “

ვიხსენებ ბრწყინვალე რეჟისორს, ქალბატონ ლილი იოსელიანს! მასთან ვიმუშავე კლავდიუსის როლზე — „ჰამლეტში“. ტექსტზე მუშაობა მან მასწავლა. როცა გერმანიაში მთავარი როლი მივიღე — ურთულესი ტექსტის დამუშავებას ორი თვე მოვანდომე და ლილი იოსელიანის მეთოდით ვმუშაობდი.

© F/B Nugzar Shariaნუგზარ შარია
ნუგზარ შარია - Sputnik საქართველო
ნუგზარ შარია

- ბატონო ნუგზარ, რა გაძლევთ ცხოვრების გაგრძელების სტიმულს? 

— ჩემი შვილი — ზურაბ შარია, რომელიც ჩემ კვალს გაჰყვა, შვილიშვილები… პასუხიმგებლობა ჩემი ერის წინაშე! ახლა მე ქართულად გესაუბრებით, მაგრამ 14 ენა ვიცი. დღე და ღამე ვმუშაობ ტექსტებზე, სიმღერებზე… ერთი ამბავი გამახსენდა: გავიცანი ჯაზის მოვლენა — დიუკ ელინგტონი, რომელმაც მითხრა, რაღაცა დაუკარითო… მე ვუთხარი: „დიუკ ელინგტონის წინაშე დაკვრას ვერ გავბედავ!“ უნდა გითხრათ, რომ სულ 4 წელი ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში და თითქმის ყველაფერი დავიწყებული მქონდა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს დავუკარი: „მზე შინა და მზე გარეთა…“ დიუკ ელინგტონი გვერდზე მომიჯდა და ოთხ ხელში შევასრულეთ ეს მელოდია. ბოლოს, ჩემი თხოვნით ფურცელზე ნოტები დაწერა და ხელი მოაწერა! დღეს, ეს ნოტები ვაშინგტონის არქივში დევს…

- ბატონო ნუგზარ, დღეს რისთვის იღწვით, თქვენი სურვილი რა არის?

— ერთხელ ნიკო ნიკოლაძეს ჰკითხეს — „რა არის თქვენი ცხოვრების მიზანი?“ მანანა, „ამერიკის ხმაში“, ქართული რედაქციის წევრებს საკუთარი აზრის თქმის უფლება ეკრძალებოდათ, მაგრამ წიგნებიდან მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა. ჩემი სიტყვებით არ შევაწუხებ საზოგადოებას, მე ვიტყვი იმას, რაც ნიკო ნიკოლაძემ უთხრა ინგლისის პრემიერ-მინისტრს ლოი ჯორჯს: „მე ვარ ქართველი და მინდა ვიყო უკეთესი ქართველი!“

და ბოლოს, ჩემი ვარსკვლავის გახსნაზე, კინო-ცენტრმა სამჯერ თქვა უარი!.. ნათქვამია: თავის ქება კიტრად არ ღირსო, მაგრამ პასუხი რატომ არ უნდა გამცე?

მე არავინ და არაფერი ვარ, მაგრამ საქართველოს სიყვარულს ვერ დამიშლიან! საქართველოდან წავედი და ამით დასრულდა ჩემი როლი? გადავხედოთ ჩემ ცხოვრებას — საქართველოში, რომ დავრჩენილიყავი ჩემი ქვეყნისთვის ამდენს გავაკეთებდი? ვინც სახლში იყო რა გააკეთა, ვინ მოიშორა თავიდან ჭირი?.. მუჭა-მუჭად გაგიტანეს საქართველოდან და ამიტომ დაპატარავდი — ეს ჩემი სიტყვები არ არის… ეს მუჭა-მუჭად გატანილი საქართველო, მუჭა-მუჭად დაბრუნდება უკან!.. ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ალექსანდრე ქართველიშვილს, რომლის სიკვდილის შემდეგ „ნიუ-იორკ თაიმსში“ მისი წერილი გამოქვეყნდა: „ვის შევალიე ცხოვრება… საქართველო, საქართველო!“ სხვათაშორის, მე ვარ ის, ვინც მას  ტელეფონით ქართულად ესაუბრა.

- დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო ნუგზარ!..

— ნუგზარ შარია არ არის მთავარი! აქ მთავარია საქართველოს ბედი! ერთხელ ჯუმბერ პატიაშვილმა მითხრა: „ნუგზარ, არ უნდა წასულიყავი!.. შენი ადგილი საქართველოში იყო!“ მან იცოდა, რომ აქ ბევრ როლს ვითამაშებდი, მაგრამ… ამ 44 წელიწადში, რაც მე საქართველოსთვის გავაკეთე, სამშობლოში ამდენს გავაკეთებდი?.. 29 წლის ვიყავი საქართველო, რომ დავტოვე და დღეს, როცა 75 წელი შემისრულდა, საჯაროდ ვაცხადებ: მე ისევ 29 წლის ვარ, ვინაიდან უცხოეთში არ მიცხოვრია. დიდი მადლობა! 

ყველა ახალი ამბავი
0