თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ორ-სამ წელიწადში განათლების გერმანული მოდელი დაინერგება, რომელიც სწავლისა და მუშაობის შეთავსებას ითვალისწინებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმა განათლების გერმანულ მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რათა პროფესიული განათლების ეფექტურ სისტემას მეტი ყურადღება დაეთმოს.
„ამ პროექტის განსახორციელებლად გერმანულ მხარესთან ვმუშაობთ, ვათანხმებთ ტექნიკურ დეტალებს… გერმანული მოდელი — ეს ის ახალი მიდგომაა, რომელიც განათლების სისტემაში გვინდა დავნერგოთ. ეს ნამდვილად სიახლე, რეფორმა იქნება“, — განაცხადა სანიკიძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი არ არის იმაზე, რომ საქართველო ზუსტად ისეთივე მოდელს აიღებს, როგორიც გერმანიას აქვს, რადგანაც ეს ნაკლებ რეალურია, თუმცა, ქვეყანას ყველა რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ, სასურველი შედეგების მისაღწევად, დუალური განათლების ელემენტები დანერგოს.
„ესაა კერძო სექტორისა და დამსაქმებლის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში, სამეწარმეო პრაქტიკის წინსვლა და პრაქტიკული მეცადინეობების შემოღება იმ მიმართულებებით, რომლებიც შრომის ბაზარზე არსებობს და რომლებიც იმ გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც პროფესიულ და ხარისხიან განათლებას მიიღებს, გარანტირებულად დასაქმდება“, — აღნიშნა სანიკიძემ.
აუცილებელია ადგილობრივი კადრების ღირსეული მომზადება, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების იმ ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს ვუპასუხოთ, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, განაცხადა მინისტრმა.