თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მესტიის რაიონში ახალი სამთო–სათხილამურო კურორტის, „თეთნულდის“ მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა, სადაც სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე ტრასა (1.7კმ) იფუნქციონირებს, — ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი საბაგირო გზა დაათვალიერა, რომელიც დამსვენებლებს უფასოდ მოემსახურება.
პრემიერის თქმით, საქართველოს სამთო კურორტების განვითრების კარგი რესურსი აქვს, რაც მაქსიმალურად და რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ.
„დღეს თეთნულდზე ფუნქციონირებს ერთი სათხილამურო ტრასა, ჩვენ ვგეგმავთ, წლის ბოლომდე, კიდევ სამი საბაგირო გზა შევიდეს ექსპლუატაციაში. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. სოფელ მულახიდან თეთნულდის ბაზას დაუკავშირდება დამატებითი საბაგირო“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე თქვა, რომ აშენდება „რამდენიმე სასტუმრო, რათა ბიძგი მივცეთ ამ კურორტის განვითარებას“, და რწმენა გამოთქვა, რომ „ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი“.
„თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ღირებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა აფინანსებს ფრანგი კოლეგების დახმარებით, 100 მლნ ლარს შეადგენს.
მშენებლობის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა მიმდინარე წლის იანვარში. „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება.
სამთო–სათხილამურო სეზონი თეთნულდში 6–7 თვე გაგრძელდება, თუმცა კურორტი მთელი წლის განმავლობაში მიიღებს დამსვენებლებს.