თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-გუდაური და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია, იტყობინება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი როდიონოვკა (ფარავანი) კმ 94-კმ 110) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავსუფალია.