გოგი თოფაძე: დავით ბერძენიშვილს ძალიან გაუვიდა თავს

© თ. ჩოჩუადეპუტატი გოგი თოფაძე
დეპუტატი გოგი თოფაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ "რეპორტიორში" გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკურ პარტიასთან“ დაპირისპირების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გოგი თოფაძე: თავად თინა ხიდაშელმა მომაყენა შეურაცხყოფა საჯაროდ. მე მას გავეცი პასუხი და დავადანაშაულე, რომ ის არაკორექტულად მოიქცა შუალედურ არჩევნებზე. ის არაკორექტულად მოიქცა, როდესაც 527 ჯარისკაცი ჩაიყვანა საგარეჯოში. ზუსტად იმავე თვეს, არჩევნებამდე თეა წულუკიანთან ჩატარდა თათბირი ამ თემაზე და შეიქმნა ოქმი ნომერი სამი, რომლის თანახმადაც მუხროვანის მეცამეტე უბანზე სულ 25 ჯარისკაცი იყო და ეს უბანი არ უნდა გახსნილიყო. იმ 25 კაცს ვანაწილებდით სხვა უბნებზე. ამის მერე, თავდაცვის მინისტრმა თავის თავზე აიღო და 527 კაცი ჩაიყვანა საგარეჯოში მთელი საქართველოდან. პრაქტიკულად, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს არჩევნების შედეგი. ხიდაშელის თანაგუნდელები ტყუილად ცდილობენ, რომ გაამართლონ ეს ყველაფერი. ისმის კითხვა, რა დაუჯდა ეს ყველაფერი სამინისტროს და რატომ უარყოფს ხიდაშელი, რომ მოხდა ეს დარღვევა? თუ არ იცოდა, ხმამაღლა განაცხადოს. 

- დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ეს ჯარისკაცები საგარეჯოში წინასაარჩევნოდ არ ჩაუყვანიათ და ისინი იქ ბოლო ერთი წლის მანძილზე იმყოფებოდნენ. 

— დიახ, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის ჯარისკაცები იმ რეგიონში ერთი წელია უკვე დგანან. როგორ შევათანხმოთ ეს განცხადება იმ ოქმთან? საერთოდ, დავით ბერძენიშვილს ძალიან გაუვიდა თავს. ასეთი სიყალბის განცხადებისას უნდა ფიქრობდეს, რომ ასეთი ტყუილი საზოგადოებას არ აკადროს. პოლიტიკოსს უფლება არ აქვს საჯაროდ ასეთი განცხადება გააკეთოს. უნდა დაფიქრდეს, რომ საზოგადოებაში მისმა განცხადებამ ღიმილი არ გამოიწვიოს.

- ბერძენიშვილი ასევე აცხადებს, რომ თქვენ კოალიციას ყველაზე ბოლოს შეუერთდით. ეს რაიმე სახით აკნინებს თქვენს წევრობას?

- როგორც კი ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა დააპირა, მეორე დღესვე მივედი მასთან, ჩვენ დიდი ხანია ვურთიერთობთ, და ვუთხარი, რომ რამდენიმე ობიექტზე მეჯდა ფინანსური პოლიცია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მაინცდამაინც დალაგებული ურთიერთობა არ მქონდა. ვუთხარი, რომ მათი მოცილება მინდოდა. მომისმინა ივანიშვილმა, გამიგო. გავიდა რამდენიმე თვე და შევედი კოალიციაში.

ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პირველები შევიდნენ კოალიციაში. მაგას არც არაფერი აწუხებდა, აბა მე მკითხოს? მრავალმილიონიან ჯარიმებს მადებდნენ. 

- შესაძლოა თუ არა, რომ ეს დაპირისპირება თქვენი კოალიციიდან წასვლის მიზეზი გახდეს?

— ეს არის მათი მოგონილი. დავით ბერძენიშვილი ხშირად აკეთებს ასეთ „სენსაციურ“ განცხადებას. მეტსაც გეტყვით, ცდილობენ, რომ ჩვენი ფრაქციიდან ვინმე გადაიბირონ. ასეთი განცხადებები ქმნის რაღაც აჟიოტაჟს. 

- მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში?

— ერთი პირობით მივიღებ მონაწილეობას. გავიდნენ ისინიც და ჩვენც კოალიციიდან და ცალ-ცალკე ვიყაროთ კენჭი, რომ დავანახოთ რა ავტორიტეტი აქვთ მათ საზოგადოებაში. ვიყაროთ ორივემ ცალკე კენჭი და მერე გავერთიანდებით თუ არა ვნახოთ. სხვა პარტიები დარჩებიან კოალიციაში. 

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0