თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფმა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაბა გუდაურში ორკვირიანი სამთო-სამაშველო სწავლება გაიარა,იტყობინება საქართველოს შს პრესსამსახური.
ტრენინგს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი გიორგი ძაგნიძე და მისი მოადგილე დავით შათირიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
სასწავლო პროგრამა ზვავში საძიებო სამუშაოების ჩატარებას, დაზარალებულის სპეციალური საკაცით გადაყვანას, თოვლში საყრდენების მოწყობას და სამაშველო ჯგუფის დამრეც ფერდობზე გადაადგილებას ითვალისწინებდა.
სწავლება მაშველებს პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება, რაც სამომავლოდ კატასტროფებზე მათ რეაგირებას გააუმჯობესებს.