„მშვიდობის მარშის“ ქართველი დესპანის 850-დღიანი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

© ნ. ბერიძენოდარ ბერიძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად
ნოდარ ბერიძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანი, რომლის ცხოვრებაც ლეგენდარული ველომრბოლელისა და მსოფლიო რეკორდსმენის, გინესის წიგნის 18 გზის ჩემპიონის ჯუმბერ ლეჟავას გაცნობის შედეგად რადიკალურად შეიცვალა, ველოტურით „მშვიდობისთვის“ მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობს.

ნინო ცხოიძე

ვინ არინ ნოდარ ბერიძე

ნოდარ ბერიძე წარმოშობით ქობულეთიდანაა. გარკვეული წლები თურქეთსა და უკრაინაში გაატარა და იქ მცხოვრებ ქართველებს არაერთხელ დახმარებია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მან  არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა ერთისათვის“ დააფუძნა, გარდა ამისა, ბერიძე საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციის „მელოდე“ („жди меня“) წარმომადგენელია. 

ნოდარ ბერიძის ველოსპორტით გატაცება და დაინტერესება 2012 წლიდან დაიწყო. ჯუმბერ ლეჟავასთან ერთად ბერიძემ მხოლოდ 17-დღიანი ტურის განხორციელება მოასწრო. ახალბედა ველომრბოლელმა შემდგომ დაგეგმილი ტურები საქართველოში (3), უკრაინასა (2) და ამიერკავკასიაში (1) ლეჟავას გარეშე განახორციელა. 

 45 წლის ნოდარ ბერიძე უკვე მეშვიდე, ხანგრძლივ მოგზაურობაშია. მოგზაურობის დაწყებამდე სპორტსმენმა ჯუმბერ ლეჟავას ხსოვნას პატივი მიაგო და 22 იანვარს სტარტი დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო.

 

ველოტურის  მისია  და  მიზანი

ნოდარ ბერიძემ საქართველოდან აზერბაიჯანში გადაინაცვლა. ამ დროს ბაქოში ახალგაზრდული დღეები იყო დაგეგმილი. პროფესიონალმა ველომრბოლელებმა სწორედ მის ჩასვლას დაამთხვიეს ამ ზეიმის აღნიშვნა და ქართველი კოლეგა საზეიმოდ გააცილეს აზერბაიჯანიდან ირანის მიმართულებით.

მეშვიდე ტური, რომელსაც სპორტსმენი ახორციელებს, მოიცავს ევროპის, აზიისა და აფრიკის 50 ქვეყანას და 850 დღეში დაიფარება 50 000 კილმეტრზე მეტი მანძილი, ანუ, 3500 დაბა და სოფელი. ნოდარ ბერიძე ვარაუდობს, რომ ამ ტურში 10 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ხოლო აუდიტორია 500 მილიონზე მეტი იქნება. 

ქართველი ველომრბოლელი თავის მისიას  მშვიდობისა და ტოლერანტობის პროპაგანდაში ხედავს და დიდი იმედი აქვს, რომ გზადაგზა საქართველოს პოპულარიზაციით სულ უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს. გარდა ამისა, მისი სურვილია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ჯუმბერ ლეჟავას ბიოგრაფიისა და მიღწევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

4 თებერვლიდან „მშვიდობის მარში“ თითქმის 1თვის განმავლობაში ირანის ტერიტორიას მოიცავს და თურქმენეთისაკენ გადაინაცვლებს. ნოდარ ბერიძეს უკვე ჰქონდა შეხვედრები თეირანში, ისპაჰანსა და ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებთან.

© ნ. ბერიძესაოცრად ემოციური დახვედრა ფერეიდანში
საოცრად ემოციური დახვედრა ფერეიდანში - Sputnik საქართველო
საოცრად ემოციური დახვედრა ფერეიდანში
 

ჩვენთან საუბრისას ნოდარ ბერიძემ თეირანსა და ფერეიდანში ქართველებთან შეხვედრასა და ზოგადად, ტურის შესახებ გვესაუბრა:

ნოდარ ბერიძე: „ბაქოში ველომრბოლელების დახვედრა ძალზე შთამბეჭდავი იყო და ამაღლებული განწყობით გამოვემგზავრე ირანში. თუმცა, არ ვიცი რით ავხსნა, ირანში შემოსვლისთანავე ისეთი განცდა დამეუფლა, სამი საათი ველოსიპედზე დაჯდომა ვერ მოვახერხე. ალბათ, ფერეიდანში ჩვენ ქართველებთან შეხვედრის მოლოდინის ემოცია იყო. თალესა და ენზეს შემდეგ 2 დღე ისპაჰანში არაჩვეულებრივ ქართველებთან გავატარე. დიდებულად მიმასპინძლეს, ყველა თვისთან მეპატიჟებოდა… 

 17 თებერვალს ფერეიდანში ჩამოვედი, სადაც ასევე საოცარი დახვედრა მომიწყვეს ჩვენმა თანამემამულეებმა. ავტომანქანების კოლონა დამხვდა, მეგებებოდნენ შეძახილებით: „საქართველოს გაუმარჯოს!“, „ქართველო, შენ გენაცვალე!“, „დიდება უფალს!“,  „ღმერთს ებარებოდე!“, საოცრად ემოციური შეხვედრა იყო.  

განსაკუთრებით ემოციური იყო ასაკოვან ფერეიდნელებთან შეხვედრა, რომლებიც საქართველოს შესახებ მეკითხებოდნენ. როცა მათ ვუყვებოდი ქართველების, ჩვენი ტრადიციების შესახებ, თვალცრემლიანი, ამაყად მისმენდნენ.  გამიჩნდა იდეა, რომ იქნებ ბიზნესმენების დახმარებით, მოვაწყოთ ამ ადამიანებისთვის ტურისტული მოგზაურობა სამშობლოში, რომ თვეში ერთხელ ამ ქალაქებიდან რამდენიმე ადამიანი ჩმოვიყვანოთ. ამ იდეას რამდენიმე დღეში საქართველოს ელჩსაც გავაცნობ“.

18 თებერვალს, საღამოს ნოდარ ბერიძის პატივსაცემად, ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა კონცერტი გამართეს. ნოდარ ბერიძეს მასპინძლებმა ორ ენაზე დაბეჭდილი მადლობის სიგელი გადასცეს. ბერიძე ომარ ხაიამის მშობლიურ ქალაქ ნიშაპურსაც მოინახულებს და კიდევ ერთ ქართულ დასახლებას, თორელს ესტუმრება.

„მშვიდობის მარშის“ დესპანი ირანში, სავარაუდოდ, 5-6 მარტამდე დარჩება.

© ნ. ბერიძეროგორ დახვდა ნოდარ ბერიძეს ქალაქი თორელ ბოინი
როგორ დახვდა ნოდარ ბერიძეს ქალაქი თორელ ბოინი - Sputnik საქართველო
როგორ დახვდა ნოდარ ბერიძეს ქალაქი თორელ ბოინი
 

მარტში იგეგმება თურქმენეთში მოგზაუობა. ხოლო აპრილში ნოდარ ბერიძე თბილისში დაბრუნდება და ვლადივოსტოკში გადაფრინდება, საიდანაც 9 მაისამდე რუსეთის რამდენიმე ქალაქში ტურნეს გააგრძელებს.

მსოფლიო ველო მოგზაურის —  ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურის "საქართველო მშვიდობისათვის" მე-3 ეტაპი,  25 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. მეოთხე ტური კი ამიერკავკასიის დანარჩენ რეგიონებში გაგრძელდება. 

მოგზაურობა 850 დღეს გაგრძელდება. სიმბოლურია, რომ  ველომრბოლელის საქართველოში დაბრუნება უკვდავი შოთა რუსთველის იუბილის 850 წლისთავს ემთხვევა. ამდენად, ნოდარ ბერიძე თავის მისიას ამ მხრივაც მნიშვნელოვანს უწოდებს.

ბერიძის საქართველოში დაბრუნება 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იგეგმება.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0