ჩემი თაობის „გოგო-ბიჭებს“ ემახსოვრებათ, რომ ბავშვობაში ყველა ჩვენგანს ასწავლიდნენ, თავმდაბლობა ადამიანს ამკობს, სავსე თავთავი დახრილია, ფშუტე კი მაღლა-მაღლა ყელყელაობს, სხვამ უნდა გაქოს, თვითონ კი არ უნდა „გაიქაფო“, ასეთი კარგი და ისეთი გადასარევი ვარო, თავს მხოლოდ თავხედი და ბრიყვი თუ შეიქებს, თორემ მართლაც ღირსეული და ჭკვიანი ადამიანი ამას არაფრით იკადრებსო… მოკლედ, ათასნაირი დარიგება გვესმოდა წლების განმავლობაში ყოველდღიურად და საბოლოოდ, „ათას ერთი ღამის“ შეჰერაზადასი არ იყოს, როგორც ჩანს, ბევრმა ჩვენგანმა „ეს ამბავი თვალის უპეებზე ნემსით დავიწერეთ, ვინაიდან შეგონებად გვექცა“.
ზემოთ ხაზი გავუსვი, ჩემი თაობის ხალხს ემახსოვრება-მეთქი. დავამატებ: გადმოცემით ვიცი, რომ ამავეს ასწავლიდნენ ჩემზე უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც, იმათზე უფროსებსაც და კიდევ უფრო წინა თაობებსაც. სავარაუდოდ, იქნებოდა გამონაკლისებიც. რაც შეეხება ჩემს შემდგომებს, ასე მგონია, ვითარება აქ, შესაძლოა მცირედ, მაგრამ მაინც შეიცვალა. პირად მაგალითზე მოგახსენებთ: თავმდაბლობის შესახებ გამუდმებული გაკვეთილების მსხვერპლი (დიახ, მსხვერპლი უბრჭყალებოდ, პირდაპირი მნიშვნელობით!) დაუნანებლად და დაუზარებლად ვაქებდი საკუთარ (და სხვებისაც) შვილებს ნებისმიერ წვრილმანზე და დაჟინებით ვუმეორებდი: იცოდეთ თქვენი თავის ფასი — ოღონდ, რეალური ფასი; არასდროს მოგერიდოთ, ხაზი გაუსვათ საკუთარ ღირსებას — ოღონდ, ჭეშმარიტ ღირსებას; არავის მისცეთ უფლება, დაგჯაბნოთ იქ, სადაც პირველობას თქვენ იმსახურებთ და ხმამაღლა დაასაბუთეთ თქვენი უპირატესობები; იყავით ამბიციურები, ოღონდ გონივრულად ამბიციურები და არა ბრიყვულად… და ასე შემდეგ, დაუსრულებლად, რათა თავდაჯერებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული შვილები გამეზარდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, მალე აღმოვაჩინე, რომ შესაძლოა განსხვავებული მეთოდებით, მაგრამ იგივეს ასწავლიდა შვილებს ბევრი სხვა მშობელიც, რომლებთანაც უშუალო კონტაქტი მქონდა, ანუ ყოველდღიურად მოძრაობდა ჩემს ორბიტაზე. შესაბამისად, ვხედავდი, რომ ამ „წამოწყებაში“ მარტო არ ვიყავი და ვაკეთებდი დასკვნას: ჩემი თაობის „გოგო-ბიჭების“ რაღაც ნაწილი მშობლებმა უნებლიეთ, სურვილის საწინააღმდეგოდ, დაგვთრგუნეს, თავმდაბლობის სიკეთეზე გამუდმებული ჩიჩინით რაღაცნაირად შეგვბოჭეს, თავდაჯერებულობა დაგვაკარგვინეს და ახლა ვცდილობდით, ჩვენ მაინც არ დაგვეშვა ეს შეცდომა აღზრდაში.
დიახ, შეცდომა, ვინაიდან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, თავდაჯერებული ადამიანი სხვის მხარდაჭერას არ ეძებს, არ ცდილობს, სხვების თვალში გამართლება მოუძებნოს საკუთარ საქციელს. ის ინიციატივიანია და გაბედული, ამიტომ ხშირად ბევრს აღწევს.
ადამიანს, რომელსაც მაღალი თვითშეფასება აქვს, ვერაფერს აკლებს, გულს ვერ უტეხს წარუმატებლობა და კრიტიკა, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ ამის მიზეზი გარემო პირობები და დაშვებული შეცდომებია და არა მისი მანკიერი თვისებები. ამიტომაც ყოველთვის იპოვის ძალას, თავიდან დაიწყოს საქმე და ამჯერად შეცდომა აღარ გაიმეოროს.
დაბალი თვითშეფასების ადამიანი კი პირიქით, ძალიან დიდ, საჭიროზე მეტ ყურადღებას აქცევს სხვათა რეაქციას ნამოქმედარსა და ნათქვამზე. კრიტიკის მიმართ მეტად მგრძნობიარეა, კიდევ უფრო მგრძნობიარეა ქების მიმართ, ანუ, პრაქტიკულად, არ იღებს შექებას. სხვათა შორის, ასეთები დიდად არც ცდილობენ რაიმე მნიშვნელოვნის მიღწევას ცხოვრებაში, ვინაიდან არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობებისა. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი სხვათა შეხედულება-მოსაზრებებზეა დამოკიდებული და ნაკლებად აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციას იკავებს.
სამწუხაროდ, საქართველოს მოზრდილი(!) მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აწვალებს თავდაჯერებულობის ნაკლებობა. ზუსტი ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ რომ კარგად არ მახსოვს, სად ამოვიკითხე და ვის მონაცემებს ეყრდნობა ეს ინფორმაცია. ის კი მახსოვს, რომ იმ წერილში სპეციალისტები ამტკიცებდნენ, თავდაუჯერებლობის უმთავრესი მიზეზი შიშია და მსგავსი ნეგატიური შეგრძნებები მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზეო.
დიახ, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანის თავდაჯერებულობა, მით უფრო ჯანმრთელია იგი, ვინაიდან ეს თვისება ფარად ადგება ორგანიზმს — სტრესების ღრმა და ყოვლისმომცველი გავლენისგან იცავს.
იაპონელმა ფიზიოლოგებმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაასკვნეს, რომ თავდაჯერებულ ადამიანებს სტრესები, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ასპექტში, განსაკუთრებული შედეგების გარეშე გადააქვთ. ექსპერიმენტში 2011 წლის მიწისძვრის მომსწრე სტუდენტებისა და მოსწავლეების დიდი ჯგუფი მონაწილეობდა. ტესტირებისას გამოვლინდა, რომ ისინი, ვინც თავდაჯერებულობის მაღალი დონით გამოირჩეოდნენ, სტრესულ სიტუაციას ძალზე ეფექტურად და სწრაფად უმკლავდებოდნენ. ანუ, ის თვისება, რომელსაც ხშირად ნაკლად მიიჩნევენ, სინამდვილეში ძალიანაც სასარგებლოა.
ბრიტანელმა სწავლულები კი კიდევ უფრო შორს წავიდნენ, დაამტკიცეს, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ბავშვები იშვიათად ხდებიან ავად და თითქმის არასდროს აწუხებთ ჭარბი წონა.
healthystyle.info წერს, რომ ექსპერტებმა, სანამ ასეთ დასკვნამდე მივიდოდნენ, უამრავი ბავშვისა და მათი ოჯახების ცხოვრება შეისწავლეს, მთელი ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ კვლევაში მონაწილე 7 500 ბრიტანელს. გაირკვა, რომ იმათ, ვისაც მშობლები დაახლოებით 10 წლიდან უღვივებდნენ თავდაჯერებულობას, 30 წლის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ არც ჭარბწონიანობას შეუწუხებია, ავადაც იშვიათად ხდებოდნენ და არც სტრესს განიცდიდნენ; რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ: არ ეწეოდნენ, არ სვამდნენ და არ ღებულობდნენ ნარკოტიკებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ოცდაათს გადაცილებულებს ნეგატივისკენ შეეცვალათ ცხოვრება. სწორედ ამიტომ, ბრიტანელი მეცნიერები მშობლებს მოუწოდებენ, ქებით ხშირად წაახალისონ შვილები და განუვითარონ თავდაჯერებულობა.
გეტყვით უფრო მეტსაც: ამერიკელმა მეცნიერებმა, ასევე ექსპერიმენტის საფუძველზე, რომელშიც 53-დან 60 წლამდე ასაკის 52 ადამიანი მონაწილეობდა, დაასკვნეს რომ არსებობს უხილავი კავშირი თავდაჯერებულობასა და გრიპის ვირუსით დაავადებას შორის. თავდაჯერებულ ადამიანებს ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ ორგანიზმში ბევრად დიდი რაოდენობით ანტისხეული ჰქონდათ შენარჩუნებული, ვიდრე დაბალი თვითშეფასების მქონეთ.
მოკლედ, თავდაჯერებულობა რომ კარგი ყოფილა და სასარგებლო — ამ მოსაზრების დასტურად კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა, სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს და თავი არ შეგაწყინოთ, მათ ნახვას ინტერნეტში თავად მოგანდობთ. ჩვენი მხრივ კი ერთსღა დავძენთ: ნუ მოგერიდებათ ქებისა, იყავით თავდაჯერებულები და შესაბამისად, ჯანმრთელები!
სულ ბოლოს კი, გავკადნიერდები და გირჩევთ: ეცადეთ, არ აგერიოთ ერთმანეთში თავდაჯერებულობა და ამპარტავნება. ეს სრულიად განსხვავებული ცნებებია და როგორც რუსთაველი იტყოდა „შუა უზის დიდი მზღვარი“.