თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის წინ საპროტესტო აქცია ჩატარდა ისანი-სამგორის პროკურორის, ლეონიდ გერგედავას გადაყენების მოთხოვნით. უკმაყოფილების მიზეზი გახდა 2015 წლის 8 სექტემბრის თბილისის მერის დავით ნარმანიას ბრძანება, რომლის საფუძველზე 5 ათას 400 ლარი დედაქალაქის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო გერგედევას ქალიშვილის პარიზში სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯებისათვის. ბრძანებაში მითითებულია, რომ თანხა გამოყოფილია ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
“ჩვენ შევიტანეთ ოფიციალური განცხადება შოთაძის სახელზე (საქართველოს მთავარი პროკურორი), რათა მან დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს თანამდებობიდან უღირსი პროკურორი გერგედავა,რომელმაც ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და მიაყენა შეურაცხყოფა საზოგადოებას“,-განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი2“-ის ეთერში.
მთავარი პროკურატურის შენობასთან ასევე შეიკრიბნენ სტუდენტები,რომლებმაც ადრე უარი მიიღეს დაფინანსებაზე.
“დეკემბერში ჩვენ მივმართეთ მერიას ოჯახში ფინანსური პრობლემების გამო და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი არგუმენტები, უარი მითხრეს დაფინანსებაზე“,-თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლევან ფირცხალავამ.
“გადადგეს პროკურორი გერგედავა„, „რეისი პროკურატურა-პარიზი“, “ნუ იპარავ სწავლის ფულს!"-ასეთი პლაკატებით მოვიდნენ ახალგაზრდები აქციაზე.
თბილისის მერიამ თავის მხრივ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ საქმესთან დააკავშირებით მიმდინარეობს შიდასუწყებო მოკვლევა. კერძოდ,დაისვა კითხვა, რის საფუძველზე მიუთითა მერიის თანამშრომელმა პროკურორ გერგედავას ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე. მერიაში აღნიშნეს, რომ დასაბუთების არარსებობის შემთხვევაში განთავისუფლდება ყველა პასუხისმგებელი პირი,რომელმაც გასცა არასწორი ინფორმაცია და რეკომენდაცია.