თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. /სოფო კაკაჩია/ ზუგდიდში საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელზეც ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები) არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონფლიქტის ზონის პირას განლაგებულ სოფლებში არსებული საჭიროებები და 2016 წელს დაგეგმილი სამუშაოები.
„საპარლამენტო კომისიის დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობის გაცნობა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, სახელმწიფოში შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო,რომელსაც ნოდარ ჯავახიშვილი და პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობენ და ჩვენ ვცდილობთ, ეს აქტივობები, შეხვედრები მსგავსი საკითხების განხილვა რეგიონალური მაშტაბითაც გადმოვიტანოთ,მოვისმინოთ პრობლემები. სოციალურ- ეკონომიკური თემა ყვეალას ერთნაირად ეხება და ეკუთვნის, მაგრამ საოკუპაციო ზოლთან ეს განსაკუთრებით პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს.ჩვენი ასეთ ფორმატში შეხვედრა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის ლევან შონიას დიდი სურვილი იყო, უთხრა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ
„გზა, გაზიფიცირება, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა ეს ის მნიშვნელოვანი პროექტებია რაც განვახორციელეთ საზღვრისპირა სოფლებში. ენერგო-პრო ჯორჯია სრული დატვირთვით მუშაობს, შეიცვალა ელექტრო —სადენები და ბოძები, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში არ შცვლილა. წელს ვგეგმავთ,სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად ჭაბურღილების მოწყობას, იქ სადაც სასმელი წყლის პრობლემა დღემდე დგას“, — განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ.
ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც განხორცილედა კონფლისქტის ზონის პირა სოფელ რუხში — აშენდა თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რომლის მშენებლობისთვისაც 15 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. სოფელ რუხშივე მიმდინარეობს მულტიფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონში გამყოფ ხაზთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 (განმუხური, ორსანტია, კოკი, შამგონა, ხურჩა, რუხი, რიყე, ტყაია) და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი (მუჟავა-ოლორი, პალური-ლია, ფახულანი-წყოუში, ფოცხოეწერი-ჭალე) მდებარეობს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის N 257 დადგენილებით შეიქმნა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია.