მკურნალობა ღეროვანი უჯრედებით — მითი თუ ხსნა

© photo : Geocord / FB"Geocord"-ის სისხლის ბანკი
Geocord-ის სისხლის ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღეროვანი უჯრედებით მკურნალობას სპეციალისტთა შორის მოწინააღმდეგეებიც ჰყავს და მომხრეებიც. Sputnik–ი ამ საკითხში გარკვევის მიზნით, დისკუსიას მართავს, რომლის პირველი მონაწილეც მედიცინაში ღეროვანი უჯრედების გამოყენების მომხრეა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. შუა საუკუნეების ალქიმიკოსები ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ელექსირის აღმოჩენას ლამობდნენ, ექიმები უნივერსალურ წამალს, პანაცეას ეძებდნენ, რომელსაც ნებისმიერი დაავადების განკურნება და ადამიანისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება შეეძლებოდა. თანამედროვე სწავლულები დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანის უმძიმესი დაავადებებისგან განკურნების საშუალება აღმოჩენილია და ეს ღეროვანი უჯრედებია, რომლებსაც ახალი სიცოცხლის შთაბერვა ძალუძთ.

Sputnik-ი თბილისის ჭიპლარის სისხლის ბანკის, „ჯეოქორდის“ სამედიცინო დირექტორს, გოჩა შათირიშვილს ესაუბრა, რომელმაც ყველაფერი გვიამბო სასწაულმოქმედ უჯრედებზე და გვირჩია, ხელიდან არ გავუშვათ ჩვენი შვილებისთვის რეალური, ბიოლოგიური დაზღვევის შენახვის შანსი.

რა არის ღეროვანი უჯრედები?

ღეროვანი უჯრედები — ეს ახალგაზრდა, მოუმწიფებელი უჯრედებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მისი ჩასახვის დღიდან ჩნდება და სიცოცხლის ბოლომდე რჩება. თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ეს უნიკალური უჯრედები ახალშობილის ჭიპლარის სისხლში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ღეროვან უჯრედებს თვითაღდგენის უნარი გააჩნიათ.

„ჭიპლარის სისხლი — ეს ბიოლოგიური ნარჩენია, რომელიც პლაცენტაში ბავშვის დაბადების შემდეგ რჩება“, — განმარტავს გოჩა შათირიშვილი.

შვილისთვის ღეროვანი უჯრედის შენახვის შანსი ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა მშობელს — მშობიარობისას. სხვა შემთხვევაში, ჭიპლარიც და პლაცენტაც ნადგურდება. ღეროვანი უჯრედები 10–დან 30 ათასი წლის განმავლობაში ინახება თხევად აზოტში –160°–ზე დაბალ ტემპერატურაზე.

„ეს, პრაქტიკულად, უკვდავი მასალაა, თუ სწორ პირობებში შევინახავთ“, — აღნიშნა „ჯეოქორდის“ დირექტორმა.

ჭიპლარის სისხლის ბანკები ორი სახისაა: კერძო — სადაც მშობელი აფინანსებს შვილის ჭიპლარის სისხლის შენახვას, და საზოგადოებრივი — სადაც ბანკი საკუთარი სასხსრებით ამუშავებს დონაციის გზით მიღებულ ჭიპლარის სისხლს და შემდეგ ჰყიდის მას.

© FB/ Geocord"Geocord"-ის სისხლის ბანკი თბილისში
Geocord-ის სისხლის ბანკი თბილისში - Sputnik საქართველო
"Geocord"-ის სისხლის ბანკი თბილისში

 

საზოგადოებრივ ბანკს შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ჭიპლარის სისხლი დასჭირდება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ შესაფერისი სისხლის შოვნა ძალიან რთულია, ვინაიდან ძირითადი ანტიგენური სისტემები აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხო უჯრედები უკურეაქციას გამოიწვევს და ორგანიზმიდან განიდევნება.

მეცნიერებმა სცადეს, გამოეყენებინათ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ალტერნატივად. აქ ჭიპლარის სისხლის უარყოფის რეაქცია გაცილებით დაბალი აღმოჩნდა.

„ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია პირველად საფრანგეთში 1988 წელს ჩატარდა — წარმატებით, ადამიანი, რომელსაც თანდაყოლილი მომაკვდინებელი სენი, ფანკონის ანემია სჭირდა, სიკვდილს გადაარჩინეს. ეს ადამიანი დღესაც ცოცხალია და ძალზე ცნობილი პიროვნებაა ჩვენს სფეროში“, — გვიამბო ბატონმა გოჩამ.

დღეს მსოფლიოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის 25 მილიონი პოტენციური დონორი არსებობს, მაგრამ პაციენტთა 30%-სთვის, შესაძლოა, არცერთი მათგანი არ გამოდგეს დონორად. სწორედ ამიტომ დაიწყეს მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა. ამ მეთოდის წყალობით, ექიმებმა ჭიპლარის სისხლის დაახლოებით 40 ათასი ტრანსპლანტაცია ჩაატარეს.

რა დაავადებები იკურნება ღეროვანი უჯრედებით?

ღეროვანი უჯრედები წარმატებით გამოიყენება ლეიკემიის, ლიმფომისა და სხვა მძიმე, მემკვიდრეობით თანდაყოლილი დაავადებების სამკურნალოდ, სადაც თერაპიის ტრადიციული მეთოდები არაეფექტურია.

ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციას წარმატებთ იყენებენ ლეიკემიის სხვადასხვა სახეობით დაავადებისას, მათ შორის: ჰოჯკინისა და არაჰოჯკინის ლიმფომის, პლაზმური უჯრედების დაავადების, თანდაყოლილი ანემიების, მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტების,  თანდაყოლილი ნეიტროპენიის, ოსტეოპოროზისა და კიდევ ბევრი სხვა მძიმე სენის სამკურნალოდ.

ღეროვანი უჯრედებს უახლოეს მომავალში ასევე გამოიყენებენ ინსულტის, მიოკარდის ინფარქტის, ალცჰეიმერის, პარკინსონის, შაქრიანი დიაბეტის, კუნთოვანი დაავადების, ღვიძლის უკმარისობის სამკურნალოდ. აღსანიშნავია, რომ ღეროვან უჯრედებს დადებითი ეფექტის მოცემა შეუძლია სმენის დარღვევის შემთხვევაში.

© FB/ Geocord"Geocord"-ის სისხლის ბანკი თბილისში
Geocord-ის სისხლის ბანკი თბილისში - Sputnik საქართველო
"Geocord"-ის სისხლის ბანკი თბილისში

 

წელს ცნობილი გახდება იმ კვლევების შედეგები, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები აუტისტ ბავშვებს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობდნენ.
ხაზი უნდა გაესვას, რომ ერთი შვილის ღეროვანი უჯრედი შეიძლება გამოიყენოს მეორე შვილმაც და თავად მშობლებმაც კი — ოღონდ არა ყოველთვის.

„ყოფილა შემთხვევა, როდესაც ახალშობილს დედა გადაურჩენია. ერთ კანადელ ქალბატონს ორსულობისას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მისთვის დონორის მოძებნა ვერ მოხერხდა და ექიმებმა ქალის გადარჩენა 31 კვირის ბავშვის ჭიპლარის სისხლით შეძლეს. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ქალი დღესაც ცოცხალია და ჯანმრთელი“, — თქვა გოჩა შათირიშვილი.

დღეს სწავლულები ინკუბატორში ღეროვანი უჯრედების გამრავლებაზე მუშაობენ, რათა გამოყენება მრავალჯერადი გახადონ.

რა ღირს ღეროვანი უჯრედების შენახვა საქრათველოში?

იმისათვის, რომ თქვენი შვილის ჭიპლარის სისხლი აიღონ, დაამუშაონ, გამოიკვლიონ და შეინახონ, 780 ევროს გადახდა მოგიწევთ.  ხოლო ყოველ მომდევნო წელიწადს ღეროვანი უჯრედების შენახვა 100 ევრო დაგიჯდებათ. ჭიპლარის სისხლის ბანკში მოქმედებს უპროცენტო განვადებაც.

მომავლის მედიცინა

შათირიშვილის თქმით, მეცნიერები ქმნიან, ეგრეთ წოდებულ, სპეციალურ ბარათებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავიგოთ, რომელი უჯრედი რავ ადგილზე უნდა იყოს მოთავსებული.

„ანალოგიურად მოქმედებს, ეგრეთ წოდებული, თავის ტვინის პროექტიც, რომელსაც მთელი მსოფლიოს სწავლულები იკვლევენ. მაგალითად, თუ ტვინის გარკვეული მონაკვეთი და მისი უჯრედები დაზიანდა, მეცნიერები რამდენიმე ათეული წლის შემდეგც კი შეძლებენ ღეროვანი უჯრედებისგან საჭირო ტიპის უჯრედების წარმოქმნას დაზიანებული ადგილის აღსადგენად, ან სულაც ახალ ორგანოს „დაამზადებენ“. დღეს ეს ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ ხვალ რეალობად იქცევა“, — განაცხადა „ჯეოქორდის“ დირექტორმა.

სულ რამდენიმე ათეული წლის წინ კი ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მედიკოსები ლეიკემიის, ცერებრალური დამბლისა და ანემიის განკურნებას მოახერხებდნენ, მაგრამ დღე ეს უკვე შესაძლებელი ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0