საქართველო კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყვავილების მოყვარულთ ნამდვილი საჩუქარი გაუკეთა — ნებისმიერ მსურველს შეეძლო საკათედრო ტაძრის ბაღიდან ვარდის კალმები გასახარებლად სახლში წაეღო.
თბილისში უჩვეულოდ თბილი ამინდების დადგომისთანავე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე არსებული ბაღის როზარიუმში ვარდების გასხვლის პროცესი დაიწყო. ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმით, რომ კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით, ყველა მსურველს საშუალება აქვს სამების ტაძრის ეზოდან წაიღოს ვარდების კალმები და თავისთან გაახაროს.
ყვავილების მოყვარულებს ასევე შესაძლებლობა აქვთ უფასო კონსულტაცია მიიღონ საპატრიარქოს მებაღებისაგან ვარდების გამრავლების თაობაზე. ვარდის კალმების მსურველი ძალზე ბევრი აღმოჩნდა, აქ არა მარტო თბილისის, არამედ დედაქალაქის მიმდებარე რაიონებიდან ჩამოსულ ადამიანებსაც ნახავთ.
სამების საკათედრო ტაძრის როზარიუმი წელიწადში ორჯერ —გაზაფხულსა და შემოდგომაზე ისხვლება.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სიყვარული ყვავილებისადმი საყოველთაოდ ცნობილია. სწორედ მისი ინიციატივით გაშენდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ულამაზესი ბაღი. შემდეგ კი იმავე ტერიტორიაზე გაიხსნა დეკორატიული მებაღეობისა და ბაღის დიზაინის სასწავლებელი, რომელიც ამ პროფესიის დაუფლების ჯერჯერობით ერთადერთი საშუალებაა საქართველოში. თბილისში სამების ტაძრის როზარიუმი უნიკალურია რეგიონში. ამ ახალგაზრდა ბაღში (სულ 10 წლისაა) 100 ზე მეტი ჯიშის ვარდის ბუჩქია თავმოყრილი.