თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ოთხშაბათს, უწყების მხარდაჭერით გამოცემული ქართული მუსიკალური ენციკლოპედიური ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, კომპოზიტორები, მუსიკისმცოდნეები, შემსრულებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ამ მასშტაბის ენციკლოპედიური ლექსიკონი დიდი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ფაქტია. ეს „არის პირველი საცნობარო გამოცემა ქართული მუსიკის შესახებ“, წერენ ენციკლოპედიის წინასიტყვაობაში წიგნის შემდგენელი-რედაქტორები — რუსუდან ქუთათელაძე და მზია ჯაფარიძე.
საღამო-პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ქართველი მუსიკოსები, რომელთაც მაღალი შეფასება მისცეს ამ ნაშრომს და მას წიგნი-მატიანე უწოდეს. აღინიშნა შემდგენელ-რედაქტორების უდიდესი, თავდაუზოგავი შრომა, რომელიც ავტორებმა ბოლო ათი წლის განმავლობაში გაწიეს.
ენციკლოპედია აერთიანებს ქართული მუსიკალური სფეროს ყველა ძირითად საკითხსა და მიღწევას.
გამოცემაში თავმოყრილია რამდენიმე ათასი სიტყვა-სტატია. იგი მოიცავს ინფორმაციას საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორების, ჰიმნოგრაფების, პროფესიული და ხალხური შემსრულებლების, მუსიკისმცოდნეების, ოპერისა და ბალეტის მსახიობების, ღვაწლმოსილი პედაგოგების, ესტრადისა და ჯაზის მუსიკოსების შესახებ.
გარდა ამისა, ენციკლოპედიური ლექსიკონის საშუალებით შესაძლებელია გაეცნოთ ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომელთა მოღვაწეობაც ქართულ მუსიკასთანაა დაკავშირებული. ესენი არიან რეჟისორები, ლიბრეტისტები, ბალეტმაისტერები, ქორმაისტერები, მოცეკვავეები, მხატვრები, სცენოგრაფები, მწერლები, საქართველოსთან და ქართულ მუსიკასთან დაკავშირებული არაქართველი მუსიკოსები და ხელოვნების სხვა დარგების მოღვაწეები.
ასევე, ენციკლოპედიაში დიდი ადგილი ეთმობა ქართულ მუსიკალურ ტერმინოლოგიას, ხალხურ საკრავებს, ხალხურ და აკადემიურ საგუნდო კოლექტივებს, ორკესტრებს, ორგანიზაციებსა და სხვა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ენციკლოპედიაში, ქართულ მუსიკალურ დიალექტებთან ერთად, ვრცელი სტატიები ეძღვნება აფხაზურ და ოსურ მუსიკას, და რომ ის ზოგადად ქართული მუსიკის განუყოფელი ნაწილია.
ენციკლოპედიის თითოეულ სტატიას, სიტყვა-განმარტებას ერთვის შესაბამისი ბიბლიოგრაფია, ლიტერატურა, დისკოგრაფია, ფოტო და სხვა.
„ქართული მუსიკის შესახებ ასეთი მოცულობის, თემატიკისა და შინაარსის ნაშრომი არასოდეს გამოცემულა — ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი პირველი და ერთადერთი გამოცემაა, რომელიც სრულად უყრის თავს ინფორმაციას ქართული მუსიკის შესახებ“, — აღნიშნულია კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.