თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველო–თურქეთის სტრატეგიული საბჭოს პირველი შეხვედრა პრემიერების დონეზე უახლოეს მომავალში შედგება, — განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე.
ჩავუშოღლუ საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით ოთხშაბათს ეწვია. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში თურქი მინისტრი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
„საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნა. ჩვენმა პრემიერებმა დავოსში მოილაპარაკეს, რომ პირველი შეხვედრა მარტში ან აპრილში გაიმართოს. ჩვენ გვსურს, რომ ეს შეხვედრა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყოს, ვინაიდან მასში პრემიერები და მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას“, — ციტირებს ჩავუშოღლუს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ახალი საბჭოს მუშაობის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნება განხილული ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტები.
„საქართველო თურქეთს განიხილავს როგორც უახლოეს მეგობარს, რომელთანაც აკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა. ეს კი მრავალი მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაში გამოიხატება. დღეს ჩვენ საკითხთა ფართო სპექტრი განვიხილეთ“, — განაცხადა ჯანელიძემ.