თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, მარინის თეატრში მიწვეული სოლისტი თეონა დვალი თბილისში საქველმოქმედო სოლო-კონცერტს 18 თებერვალს გამართავს, იუწყება Sputnik-ი.
დვალი თბილისის კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში რობერტ შუმანის, გუსტავ მილერისა და პეტრე ჩაიკოვსკის რომანსებს შეასრულებს. კონცერტი თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება.
თეონა დვალმა თბილისის კონსერვატორია 2006 წელს მუსიკათმცოდნეობის, ხოლო 2009 წელს — ვოკალის განხრით დაამთავრა. საქართველოში ის მშობლიური კონსერვატორიისა და ზაქარია ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გამოდიოდა.
2008-2011 წლებში ის საოპერო ხელოვნებას რომის სანტა-ჩეჩილიას აკადემიის საოპერო სტუდიაში ეუფლებოდა. 2010 წელს მან რომში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და იტალიაში გამართულ ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზიც დაიმსახურა ბელკანტოს არიის საუკეთესო შესრულებისთვის.
იმავე წელს ქართველმა შემსრულებელმა „რიგოლეტოში“ ჯილდას პარტია შეასრულა და ტენორ ჯორდანო ლუკოისთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგა.
2011 წელს მარინის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლ „სიყვარულის ნექტარში“ შესრულებული ადინას პარტია დვალისთვის დებიუტად იქცა.
2014 წლიდან თეონა დვალი მარინის თეატრში მიწვეული სოლისტია.