თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ნიუ-იორკის სისხლის სამართლის სასამართლომ ახალგაზრდა ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი სხდომაზე ჩანახატების გასაკეთებლად მიიწვია.
სონღულაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი სურათი „მედუზა“ ნიუ-იორკში „სოთბისის“ მიერ მოწყობილ არტ-აუქციონ Take Home A Nude-ზე გაიყიდა — გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონიდან შემოსულმა თანხამ 900 ათასს აშშ დოლარს გადააჭარბა.
„ორშაბათ საღამოსთვის, „ქალაქ ნიუ-იორკის კრიმინალურ სასამართლოში“ ვარ დაბარებული… მხატვრის ამპლუაში, სასამართლო პროცესის დასახატად“, — დაწერა სონღულაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
გამოქვეყნდება თუ არა სხდომაზე გაკეთებული ჩანახატები, მხატვარმა ჯერჯერობით არ იცის.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩანახატები იმ სასამართლო პროცესზე კეთდება, რომელიც განსაკუთრებულ იზოლაციას მოითხოვს და ვიდეო-ფოტო კამერით გადაღება, ანუ, ფირზე ასახვა იკრძალება. ადრე საქართველოში მქონდა ეგ პრაქტიკა და მაშინ მიზეზი ზემოხსენებული იყო“, — წერს სონღულაშვილი ინფორმაციის კომენტარებში.
ამ დროისათვის, საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი, 24 წლის ლევან სონღულაშვილი სამაგისტრო კურსს გადის ნოი-იორკის ხელოვნების აკადემიაში.
სწავლის პერიოდში სონღულაშვილმა რამდენიმე პრესტიჟული პრემია და სტიპენდია მიიღო, რომელთა შორისაცაა პრემია Portrait Scholarship Award 2015 და ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის Tribeca Ball 2015-ის პრემია.
ქართველი მხატვრის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევენ ცნობილი სააუქციონო სახლების წარმომადგენლები და ასევე მსოფლიოს კულტურის სფეროს კრიტიკოსები.
სონღულაშვილის ნამუშევრები შესულია ცნობილი ქართველი და უცხოელი პერსონების კერძო კოლექციებში.