დიზაინერი მანანა ანთელიძე: მოდა—ეს თქვენი არჩევანია

© FB/ Манана Антелидзеდიზაინერი მანანა ანთელიძე.
დიზაინერი მანანა ანთელიძე. - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ დიზაინერთან მანანა ანთელიძესთან, რომელმაც გვიამბო, როგორია კლასიკური სტილი, გაგვანდო როგორც გამხდარი, ისე „სავსე“ ქალბატონების ჩაცმის მთავარი წესი და ასევე გვასწავლა, თუ რომელი თვისება შეიძლება გამოგვადგეს ყველაზე მეტად სამოსის შერჩევისას.

ლიზა შელია

მოდა ადამიანის არჩევანია, არჩევანი ბევრ წინადადებას შორის,— მიაჩნია დიზაინერ მანანა ანთელიძეს. მოდის შესახებ მან ყველაფერი იცის, ამ თემაზე საუბარი უსასრულოდ შეუძლია, არ ეზარება ყველაფრის დეტალურად ახსნა, ვინაიდან მოდაში ვერ იტანს დილეტანტიზმს. ამ სფეროში ყველაფერი სრულფასოვანი უნდა იყოს.

„მოდა —ეს არის ის, რაც მეტად მისაღებია ამ წუთას და ახლა. ეს ეხება ყველაფერს: ტანსაცმელს, აზრებს, ადამიანებს… მე ვგულისხმობ იმას, რომ მოდა—ეს თქვენი არჩევანია“,— აღნიშნა მან. 

მისი აზრით, ადამიანს შეუძლია თავად გახდეს საკუთარი თავის დიზაინერი, ამისთვის მან მოდას უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოს. იმისათვის, რომ დიზაინერი გავხდეთ, საჭიროა შინაგანი გემოვნება და ნიჭი, ხოლო იმისთვის, რომ კარგად გვეცვას, საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, — მიაჩნია ანთელიძეს.

© FB/Манана Антелидзеდიზაინერი მანანა ანთელიძე
დიზაინერი მანანა ანთელიძე - Sputnik საქართველო
დიზაინერი მანანა ანთელიძე

„შეუძლებელი არაფერია. ამისთვის ბევრი უნდა ვიკითხოთ, გავეცნოთ მოდის ტენდენციების ძირითად წესებს და ასე შემდეგ. არის მეორე გზაც, როდესაც ქალბატონი მიმართავს სპეციალისტს, ისევე როგორც სტომატოლოგს, და ეუბნება: „მე მტკივა კბილი და მომარჩინეთ“. იგივე უნდა უთხრათ დიზაინერს: „მე მაქვს პრობლემა ტანსაცმელთან დაკავშირებით და გთხოვთ დამეხმაროთ“. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, თუმცა საქართველოში ყველა ფიქრობს, რომ გემოვნება აქვს. ეს ეხება არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ სახლის მოწყობასაც. ზოგიერთს მართლა შეუძლია ეს, მაგრამ არა ყველას“, — აღნიშნა მან.

„უარს ვამბობთ ბეწვზე, მაგრამ ამავდროულად გვაცვია ტყავი“

რაც შეეხება საზოგადოების აღშფოთებას 30 იანვარს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო გახსნაზე ბეწვეულში გამოწყობილი ქალბატონების მიმართ, ანთელიძე აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ეხება მორალურ მხარეს, ანუ ბეწვეულის უარყოფას. ეხება მოდის ტენდენციებს, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა ვიყოთ უფრო ლმობიერნი და ჩვენი სიამოვნებისთვის, თავის მოწონებისთვის ცხოველები არ უნდა იხოცებოდნენ.

© FB/Манана Антелидзеდიზაინერი მანანა ანთელიძე
დიზაინერი მანანა ანთელიძე - Sputnik საქართველო
დიზაინერი მანანა ანთელიძე

„ამ ერთგვარ ტენდენციაში სიყალბეს ვხედავ — ვამბობთ, რომ ეს არ არის სწორი, მაგრამ ამავე დროს გვაცვია ტყავის ჩექმები და ვატარებთ ტყავის ჩანთებს. ის აჟიოტაჟი, რომელიც ბეწვის ქურქებმა გამოიწვია ოპერის გახსნაზე, ქვეცნობიერად იმითაა განპირობებული, რომ ისინი ძირითად იყო ძველმოდური. აგიხსნით რატომ. ეს ჰგავდა მოკლული ცხოველების ურცხვ და ღია დემონსტრირებას. მთლიანად, მთელს სიგრძეზე, თავიდან ფეხებამდე ბეწვი მიუთითებდა პროდუქტის რეალურ წარმოშობას, ანუ იმას, თუ რისგან და როგორ იყო შექმნილი. ანუ მოხდა, ასევ თქვათ,დიდი რაოდენობით ცხოველთა ლეშის დემონსტრირება, რაც ყოვლად მიუღებელია დღევანდელი საზოგადოებისთვის. შეიძლებოდა ფერით, ფორმით, სხვა ელემენტებით ამის ვუალირება“, — აღნიშნა მან. 

დიზაინერის აზრით, რა უნდა ჩავიცვათ ოპერაში, ამაზე ერთგვარი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ტენდენცია არის ასეთი: არ შეურაცხვყოთ თვალი იმისი პირდაპირი მინიშნებით, რომ ადგილი აქვს ცხოველების უდიერ კვლას!

© FB/Манана Антелидзеდიზაინერი მანანა ანთელიძე
დიზაინერი მანანა ანთელიძე - Sputnik საქართველო
დიზაინერი მანანა ანთელიძე

კლასიკური სტილი მხოლოდ მაშინაა კლასიკური, თუ ის ახლოსაა ფიგურასთან

ანთელიძეს მიაჩნია, რომ თუ ქალბატონი არ იყენებს აგრესიულ, მკვეთრ ფერებს, აქვს საბაზისო ელემენტები გარდერობში, ანუ ბლუზა, ქვედაბოლო, ჟაკეტი, რომლებიც სილუეტით ახლოსაა მის ფიგურასთან, შეიძლება ითქვას, რომ ამ ქალბატონს კლასიკური ჩაცმის მანერა აქვს.

„არსებობს ასეთი წარმოდგენა, რომ თუკი მიყვები „სხეულის ხმას“ და შენი ტანსაცმელი შეესაბამება შენივე სხეულის კონფიგურაციას, ეს იმას ნიშნავს, რომ კლასიკურად გაცვია!“ — განაცხადა ანთელიძემ. 

კლასიკური სტილი არ შეიძლება იყოს გადატვირთული სამკაულით, აღნიშნა დიზაინერმა. ეს ვულგარულობად და გემოვნების დარღვევად მიიჩნევა. ყოველ ათწლეულში სამკაულის რაოდენობა და ზომა იცვლება. მაგალითად, 80-იანებში დიდი და ბრჭყვიალა სამკაულები იყო მოდაში, 90-იანებში კი აქტიურად შემოვიდა მინიმალიზმი და სამკაული ფაქტობრივად, აღარ გამოიყენებოდა და თუ გამოიყენებოდა, მხოლოდ გოთიკური ფორმისა.

© FB/ Манана Антелидзеდიზაინერი მანანა ანთელიძე
დიზაინერი მანანა ანთელიძე - Sputnik საქართველო
დიზაინერი მანანა ანთელიძე

ტანზე მომდგარი ტანსაცმელი მხოლოდ იდეალური ფორმებისთვისაა

დიზაინერი ჩაცმის ერთ უმთავრეს წესს ანდობს როგორც ძალიან გამხდარ ქალბატონებს, ასევე მათ, ვისაც ჭარბი წონა აქვთ. ორივე შემთხვევაში აუცილებელია უარის თქმა ტანზე მომდგარ სამოსზე. 

„როგორც ძლიერი სიგამხდრე არ არის ესთეტიური, ისე არც ზედმეტი სისავსეა საამაყო. უმრავლესობა არ არის იდეალურ ფორმაში და სხვა არ უნდა შევაწუხოთ არაესთეტიურობით. კარგი იქნება, თუ იმას, რაც თავად არ მოგვწონს, ზედმეტად არ წარმოვაჩენთ“, — აღნიშნა მან. 

რაც შეეხება მეტი სექსუალურობისა და ახალგაზრდულობის შეტანას ჩაცმულობაში, დიზაინერის თქმით, ამისათვის ადამიანმა უნდა გამოიყენოს იუმორი. 

„მოდაში თქვენი იუმორი უნდა ჩანდეს. მე არ ვამბობ, რომ სასაცილოდ, ქარაფშუტულად უნდა გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ტანსაცმელს, მოდას, ჩვენს არჩევანს არ უნდა განვიხილავდეთ, როგორც რაღაც ძალიან სერიოზულსა და მნიშვნელოვანს“, —თქვა ანთელიძემ. 

არსებობს რამდენიმე ნივთი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში. მათ შორისაა შავი კაბა. ეს საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვინც ძნელად ახამებს ტანსაცმელს.

„ქალბატონებისგან ხშირად ისმის ფრაზა:„კარადა ტანსაცმლით მაქვს გატენილი, მაგრამ ჩასაცმელი მაინც არ მაქვს“. ეს ორი ურთიერთ გამომრიცხავი ფრაზა ხშირად მესმის ჩემი მეგობრებისგან და მათგანაც, ვინც მთხოვს დავეხმარო გარდერობის შექმნაში. ხშირად სწორედ ეს შავი კაბაა გამოსავალი ბევრი მსგავსი სიტუაციიდან“, —აღნიშნა მან. 

დღესდღეობით საქართველოში მიბაძვის მძლავრი ტენდენციაა,—ამბობს ანთელიძე, თუმცა ქართველ მანდილოსნებში არის ერთგვარი გენეტიკური კოდი, რომელიც მათ ნებისმიერი სხვა, ევროპელი ქალის ჩაცმის მანერისგან განასხვავებს. 

„ევროპელს იმიტომ ვამბობ, რომ ასე თუ ისე, ვბაძავთ დასავლეთს. ცნობილი დიზაინერები 3-4 თვეში ერთხელ გვთავაზობენ ახალ წინადადებებს, თუ როგორ ჩავიცვათ, თუმცა ქართველებში მაინც თავისებური ინტერპრეტაცია ხდება. ქართველების ჩაცმის სტილი მაინც განსხვავდება, რაც მე ძალიან მომწონს. მე საერთო მასას ვგულისხმობ“, —თქვა ანთელიძემ.

© FB/Манана Антелидзеდიზაინერი მანანა ანთელიძე
დიზაინერი მანანა ანთელიძე - Sputnik საქართველო
დიზაინერი მანანა ანთელიძე

ქართველ ქალს გააჩნია ფაქიზი და ფრთხილი დამოკიდებულება ფერის მიმართ. უგემოვნოდ შერჩეულ ფერთა გამას საქართველოში იშვიათად შეხვდებით, აღნიშნა დიზაინერმა. 

დღევანდელი მოდა ანთელიძეს 60-იან წლებს აგონებს, ავანგარდულსა და ჰიპურს, თუმცა ის, მისი აზრით, დღეს უფრო მრავალფეროვანია. დღევანდელი მოდა უფრო საინტერესო გახდა იმით, რომ აღარ არსებობს ტენდენციურობა, დიზაინერები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით და ქმნიან ისეთ კოლექციებს, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს.

ყველა ახალი ამბავი
0