სიყვარული ნელი სიოა ვარდის ფოთლებში მონავარდე და მობინადრე. ნაპერწკალია სისხლში მოელვარე, სიყვარული ჯოჯხეთისებს აღმგზნები მუსიკაა, რომელიც მოხუცის გულსაც კი თრთოლვას აწყებინებს. სიყვარული ჰგავს ყვავილს — გვირილას, რომელიც მწუხრის დადგომისას დაუზარებლად შლის თავის ფიალას, იგი ჰგავს ყაყაჩოს, რომელიც ყოველ ამოსუნთქვაზე იკუმშება, ხოლო ხელის ყოველ შეხებაზე სიცოცხლეს ესალმება, ასეთია სიყვარულის ძალა.
მას შეუძლია მტვრად აქციოს კაცი, აამაღლოს იგი და კვლავ სასიკვდილო სარეცელზე ან ხის ბოძზე გააკრას, შეუძლია დღეს მე შემიყვაროს, ხვალ შენ, მესამე ღამეს ის… ასე ცვალებადია იგი. სიყვარული ზაფხულის ღამეა, როდესაც ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი, ხოლო დედამიწა სურნელებითაა მოცული.
სიყვარული დედამიწაზე გაზაფხულის ღამეს გაჩნდა, როდესაც ჭაბუკმა წყვილი თვალი დაინახა. იგი შეჰყურებდა და თვრებოდა. ჰკოცნიდა ბაგეს და ეჩვენებოდა, თითქოს მის გულში ორი დასაბამი შეხვდა ერთმანეთს, ორი მიზეზი სინათლისა, თითქოს ჭაბუკი დაეკონა ბაგეს და აღარც არაფერი გაუგია, აღარც არაფერი უნახავს…
მარტოობა…
მარტოობა კარიდან არ შემოვა, ვერც კი შეამჩნევ — ფანჯრიდან შემოიპარება და იქვე, რაფაზე ჩამოისვენებს. ყურადღებას არ მიაქცევ, მაგრამ მოვა წვიმა და თვითონ მოგძებნის…ნელა მოგიახლოვდება, მხრებზე ხელს შემოგხვევს და ერთად დააკვირდებით შხაპუნა წვიმას…მერე წვიმაც გადაიღებს… შენ ფანჯრის მინაზე დაცურებულ წვიმის წვეთს დააკვირდები და მომენტალურად შემოტრიალდები, მხრებიდან სწრაფად მოიშორებ მის ხელებს, თვალებში ჩახედავ და შეგეშინდება… მასაც დააბნევს შეშინებული შენი მზერა და ოთახში კვამლივით გაინთხევა… შენ შეგეცოდება, გული დაგწყდება და ისევ ინატრებ… იგი შეიძლება აღარც მოვიდეს, მაგრამ დაბრუნებულს თუ გულში ჩაიკრავ სულ შენთან დარჩება და იხეტიალებთ ასე კიდით-კიდამდე: შენ — მარტოსული და ის — მარტოობა.
შიში
შორს ჰორიზონტზე დაინახავ მოცახცახე, ცივ წერტილს… თვალის მოშორება მოგინდება და ინატრებ — ნეტავ, მეტჯერ აღარ დამანახაო! ნატვრა შეიძლება აგიხდეს, მაგრამ ერთხელ მაინც მოგიახლოვდება, გადიდდება, გადიდდება და ბოლოს მინასავით დაიმსხვრევა, დანაწილდება, შენს წინ უამრავ მოცახცახე ნამსხვრევად იქცევა და სახეში შეგეყრება. თვალებს ამოგივსებს, სხეულს მოედება, გაცივდება, მერე თვალები ჯერ აგეწვება, ცრემლით აგევსება, გაგიფართოვდება — გაგეყინება.
შემდეგ უამრავი ნამსხვრევი შენს სხეულში განაგრძობს ცახცახს, შენც აკანკალდები, იგრძნობ მის შემოსვლას შენში და შიშისგან მარტივ მამრავლებად დანაწევრდები… გაფითრდები. სიცივისგან გაქცევა, მისის მიტოვება მოგინდება, მაგრამ ყელი გაგიშრება და ხრიალის მეტს ვერაფერს შეძლებ… სიჩუმე დაისადგურებს…
ის თავის ცივ ხელებს სულში ღრმად მოგიფათურებს, ბასრი ბრჭყალებით ცამოგკაწრავს — სამუდამო დაღს დაგასვამს-დაგაჩოქებს.
…შორს, ჰორიზონტზე დაინახავ მოცახცახე, ცივ წერტილად…
პირველი კოცნა
გავბედე და გაკოცე… გაკოცე და საშინელება ვიგრძენი იცი… გაიღვიძეს მოუსვენრობის ჭინკებმა. არ მიიღეს შენმა ტუჩებმა ჩემი პირველი ბავშვური კოცნა, მოზღვავებული ბავშვური გრძნობების ბოდვა… ვინ იცის ვისი კოცნის მატყუარა ეშმაკები სახლობენ ზედ და გამოაგდეს უკან დაუპატიჟებელი სტუმარივით…
შენ გაგეღიმა…
ის კი გადმოცურდა, გადმოცურდა, ცოტაც და გადმოვარდა… გადმოვარდა ოცნების ხომალდიდან და დაეშვა გაყინულ გულზე ცრემლად, ღვარცოფად და დაემსხვრა სიყვარულის პატარა ელჩს ლამაზი ფრთები, ცრემლის მარგალიტები დაგორავენ გაყინულ გულზე… უაზროდ და უმისამართოდ…
ბედნიერება
შორიდან დაინახავ… გაეკიდები… სანამ არაქათი არ გამოგელევა, მისდევ და მისდევ. ბოლოს დაიღლები, რომელიმე კუნძზე ჩამოჯდები და თავს ჩაქინდრავ. შეეცოდები… და მოვა!
მერე?
მერე ბედნიერი იქნები… ის ხომ ბედნიერებაა და არა უბედურება, უბედურებისთვის ხომ ამდენს არ ირბენდი, არ დაიღლებოდი, პირიქით. უბედურება აქეთ მოგძებნის, დაგეწევა, დაგიჭერს, შეგბოჭავს…სულს დაგიდუმებს, სიტყვებს გააუფერულებს, გრძნობებს გაგიშიშვლებს, დაგაჩოქებს.
მერე?
შენც ადამიანი ხარ, სიხარბე გძლევს და უფრო დიდის დაჭერა მოგინდება… იმას ვეღარ დაიჭერ, რაც გქონდა, ისიც გაგექცევა, ზურგს შეგაქცევს, ხელიდან გაგისხლტება, არ დაბრუნდება, ხო! ღალატს არ გაპატიებს… ისევ ჩამოჯდებიდა ახლა უკვე სინანულის გრძნობით, შეიძლება ბოღმით (საკუთარი თავის მიმართ) ლოდინს განაგრძობ… ის კი აღარ მოვა.
ანა ქათამაძე