აეროპორტი - სიყვარულის ბარომეტრი

© www.mirror.co.ukქალი აეროპორტში
ქალი აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წამოვედი იმიტომ რომ ჩემთვის ის „დღესასწაული“ იყო, მე კი მისთვის - „ყოველდღიურობად ვიქეცი“. ვერ ვაპატიე, რატომ? მისი სიტყვები გამახსენდა: „ნუ აპატიებ მარტივად, თორემ ყველაზე ხშირად შენ გეტკინება“.

თითქმის ერთი წელია ამ დღეს ველოდი. შინაგანად იმდენად ძლიერი ემოცია მქონდა,  ვერსად ვატევდი. თბილისის აეროპორტში დაშვებისას გული ისე ამიჩქარდა, მეგონა საცაა გამისკდებოდა. ეს ემოცია შიშისგან გამოწვეული არ იყო, განა პირველად ვიფრინე თვითმფრინავით? არა. ეს მოლოდინის ემოცია იყო. მოსკოვში რეგისტრაციისას რიგში რომ ვიდექი, ცოლ-ქმარი გავიცანი, ისინიც თბილისში მოფრინავდნენ. ისე დაემთხვა, რომ თვითმფრინავის სალონშიც გვერდიგვერდ მოვხვდით. გოგონა ძალზე აქტიური იყო, მთელი გზა ლაპარაკობდა ხან ჩემთან, ხან თავის ქმართან.  მე კი ზრდილობის გულისთვის ვეპასუხებოდი, რადგან არ მინდოდა ვინმეს ან რამეს „გამოვეფხიზლებინე“ ჩემი ფიქრებიდან…. გარდა ერთისა…

ბიჭმა მკითხა ვინმე მელოდებოდა თუ არა? კი, მეუღლე დამხვდება. გუშინ რომ ველაპარაკე ტელეფონით, მითხრა რომ აუცილებლად დამხვდებოდა, მაგრამ თუ ვერ მოახერხებდა ტაქსი აეროპორტშივე ამეყვანა… აეროპორტის ფოიეში თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, მაგრამ უშედეგოდ. იგი არ ჩანდა, ის არ მოვიდა…ქალურმა სენტიმენტებმა თვალის უპეები მოძებნეს…

 სანამ ბარგი ავიღეთ საკმაო დრო გავიდა, ცოლ-ქმარი გვერდიდან არ მშორდებოდა, ბოლოს წაყვანა შემომთავაზეს, მხოლოდ ორხევამდე…. თურმე ბავშვები ჰყავდათ მშობლებთან დატოვებული.  თბილისი ხომ არ ვიცი, მით უმეტეს, მისი გარეუბნები და ერთი სული მქონდა ოღონდ ამ ტერიტორიას გავცლოდი, დაუფიქრებლად დავთანხმდი. მანქანაში მოვკალათდი და მუსიკის ჰანგებმა ისევ ფიქრებთან დამაბრუნა.  სულის ბოლომდე გათბობა ვერ მოვასწარი, რადგან მანქანა გადასახვევთან გაჩერდა. ჩემი ბარგი ამოვალაგე, გულწრფელი მადლობა გადავუხადე  ჩემს  „მასპინძლებს“ და  ქუჩაში მარტო აღმოვჩნდი. ირგვლივ მიმოვიხედე, სულიერის ჭაჭანება არ იყო, ლამპიონებიც აქა-იქ ენთო. 

შემეშინდა ისე, სული ლამის გამეყინა… არაფერი და არავინ არ ჩანდა. მხოლოდ მანქანები არღვევდნენ სიმშვიდეს, სადღაც ერთი საათი ალბათ იმ ადგილზევე ვიდექი და ველოდებოდი ტრანსპორტს… ღმერთო, ეხლა რომ მახსენდება რა გამოვიარე… ჩემი მოთმინების ფიალა ივსებოდა და ამის პარალელურად სხეული მეყინებოდა… ისე გავითოშე სითბოს ნატამალი  აღარ შემრჩა. თუ რაიმე თბილი მქონდა ჩანთაში ყველაფერი გადავიცვი, ნაძვის ხესავით სხვადასხვა ფერებში გამოწყობილმა ინსტინქტურად საკუთარ თავთან ლაპარაკი დავიწყე… რატომ არ დამხვდა, რატომ? ნუთუ არ ახსოვს დღეს რა დღეა, რამდენად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, უბრალო საქმე ხომ არაა — ქორწინების 5 წელი. მე ხომ პირველად ვარ აქ თბილისში, როგორ დამტოვა, რატომ, რატომ??? 

ბოლოს საკუთარ თავში ძალა ვიპოვე და ლოდინით დაღლილმა გადავწყვიტე გზის გაგრძელება. ავიკიდე ჩემი ოთხი ჩანთა და ისე მივდიოდი. ნელნელა ვგრძნობდი, ძალა როგორ მეცლებოდა. მინდოდა სადმე გაჩერება მეპოვა, რომ დავმჯდარიყავი და ცოტა დამესვენა. ხელები მტკიოდა, ფეხებიც…თავიდან ვერ მივხვდი რატომ მიჭირდა სიარული და მერე გამახსენდა, მე ხომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა. მე ხომ ისე გამოვიპრანჭე მისთვის, საგანგებოდ და საგულდაგულოდ, მე ხომ აეროპორტში მეგონა დამხვდებოდა… გზაზევე გამოვიცვალე ფეხსაცმელი და ბოტასები ჩავიცვი, შარვალი ამოვიცვი, ზემოთაც სპორტულად „შევიმოსე“ და გზა გავაგრძელე. თვალებიდან ცრემლები მდიოდა, სიმწრის, სიბრაზის, უსუსურობის შეგრძნების…

ბოლოსდაბოლოს, როგორც იქნა რომელიღაც გაჩერებამდე მივაღწიე, ისე გამეხარდა ვერ წარმოიდგენთ… დავჯექი და ცოტა ამოვისუნთქე. არ თქვათ რომ სასწაულები არ ხდება, მე მაშინ ვირწმუნე, მე მაშინ ვიწამე, რომ თუ რაიმე ძალიან გინდა, აუცილებლად იქნება… ავტობუსი გამოჩნდა, ალბათ ბოლო რეისი ჰქონდა, ორი-სამი მგზავრი იჯდა, არც მიკითხავს რა მიმართულებით მიდიოდა, რა უბანს გაივლიდა, მხოლოდ ეს ვკითხე?— თბილისამდე ხომ ჩამიყვანთ? გაეცინა და თავი დამიკრა, ისედაც თბილისში ვართო. ავტობუსი რომ დაიძრა დაცულობის შეგრძნება, სითბოსთან ერთად მიბრუნდებოდა. თავი ჩავრგე ჯემპრში და…

მძღოლის ხმამ გამომაფხიზლა ბოლო გაჩერებააო. ქაღალდზე დაწერილი მისამართი ვაჩვენე და ვთხოვე იქნებ მიმიყვანოთ, რამდენსაც მთხოვთ გადაგიხდით-თქო.  ასაკოვანი კაცი იყო, ალბათ 60 წლამდე, ნუ გეშინია შვილო ადგილზე მიგიყვან, არ ინერვიულოო…

სადარბაზოსთან დავემშვიდობე ჩემს „გადამრჩენელს“ და ლიფტი გამოვიძახე, თუმცა 20 თეთრი არ მქონდა და ფეხით ავიარე კიბე. ზარი ხელის კანკალით დავრეკე, ფეხის ხმაზე ვიცანი…ის იყო… სადღაც რაღაც გათბა…  

© ნ. თაყაიშვილიგალერეა "პროვანსი"
გალერეა პროვანსი - Sputnik საქართველო
გალერეა "პროვანსი"

ოთახში შევედი და ღონემიხდილი სავარძელში ჩავესვენე, ზოგადად მომიკითხა, მეც ზოგადად გავეცი პასუხი, არ მიკითხავს რატომ არ დამხვდა და არც მას უთქვამს რატომ არ მოვიდა. კომპიუტერთან იჯდა და რაღაცას აკეთებდა. მე ვუყურებდი და ვტკბებოდი მისით.  ახლოს იყო, მაგრამ ასე შორეული ჯერ არ ყოფილა… ღმერთო, როგორ ველოდი ამ შეხვედრას, ზუსტად რვა თვე არ მინახავს, ეხლა კი თითქოს აღარაფერი გვაქვს საერთო.  

ვუყურებდი და მიკვირდა რა მინდოდა მასთან, როდის დავკარგე, რა ვერ შევამჩნიე, იქნებ მე გამოვიგონე და ეხლა შევეჩეხე მკაცრ სინამდვილეს…მივხვდი,  ჩვენს შორის ყოველდღიურობა ჩადგა, თავისი უფერულობით, ულმობლობითა და უარაფრობით…

მთელი ღამე თეთრად გავათენე, არ ვიცი, იქნებ ვაზვიადებ, რასაც განვიცდი. ხომ შეეძლო გავეხარებინე, ხომ შეეძლო უბრალოდ მოსულიყო — მისთვის თუ არა, ჩემთვის მოსულიყო, რომ დამინახავდა ხელი დაექნია, გამოქცეულიყო ჩემს შესახვედრად, მომხვეოდა, გულში ჩავეკარი და ჩუმად ეთქვა: „ერთი სული მქონდა როდის გნახავდი“. არ მოვიდა, ალბათ იმიტომ,  რომ ყველაზე რთული ყველაზე მარტივის გაკეთებაა.

ოჯახი ის ადგილია, სადაც არათუ ადამიანი, ზედმეტი სიტყვაც კი უადგილოა და მე ეს ნაბიჯი იმიტომ არ გადამიდგამს, რომ ჩემთვის ეთქვათ: „ტაქსი იქირავე“, „რა არ გესმის“, „ნუ გააწყალე გული“, „რაც გინდა ის ქენი“…მე ის იმიტომ ავირჩიე, რომ აეროპორტში, მეტროს ფოიეში, ქუჩის კუთხეში… უცხო ქალაქში დამხვედროდა და დაერეკა  და მოვეკითხე „როგორ იფრინე, ეხლა სად ხარ, ნუ გეშინია ეხლავე მოვალ“…

ყველაფერი შეიძლება, შეიძლება სხვისთვის და სხვაგან. იქ შეუძლიათ უსურვილოდ იცხოვრონ, იქ შეუძლიათ ერთმანეთის მოსვლამდე დაიძინონ, იქ შეუძლიათ დაავიწყდეთ გაცნობის დღე, ქორწინების წელი, დაბადების დღე, დღესასწაულები, იქ შეუძლიათ…

დილით ადრე ავდექი და წამოვედი. წამოვედი იმიტომ რომ ჩემთვის ის „დღესასწაული“ იყო, მე კი მისთვის — „ყოველდღიურობად ვიქეცი“. ვერ ვაპატიე, რატომ?

მისი სიტყვები გამახსენდა: „ნუ აპატიებ მარტივად, თორემ ყველაზე ხშირად შენ გეტკინება“.

ანა ქათამაძე


ყველა ახალი ამბავი
0