სამი მარადიული კითხვა სიყვარულზე და ოთხი განსხვავებული პასუხი

© თ. გოგნიაშვილისიყვარული ეს შენ ხარ!
სიყვარული ეს შენ ხარ! - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა არის სიყვარული? როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი? რას ურჩევთ, მას ვინც შეყვარებულია, ან ელოდება სიყვარულს? Sputnik-მა ამ კითხვებით რამდენიმე ადამიანს მიმართა და ძალიან საინტერესო პასუხებიც მიიღო...

გია ნიკოლაძე — კომპოზიტორი, “ნიკოლ-შოუ“

1) ჩემი პოემიდან გეტყვით ერთ სტროფს: “მითხრა- გრძნობებს ნუ მოთოკავ,/არად ღირს თავის წვალება,/სიყვარულს არვინ აკრძალავს,/ თუ თავად არ ეკრძალება“… მე ასე ვფიქრობ: სიყვარული ესაა გრძნობა, რომელშიც ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და გრძნობები არ უნდა მოთოკოს!..

2) ჩემი პირველი და ნამდვილი სიყვარული- ჩემი მეუღლე, ნატალია ჩხეიძეა. მაშინ უნივერსიტეტში სპექტაკლს ვდგამდი და მოცეკვავეები დამჭირდა. ნატალია იმ დროს სუხიშვილებში ცეკვავდა. როცა დავინახე იატაკზე იჯდა,- გრძელი წამწამებით თვალებდახრილი. ეგრევე მივხვდი, ის იყო, ვინც მარტო სპექტაკლში კი არა, ცხოვრებაშიც რომ მჭირდებოდა.მოკლედ ასე თვალდახრილი შემომეფეთა… მაშინ ის 17 წლის იყო, სკოლის მოსწავლე, მე კი მასზე შვიდი წლით უფროსი ვიყავი და უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მქონდა. დღემდე შეყვარებული ვარ…

3) მათ, ვისაც ჯერ არავინ უყვარს, ასე ვეტყვი: ელოდეთ და აუცილებლად მოვა! არ არსებობს ადამიანი, რომ ეს გრძნობა ცხოვრებაში ერთხელაც არ მოუვიდეს… ის ხომ მიწის გულიდან ამოდის, ბატონების მსგავსად სახადივითაა და ცხოვრებაში ერთხელ ყველამ უნდა მოიხადოს…

თამარ ლომიძე —  მხატვარი და პოეტი

1) სიყვარული რა არის? ზოგისთვის გატაცება, ზოგისთვის ვნება. ჩემთვის ეს ურთიერთგაგება და პატივისცემაა. პირველი სიყვარულის დროს ამას ვერ ხვდები- მაშინ თავში ოფოფები გყავს…თუმცა ოფოფები, გარკვეული გაგებით, მერეც საჭიროა…

2) ჩემი მეუღლე ნორვეგიაში გავიცანი, მაშინ მე ოჯახი მყავდა და მასთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდა. ჩვენი ურთიერთობა  სიყვარულში მოგვიანებით გადაიზარდა, ერთ დღეს შევამჩნიე, რომ მას შევუყვარდი. როცა მეუღლეს დავშორდი და ბედი მას დავუკავშირე, ერთმანეთის მიმართ უკვე პატივისცემის გრძნობაც გაგვიჩნდა..

3) სიყვარული დიდი პასუხისმგებლობაა და ყველას ვურჩევ, რომ ამ გრძნობას პასუხისმგებლობით მოეკიდოს. საყვარელ ადამიანს ყოველთვის ეფერონ და ზრუნვა არ მოაკლონ…

კატო მაისურაძე —  პედაგოგი, ამჟამად დიასახლისი

1) ამბობენ, სიყვარული ნაზი გრძნობაა, რომელსაც ცხოვრებისეული პრობლემები და ყოფა ჯოჯოხეთად აქცევსო. თუმცა ჩემი აზრით, ასე ყოველთვის არ ხდება. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ იგი ისეთივე ლამაზი გავხადოთ, როგორიც წიგნებსა და ფილმებშია აღწერილი.

2) ჩემი სიყვარულის ამბავი?— მართლაც ორიგინალურია… ჩემი შეყვარებული ჩვენს ერთადერთ ანუ პირველ და უკანასკნელ პაემანზე არ გამოცხადდა… მერე სახლში მომაკითხა და მომიბოდიშა, მანქანა გამიფუჭდაო. ცოლობა როგორ მთხოვა, გაინტერესებთ? მოვიდა ჩემთან, დაჯდა ღუმელთან და რიხიანად წარმოთქვა: მოდი, ნამდვილი ქართული ოჯახი შევქმნათო! მერე შევამჩნიე, რომ ნასვამი იყო- სითამამისთვის ცოტა ღვინო გადაუკრავს.

3)შეყვარებულებს ან მათ, ვინც ჯერ არ არის შეყვარებული, ვურჩევ, გაუფრთხილდნენ სიყვარულს. მე ამას ვახერხებ, აი, მაშინაც კი, ძალიან მაგრად რომ ვარ გაბრაზებული, ისე, რომ სურვილი მიჩნდება ხელითაც შევეხო, გულში ვფიქრობ: ღმერთო, რა ლამაზი თვალები აქვს და როგორ მიყვარს!…როგორც კი ამას გავიფიქრებ, ჩემი ბრაზი და წყენაც უცებ ქრება. ასეთი დამოკიდებულება გქონდეთ თქვენც საყვარელ ადამიანთან…

ბერი ზოსიმე

1) სიყვარული — მარადიული სიცოცხლეა სიცოცხლეში და სიცოცხლის მერეც… ჩემთვის სიყვარული ღმერთთან მარადიული საუბარი და ჯოჯოხეთიდან ჩემი ხსნაა…

2)პირველი სიყვარული ბავშვობაში, სკოლაში სწავლის დროს მეწვია და ეს სუფთა და გულწრფელი გრძნობა იყო.

3) ყველას ვურჩევ —ჯერ ღმერთი შეიყვარონ და მერე მიხვდებიან, ერთმანეთი ნამდვილად უყვართ თუ არა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0