თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა გერმანიასთან მოთელვის შემდეგ რაზმი გადაახალისა: 23 კაცში ხუთი მოთამაშეა, ვისაც სტარტზე არ უთამაშია, იტყობინება საქართველოს რაგბის კავშირი.
მათ მიერ გამოქვეყნებულ სიას უცვლელად გთავაზობთ:
სამი სიახლეა უკანა ხაზში: 15 ნომრად იწყებს ვეტერანი, საუკეთესო მექულე (667) მეკო კვირიკაშვილი; გარემარბად — თამაზ მჭედლიძე, შუამარბად კი — მერაბ შარიქაძე დაბრუნდა. სამივენი ბოლო წლებში ძირითადის უცვლელი წევრები იყვნენ.
მარჯვენა ბურჯად დაგვიბრუნდა დუდუ ქუბრიაშვილი, ვისაც მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა, შერკინების შემკვრელად კი მარქაფიდან დაწინაურდა ლაშა ლომიძე, ვინაც გერმანიას ორი ლელო დაუდო.
მეხუთე "ახალი" — მხტომელი ვახტანგ მაისურაძეა, რომელიც ამჯერად რეზერვშია. სანაკრებო შტაბმა იქვე გადასვა გერმანიასთან სამი დამწყებიც, ზოგადი შთაბეჭდილება კი ისაა, რომ ლობუშთან, როგორც უფრო ძლიერ მეტოქესთან, უკეთესი გუნდი გაგვყავს.
ამ მატჩში "მრგვალ" კეპს არავინ იხვეჭს, ისე კი გერმანიასთან დავით კაჭარავა დაეწია "მეკოს" (88) და გიორგი ჩხაიძეც (87) კვალში უდგას ლიდერებს.
„გვიხარია, რომ რამდენიმე მორაგბემ მოიშუშა ტრავმა და მონაწილეობას მიიღებს ამ მნიშვნელოვან მატჩში. ჩვენი უკანა ხაზი ძალიან კარგ ფორმაშია და მოუთმენლად ველით მსოფლიო თასის შემდეგ მათ თამაშს. ასევე სასიხარულოა, რომ დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე დაგვემატნენ – ისინი პორტუგალიასთან გუნდურ თამაშს მნიშვნელოვან წვლილს შემატებენ. პორტუგალია ტრადიციულად უხერხული და რთული მეტოქეა, განსაკუთრებით – ლისაბონში. აქედან გამომდინარე, გერმანიის თამაშზე დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, განსაკუთრებით – დაცვაში“ — განაცხადა მილთონ ჰეიგმა.