თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. გროდნელმა მესაზღვრეებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი დააკავეს, რომლებიც ცდილობდნენ გროდნის რაიონში საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ჭაობში მოხვდნენ, იტყობინება Sputnik- ბელორუსი ბელორუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტზე დაყრდნობით.
მიგრანტები — ორი ქართული ოჯახი თბილისიდან, აპირებდნენ უკანონოდ გადაეკვეთათ ბელორუს-ლიტვის საზღვარი 11 თებერვლის ღამეს. მათ თან ჰქონდათ პირადი ნივთები, პროდუქტები, 100 ევრო და მობილური ტელეფონები.
„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ძაღლის საშუალებით მოხერხდა საქართველოს მოქალაქეთა დაკავება ჭაობის ტერიტორიაზე“, — განაცხადეს სასაზღვრო სამსახურში.
იქვე დააზუსტეს, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება საზღვრის უკანონო დარღვევის ფაქტზე. ქალები და ბავშვები, რომელთაგან ყველაზე პატარა ერთი წლისაც არ არის დედათა და ბავშვთა ოთახში არიან გადაყვანილნი.
სასაზღვრო უწყება ასევე აცხადებს, რომ დაკავებულთათვის გამოძახებულია თერაპევტი, პედიატრი და ფსოქოლოგი. მესაზღვრეებმა ასევე მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაკავებულთათვის დახმარების აღმოსაჩენად.