თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელიც აფხაზეთს ენგურჰესიდან მიეწოდება, ორ კვირაზეა გათვლილი, განუცხადა ჟურნალისტებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის დაწევის გამო, მიმდინარე წლის 25 იანვრიდან აფხაზეთის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით ღებულობს.
„სინამდვილეში წყლის ნაკლებობა იყო. წელს არ იყო ისეთი შემოდინება, როგორც წლების განმავლობაში. შემიძლია გითხრათ, რომ არის დაახლოებით ორი კვირის მარაგი ელექტროენერგიისა, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ ვერ შევძლოთ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება. ეს ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს მათთვის. ვმუშაობთ ერთობლივად, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული“, — განაცხადა კალაძემ.
ენგურჰესი კავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია. აშენდა 1970-იან წლებში. დამბებს შორის ამ ტიპის თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში ყველაზე მაღალია. ამ დროისთვის საწარმოს დადგენილი სიმძლავრეა 1300 მეგაბიტი, რაც საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნილების ნახევარს ფარავს.
ენგურჰესის კაშხალი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზეა, მართვის პულტი — აფხაზურ მხარეზე.